ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავის აღნიშვნა საქართველოში

2021 წელი დანტე ალიგიერის ეძღვნება: მთელ მსოფლიოში აღინიშნება „იტალიური ენის მამად” და იტალიური კულტურის სიმბოლოდ აღიარებული პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში ტარდება იტალიელი გენიოსის შემოქმედებასთან დაკავშირებული ასეულობით ღონისძიება, გამოფენა, საჯარო ლექცია თუ თეატრალური წარმოდგენა.

იტალიის საელჩო თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით, გთავაზობთ დიდი იტალიელი პოეტისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა მთელ სერიას: კონფერენციას იტალიელი და ქართველი მომხსენებლების, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან ერთობლივად გაიმართება; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დანტეს სკულპტურის საზეიმო გახსნით ღონისძიებას; გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან და საქართველოს ფოსტასთან მჭიდრო თანამშრომლობით იგეგმება დანტეს გამოსახულებიანი საფოსტო მარკის მომზადება და გამოშვება.

დანტეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავის აღმნიშვნელი უმთავრესი ღონისძიება კი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” სპექტაკლის „ბეატრიჩეს” მსოფლიო პრემიერაა. დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის” თემაზე დადგმული სპექტაკლის იდეა და კონცეფცია დავით მაზიაშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფიის ავტორი კი მარიამ ალექსიძეა. მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” პრემიებით დაჯილდოებულმა სახელგანთქმულმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას” მიერ შესრულდება. სპექტაკლი საქართველოში იტალიის საელჩოსა და საელჩოს კულტურული საქმიანობის მთავარი სპონსორის, ბანკი „VTB” ხელშეწყობით შეიქმნა. სპექტაკლის პრემიერა გაიმართება 2021 წლის 19 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში.

სპექტაკლის სადადგმო პროცესის ფარგლებში ხორციელდება შემეცნებითი პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპექტაკლში მონაწილეთა ვიდეოპორტრეტებსა და ცნობილი ქართველი მეცნიერ-ფილოლოგებისა და ფილოსოფოსების საჯარო ლექციებს.

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც.ქსელების მეშვეობით!