იტალიური საზოგადოება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის (SIOI-UNA Italy), იტალიაში აშშ-ს დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური დახმარებით, მართავს ღონისძიებას “ZeroHackathon” – იდეების პირველ მარათონს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გამოავლენს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებულ საუკეთესო იდეებს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიის შესანარჩუნებლად.
ღონისძიებაში, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისი 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 160 სტუდენტი, ახალგაზრდა პროფესიონალები და ექსპერტები, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ ორიგინალური, კონკრეტული და ინოვაციური გადაწყვეტის გამოსავლენად. სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ იმ გადაუდებელი პრობლემების დასაძლევად, რომელიც გამოკვეთა სურსათის მსოფლიო დღის წლევანდელმა თემამ “კლიმატი იცვლება. იცვლება საკვები და სოფლის მეურნეობაც”. დაჯილდოვდება ღონისძიებაში მონაწილეთა ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საუკეთესო იდეას წარადგენს.
ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ SIOI-სა და ROMUN-ის ოფიციალურ ვებგვერდებს.
