სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ 1982 წელს დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადების” ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკის მონაწილეობით ბორჯომსა და ბათუმში ჩატარებული ორი კონცერტის შემდეგ, მესამე მუსიკალურ ღონისძიებას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა და მასში მონაწილეობა იტალიელმა კომპოზიტორმა, პიანისტმა და სახელგანთქმულმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ მიიღო. მაესტრო ვენეცი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად შარშან წარსდგა და თავისი განუმეორებელი ნიჭის წყალობით, თავი დაამახსოვრა.
ფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და მუსიკის მოყვარულებს შესანიშნავ ღონისძიებებს სთავაზობს, ბეატრიჩე ვენეციმ საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა, კონცერტის სოლისტი კი ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე გახლდათ. კონცერტზე ჯაკომო პუჩინის, ამილკარე პონკიელისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები შესრულდა.
„იტალია მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ საკუთარი ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის წყალობით. ეს კულტურის სფეროს იმ თვალსაჩინო წარმომადგენლების დამსახურებაცაა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში მაესტრო ვენეცის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე, – „მუსიკას და კულტურას საზღვრები არ გააჩნია, და ვფიქრობ, რომ ბეატრიჩე ვენეცი, რომელიც იტალიური კულტურის ჭეშმარიტი ელჩია, ამის თვალნათლივი დასტურია“.