ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

თბილისში იტალიის საელჩოს საქმიანობა

იტალიელი დიპლომატების საქართველოში მოღვაწეობის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იწყება, როდესაც იტალიის სამეფომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა და თბილისში პირველი დესპანი, ვიტორიო ჩერუტი მოავლინა. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასრულებამდე თბილისში იტალიის სამეფოს საკონსულო მოქმედებდა.

იტალია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1992 წლის 11 მაისს განახლდა, 2000 წელს კი თბილისში იტალიის საელჩო გაიხსნა, რომელსაც სხვადასხვა წლებში 6 ელჩი ხელმძღვანელობდა. დღეს, საელჩოს გახსნიდან ოცი წლის შემდეგ, ამ ვებგვერდის მკითხველებს მოკლედ წარვუდგენთ ჩვენი საელჩოს საქმიანობის შედეგს, რომელსაც ჩვენ ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გასამტკიცებლად ვეწევით.

იტალიასა და საქართველოს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და ყველა, პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო მიმართულებით ფართოვდება. ეს ურთიერთობა მჭიდროა ინსტიტუციურ დონეზეც, რაც აისახება ორმხრივ ოფიციალურ ვიზიტებსა და მაღალი დონის შეხვედრებში და ამის დასტურია 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც წინ უძღოდა 1997, 2005 და 2017 წლებში საქართველოს პრეზიდენტების ვიზიტები იტალიაში.

იტალიასა და საქართველოს მყარი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ, როგორც ინსტიტუციურ, ასევე, სამეწარმეო დონეზე. უკანასკნელ წლებში განხორციელდა სამთავრობო დელეგაციების მრავალი ვიზიტი და მეწარმეთა მისიები. ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, თბილისსა და რომში რამდენიმე ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ორმხრივი კავშირების გაფართოებისა და საქართველოში იტალიური ნაწარმის ხელშეწყობისთვის, თბილისში გახსნილია და საელჩოსთან ერთად მუშაობს იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE-ს წარმომადგენლობა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური ურთიერთგაცვლის ხელშეწყობისკენ ამ შესანიშნავი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე კავკასიურ ქვეყანასთან, სადაც მრავალი შესაძლებლობა არსებობს ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა ინფრაქტრუქტურა, ენერგია, საქონლის ტრანზიტი თუ სხვა ინიციატივა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.

რაც შეეხება ხელოვნებასა და კულტურას, იტალიის საელჩომ საქართველოში ბევრი უნივერსალური ხელოვნების შედევრი ჩამოიტანა პრესტიჟული იტალიური მუზეუმებიდან. უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში გამართულ გამოფენებს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად – მათ მნახველთა რეკორდული რაოდენობა, 250.000-მდე დამთვალიერებელი მიიზიდა. მნიშვნელოვანია საელჩოს წვლილი ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გამყარებაში: ჩვენი ხელშეწყობით იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები მუსიკის, თეატრის, კინოსა თუ ფოტოგრაფიის დარგში.

უკვე ბევრი წელია, იტალიის საელჩო ხელს უწყობს იტალიელი ავტორების მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნას ქართულ ენაზე, ეკოდან ბუცატიმდე, კალვინოდან ტაბუკიმდე. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, მომზადდა და დაიბეჭდა ორი ქართულ-იტალიური ლექსიკონი. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილია იტალიური ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ საჩუქრად გადაცემული წიგნების ბაზაზე შეიქმნა.

რაც შეეხება განათლებას: სხვადასხვა იტალიური და ქართული ინსტიტუციების თანამშრომლობისა და საელჩოს დახმარებით, იტალიური ენა, როგორც მეორე და მესამე უცხო ენა, ისწავლება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 36 საჯარო თუ კერძო სკოლაში, სადაც იტალიურს 5000-მდე მოსწავლე ეუფლება. საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ სრულად დაფინანასდა სპეციალურად ქართული სკოლებისთვის შექმნილი იტალიური ენის სახელმძღვანელოს მომზადება და დაბეჭდვა.

დღეს იტალიური არა მხოლოდ ქართულ სკოლებში, არამედ საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელშიც ისწავლება. სხვადასხვა მემორანდუმების მეშვეობით მოქმედებს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები. გარდა ამისა, 2002 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლა იტალიური ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით.

სულ უფრო მჭიდროა თანამშრომლობა სამეცნიერო და ინოვაციური ტექნოლოგიების დარგშიც, რასაც მოწმობს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო სამინისტროს მიერ იტალიური არქეოლოგიური მისიების საქმიანობა საქართველოში, თანამშრომლობა იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის, საელჩოს მიერ ჩაფიქრებული და ჩატარებული სხვადასხვა სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები.