Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მესამე სემინარი სერიიდან "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება"

თარიღი:

07/02/2019


მესამე სემინარი სერიიდან

პარასკევს, 8 თებერვალს გაიმართება მესამე შეხვედრა ციკლიდან "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება", რომელიც ტარდება იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან და სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით. სემინარი გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში (მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, დასაწყისი: 09:30სთ, რეგისტრაცია: 9:00სთ). სამუშაო ენა ინგლისურია (ქართულ ენაზე თარგმანით).

ელჩის ანტონიო ბარტოლის თქმით, "ჩვენი შეხვედრის თემაა: როგორ შეიძლება ძველი, ანტიკური ქალაქი ტექნოლოგიური კუთხით ავანგარდული გახდეს? პირველ ღონისძიებაზე ვნახეთ, თუ როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები, ხელოვნების ნიმუში უკეთ გავიცნოთ. მეორე სემინარი 21-ე საუკუნის მუზეუმებს მიეძღვნა. ამ, მესამე შეხვედრაზე ყურადღება ქალაქებს დაეთმობა. ისეთ უძველეს ქალაქსაც კი, როგორიც პომპეია, შეუძლია "ჭკვიან" ქალაქად იქცეს იმ სისტემების წყალობით, რომლებიც გვეხმარება არა მხოლოდ არქეოლოგიური არტეფაქტების კონსერვაციის მონიტორინგში, არამედ, დამთვალიერებლთან ინტერაქციაშიც. იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს და ფლორენციის უნივერსიტეტის ექსპერტები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეუძლია მობილურ ტელეფონებს "იცნონ" კულტურული ძეგლები თუ ობიექტები და იქცნენ "გიდად და გზამკვლევად", მაგ. ფლორენციის ქუჩებსა თუ მუზეუმებში. მესტრეს მუზეუმის "M9" კურატორთან ერთად "ვეწვევით" ციფრულ მუზეუმს, რომელიც უაღრესად საინტერესოა არა მხოლოდ მულტიმედიური კუთხით, არამედ არქიტექტურული "რეკვალიფიკაციის" მაგალითსაც წარმოადგენს - ეს გახლავთ შეხვედრების და ცოდნის მიღების და, ამავდროულად, გართობისა და შოპინგის ადგილიც. არქიტექტურული ძეგლების განათების სისტემების მწარმოებელი კომპანია "Targetti"-ს წარმომადგენელი გვესაუბრება განათების როლზე, რომლის მეშვეობით შესაძლებელია უკეთ წარმოვაჩინოთ სილამაზე, ჩვენი ქალაქები უფრო დაცულად და მიმზიდველად ვაქციოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც ურბანული რეგენერაციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება - ურბანული რეგენერაცია თბილისისთვის და საქართველოს სხვა ძველი ქალაქებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, სილამაზე უფრო ფუნქციურად ვაქციოთ. დაცვა და განახლება ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. ტექნოლოგიებს კი, მოქალაქეებისა და ტურისტების ცხოვრების გამარტივება ძალუძს".


targetti

ღონისძიების მონაწილეების შესახებ:

იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს საინფორმაციო მეცნიერებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების ინსტიტუტს (CNR-ISTI) წარმოადგენს ჯუზეპე ამატო, ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და კვლევითი ჯგუფის „ხელოვნური ინტელექტი მულტიმედიური ინფორმაციის საძიებო სისტემებისთვის" ხელმძღვანელი. კვლევების ეროვნული საბჭო (CNR) იტალიის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი კვლევითი დაწესებულებაა, რომლის მიზანია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში კვლევათა წარმართვა, პოპულარიზაცია-გავრცელება და ამ ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სფეროებში. საბჭოში გაერთიანებულია 4000-ზე მეტი მკვლევარ-მეცნიერი და 1500 ტექნიკოსი. საინფორმაციომეცნიერებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიებისინსტიტუტი (CNR-ISTI) კვლევების ეროვნული საბჭოს უმსხვილესი ინსტიტუტია. შედგება 12 თემატური ლაბორატორიისგან, სადაც მუშაობას 150 მუდმივი და 100 დროებითი თანამშრომელი.


targetti 1


ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი ალბერტო დელ ბიმბო "მედიის ინტეგრაციისა და კომუნიკაციის ცენტრის" (MICC) და ცენტრის "ახალი მედია კულტურული მემკვიდრეობისათვის" (NEMECH) ხელმძღვანელია. MICC, რომელიც 2001 წელს იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს მიერ დაარსდა, დღეს ინტერდისციპლინარული ცენტრია, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვლევები კომპიუტერული ხედვის, "ჭკვიანი გარემოს" შესაქმნელად გამოყენებული მულტიმედიური ტექნოლოგიების, ინტერნეტ-აპლიკაციების, საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიებისა (ICT) და ციფრული მედიის სფეროში. ცენტრი შედგება ორი სამეცნიერო ლაბორატორიისგან ("კომპიტერული ხედვა და ხელოვნული ინტელექტი" და "უსაფრთხო მედია") და ჩართულია მრავალრიცხოვან ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტში.

ნეაპოლის ფედერიკო II-ს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მასიმო ოსანა გახლავთ პომპეის, ჰერკულანუმისა და სტაბიას არქეოლოგიური ძეგლების ზედამხედველი. პომპეის, როგორც არქეოლოგიური ძეგლის ისტორია იწყება მისი აღმოჩენიდან (მეთვრამეტე საუკუნიდან). უმთავრესი პრიორიტეტი ამ უძველესი ქალაქის დაცვაა, რაც შესაძლებელი გახდა პროექტის "Great Pompeii Project (2013-2019)" მეშვეობით. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ევროპული ფონდიდან 105 მილიონი ევროს ინვესტირება პომპეის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაციისთვის და დამთვალიერებლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.


pompei

ლივიო კარერი 2014 წლიდან ვენეციის ფონდში მუზეუმი "M9"-ს პროექტზე მუშაობს, სადაც ჯერ გახლდათ საკონსულტაციო კომიტეტის წევრი პროექტის შექმნისა და მუდმივი კოლექციების მოწყობის ეტაპებზე, ამჟამად კი მუზეუმის კურატორია. მულტიმედიური მუზეუმის შექმნა მიზნად ისახავს კულტურის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებასა და ურბანულ რეგენერაციას: მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება წარსულის შესწავლისთვის, აწმყოს გაგებისა და მომავლის უკეთ წარმოდგენისთვის. ვენეციის ფონდმა პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო ქ. მესტრეს ურბანული რეგენერაციის გეგმით. მულტიმედიური მუზეუმი გახლავთ იტალიაში ინტერაქტიული მუზეუმის ფორმით ახალი კულტურული ინსტიტუციის შექმნის პირველი შემთხვევა, რომლის მიზანია 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების მეშვეობით ყველაზე ახალგაზრდა დამთვალიერებლის მოზიდვა და ცოდნის გაზიარება.


m9

იან ბიგაცი 2005 წლიდან მუშაობს 1928 წელს დაარსებულ კომპანია "Targetti"-ში, რომელიც ლიდერია გარე და შიდა არქიტექტურული განათების დაპროექტება-წარმოების სფეროში. წარმოება ეფუძნება ინოვაციურ და კვლევით მეთოდებს, სადაც დიდი ყურადღება დეტალებს ეთმობა. კომპანიამ განახორციელა ისეთი პრესტიჟული პროექტები, როგორიცაა პალაცო ვეკიოს (ფლორენცია), ვენის საოპერო თეატრის, პიზის კოშკის და ლუი ვიტონის ფონდის (პარიზი) განათება.

იტალიელ მომხსენებლებთან ერთად, სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარი "როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს" რიგით მესამე ღონისძიებაა იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება" და მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი გაიმართა ციფრული სთორითელინგის თემაზე, მეორე სემინარი კი 21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტებასა და მართვას მიეძღვნა.

პროგრამა

პრეზენტაციების ვიდეო:

CNR-ISTI
Targetti
MICC-ფლორენციის უნივერსიტეტი
მუზეუმი M9

სემინარების ციკლის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1128