უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს.
ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალი წელს უკვე მეათედ ჩატარდება და გაიხსნება კონცერტით, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება და ვენეციულ ბაროკოს მიეძღვნება. 1 ნოემბერს (დასაწყისი: 19:30სთ), შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარსდგება ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი შესანიშნავი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო და „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად შეასრულებს ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორების, ალბინონის, ვივალდის, პლატის, მარჩელოს, ტარტინისა და გალუპის მუსიკალურ შედევრებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
21 ნოემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კონცერტი „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“, რომელზეც შესანიშნავი იტალიელი საოპერო მომღერლები, ქრისტინა ფანელი (სოპრანო) და ბენედეტა მაცუკატო (კონტრალტო), სხვა მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად ბახისა და ზელენკას დიდებულ მუსიკას შეასრულებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
ეს კონცერტები ბაროკოს მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია, არ გამოგრჩეთ!