ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ახალი შესაძლებლობები უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისათვის

Konferenza a Kutaisi-logo

საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) ერთობლივი ორგანიზებითა და იტალიის 13 საუკეთესო უნივერსიტეტის მონაწილეობით, 2025 წლის 3-4 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი კონფერენცია სახელწოდებით „იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია”.

ღონისძიება მიზნად ისახავს იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მიზნებსა და სტრატეგიებზე მსჯელობას, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის გაძლიერებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის პროგრამების განვითარებას.

კონფერენციას პროფესორ-მასწავლებლები, განათლების დარგის ექსპერტები, სხვადასხვა ინსტიტუციისა და იტალიური და ქართული აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს ელით უამრავი მოხსენება, პრეზენტაცია და დისკუსია. იტალიის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დამსწრეებს აკადემიური სამყაროს მომავლის საკუთარ ხედვას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ეფექტურ სტრატეგიებსა და საერთაშორისო მობილობის გაზრდისაკენ მიმართულ ინიციატივებსა და პროექტებს გააცნობენ.

გაიმართება ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების (მედიცინასა და დიზაინის) პრეზენტაცია (ამ პროგრამების წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ). გარდა ამისა, დაგეგმილია სამი მემორანდუმის (პერუჯის უნივერსიტეტსა და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას“ შორის, პერუჯის უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის, ასევე, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის) ხელმოწერა.