საქართველოში იტალიის საელჩომ და თბილისის ბაროკოს მე-9 ფესტივალმა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთ ფესტივალს წარმოადგენს, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება, პირველად გაჟღერდება ბაროკოს ეპოქის გამორჩეული ვენეციელი კომპოზიტორის, ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოებები. ორ კონცერტს ფაგოტისთვის, რომლებიც 300 წლის წინ დაიწერა და ახლახან იქნა აღმოჩენილი, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან” და ალინა რატკოვსკასთან (კლავესინი) ერთად, სამი შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსი შეასრულებს: ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებული სერჯო აძოლინი; ნიჭიერი მუსიკოს-შემსრულებელი ფრანჩესკო გალიჯონი (ჩელო), რომელიც წარმატებით გამოდის მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების სცენაზე და ვირტუოზი დიეგო კანტალუპი (თეორბო), რომელსაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს სახელგანთქმულ იტალიურ თუ უცხოურ ორკესტრებთან.
კონცერტი, რომელზეც ბაროკოს ეპოქის სხვა მუსიკალური შედევრებიც – ფრანჩესკო ჯემინიანისა და ჯოვანი ბენედეტო პლატის ნაწარმოებები – შესრულდება, გაიმართება 20 სექტემბერს, 19:30სთ-ზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.