ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

Evidence. A New State of Art

1948 – 2018. თვრამეტი იტალიელი ხელოვანი

ავტ. ალესანდრო დემა

დრო, ისტორია, მეხსიერება, წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები ხელოვნებაში გზის ძიება-გაკვალვისთვის, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებისა და ასპექტების დასახვისთვის ყოველთვის მთავარ ქრონოგრაფიულ სივრცეს წარმოადგენდა. ცხოვრების, აზროვნებისა და ხედვების დრო დღევანდელი იტალიური ხელოვნების მრავალმნიშვნელოვანი და კრებითი სურათის – გამოფენის „1948 – 2018. თვრამეტი იტალიელი ხელოვანი” ქარგას ქმნის.

ეს „ქრონოლოგიური თხრობა”, ჟან-ლიუკ ნანსის თქმით, „ქაოსმოსია: მუდმივი დაბადება, შფოთვა, ღელვა, ტკივილი, სიხარული, გაუცნობიერებლობა, სურვილი, სიამოვნება, რომლებიც დიალექტიკის ცენტრშია თავმოყრილი”. გამოფენის „1948 – 2018. თვრამეტი იტალიელი ხელოვანი” ჭეშმარიტი არსი სწორედ აქაა, იმის შემეცნებაში, რომ ხელოვანები, ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე, ძიების, ანალიზის, უსასრულობაში სასრულის საზღვრების რღვევასა და შეცნობისაკენ სწრაფვის მეშვეობით, იკვლევენ ნამუშევრის სივრცეს იმ მონათხრობის არსისა და იერის, ხან ნამდვილი და ხანაც წარმოსახვითი სიბრტყეების ასაგებად, რომელიც „დროის ფორმებს” ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს.

marisa albanese corpus comune2

მარიზა ალბანეზე
Corpus Comune, 2017
რკინა, ფისი, ქაღალდი
800 x 60 x 25სმ
მოწოდებულია ნეაპოლის გალერეა Studio Trisorio-ს მიერ
© ფოტ. ფ. სკუელია

ნინო მილიორი, მიქელანჯელო პისტოლეტო, ჯულიო პაოლინი, მიმო პალადინო, ლუიჯი მაინოლფი, მარიზა ალბანეზე, ეუჯენიო ჯილიბერტი, პიერლუიჯი პუზოლე, ბოტო&ბრუნო, ალბერტო დი ფაბიო, ადრიან ტრანკვილი, პაოლო გრასინო, მარცია მილიორა, პერინო&ველე, ჯუზეპე სტამპონე, დომენიკო ანტონიო მანჩინი, ელიზა სტრინა, ფაბრიციო კოტონინი – თანამედროვე იტალიურ ხელოვნებაში დროის, ადგილისა და იდენტობის შესწავლის ფენომენოლოგიური მიდგომის ძირითადი ფიგურებია. ამ თვრამეტი სხვადასხვა რეალობის ანალიზი ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ხელოვნების საგულდაგულო ჟამთაღწერას და, რაც მთავარია, მსჯელობას ხელოვნების ნიმუშის თეორიულ თუ ფიზიკურ სტრუქტურებსა და მის გამომსახველობით ენაზე. ეს გამოფენა ასახავს რაციონალობიდან ლირიზმამდე, მასალიდან პერფორმანსამდე, თხევადობიდან სიმკვრივემდე გადასვლის მრავალრიცხოვან ცდებს და თანამედროვე საზოგადოებისა და კულტურების, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა გამომსახველი ენის ტერმინოლოგიას.

1 michelangelo pistoletto two less one
მიქელანჯელო პისტოლეტო

Two Less One, 2009
მოოქროვილი ხე და სარკე
120 x 180 სმ (2 კომპონენტი)
მოწოდებულია გალერეა Continua-ს მიერ
© ფოტ. ელა ბიალკოვსკა

გამოფენაზე თავმოყრილია სხვადასხვა ფორმები, რომლებიც გვთავაზობს განსხვავებულ სამყაროებსა და ხედვებს, წარმოგვიდგენს იმ ხელოვანთა მთელ თანავარსკვლავედს, რომლებიც გარკვეულ პერიოდში (გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე) გვიამბობენ საკუთარ ჩანაფიქრზე, ნააზრევსა და უჩვეულო ექსპერიმენტებზე. ამ გამოფენის ეფექტიც სწორედ ამაშია – სხვადასხვა თაობების მეშვეობით თანამედროვე იტალიური ხელოვნების მოკლედ, მაგრამ შთამბეჭდავად თხრობასა და გადმოცემაში – ისტორიის, სადაც იკვეთება უამრავი სხვადასხვა გამომსახველობითი ენა, ტექნიკა, ხელწერა და სიმბოლო. ამ მონათხრობში ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია – მოდელების ის მრავალშრიანი ნაკრებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების ჭრელ და მრავალსახოვან სამყაროს ქმნის.

გამოფენილი თვრამეტი ნამუშევარი, პანოვსკის თქმით, „სიმბოლურ ფასეულობათა აღმოჩენისა და ინტერპრეტაციის ერთიან სივრცეს” შემოსაზღვრავს – ადგილს, სადაც იტალიური „კულტურული ნიშნების ისტორიასთან” შეხვედრა გველის. კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური პროცესებისა და პროგრესის კვლევის სამოცდაათწლიანი გამოცდილება, რომელმაც სხვადასხვა თაობის ხელოვანებს საკუთარ აწმყოზე დაფიქრებისკენ უბიძგა, თავს უყრის ნააზრევს წარსულ, აწმყო და მომავალ მოვლენებზე, წინა საუკუნის უკანასკნელი ათწლეულებიდან ამ ახალ ათასწლეულამდე პერიოდის ხელოვნების მდგომარებათა ფორმირება-ინტერპრეტაციისთვის.

giuseppe stampone tierra
ჯუზეპე სტამპონე
Tierra, 2017
კალამი Bic, ქაღალდი
33×39 სმ (15 სექცია)
მოწოდებულია გალერეა The Pool NYC-ის მიერ