„სპორტი მხოლოდ შეჯიბრი არ არის, ის თანამშრომლობის გაძლიერების, დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა,“ – საქართველოში იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს ამ სიტყვებით დასრულდა იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ამ ინიციატივამ, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა, ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
იტალიის საელჩომ, Sports Orient-სთან თანამშრომლობით, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებულმა სტუმარმა, ლუკა ტონიმ (2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა და პირველმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა).
იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა დაიწყო ღონისძიებით, რომელიც სპორტში ჩართულ ახალგაზრდებს მიეძღვნა: ლუკა ტონი ინტერის აკადემიას ეწვია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატება უსურვა.
იტალიის რეზიდენციაში გაიმართა წვეულება, სადაც იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ იტალიელ სტუმარს, გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს, სპორტის დარგის პროფესიონალებსა და სპორტული ინდუსტრიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დღის ბოლოს მთავარი ღონისძიება ჩატარდა – სპორტის შედარებით ახალი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სახეობის, პადელის ტურნირი, რომელშიც, ლუკა ტონისთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს „აიაქსის“, გლაზგოს „რეინჯერსისა“ და „ალკმარის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, პალერმოსა და ემპოლის საფეხბურთო გუნდების ყოფილმა მოთამაშემ ლევან მჭედლიძემ და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველად აღიარებულმა ჯანო ანანიძემ.
დაძაბული და ემოციური ტურნირის დასასრულს, იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ გამარჯვებულები დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ „დღეს აქ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანები სპორტის სიყვარულმა, სპორტულმა ჟინმა და ენთუზიაზმმა შეგვკრიბა, რათა ერთად გვეზეიმა იტალიური სპორტის დღე – ღონისძიება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობის წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობაა“.