წარმოდგენა ეტრუსკ ქალებზე დიდი ხნის განმავლობაში დაკავშირებული იყო მათ მიმართ ანტიკური ხანის მწერლების უარყოფით დამოკიდებულებასთან. სინამდვილეში, ანტიკური ხანის სხვა საზოგადოებებთან შედარებით, ეტრუსკი ქალები უფრო განვითარებულნი იყვნენ, საზოგადოებაში პრესტიჟული პოზიცია ეჭირათ და, როგორც ამას ეპიგრაფიკული წყაროები მოწმობს, საკუთარი სახელი ჰქონდათ ძველი რომაული სამყაროსგან განსხვავებით, სადაც ქალი ოჯახის გვარით მოიხსენიებოდა. მეტიც, ბევრ წარწერაში მოცემულია მამისა და დედის სახელიც (მატრონიმი), რაც შემთხვევითი არ არის და დედ-მამას შორის უფლებრივ თანასწორობაზე მეტყველებს. ქალებს შეეძლოთ მამაკაცებთან ერთად დასწრებოდნენ წარმოდგენებსა და სპორტულ თამაშობებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში. არტეფაქტების მეშვეობით წარმოდგენა გვექმნება ეტრუსკ ქალზე, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევდა ლამაზად ჩაცმას და მდიდრულ სამკაულს, დიდ დროს უთმობდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, იყენებდა ძვირფას, გრავირებულ სარკეებსა და ბუკეროსგან და მოხატული თიხისგან დამზადებულ ჭურჭელს მალამოებისა და ნელსაცხებლების შესანახად.
მშვენიერი ქალის სამარხი
მშვენიერი ქალის სამარხი სუნამოს, ნელსაცხებლებისა და კოსმეტიკის მეშვეობით სხეულის მოვლა დახვეწილი ქალისა და იმ სოციალური ფენის სიმბოლო იყო, რომელსაც თანა პლეკუნია განეკუთვნებოდა. ურნა ორფერდა სარქვლით სახურავიან სახლს ჰგავდა, ქალის თავი კი ბუნების ქალღმერთს გამოსახავდა. მიცვალებულის ნივთებში შედიოდა ხის ზარდახშა, რომელიც ძვლის ფირფიტებით იყო მოპირკეთებული. მას სირინოზის ფორმის დეტალები და ბრინჯაოს საკეტი ამკობდა. ეს ნივთი ქალის სილამაზესთან იყო გაიგივებული. მას პატარძლებს ჩუქნიდნენ, რითაც სიყვარულით აღსავსე ცხოვრებას უსურვებდნენ. ნაადრევად, დაქორწინებამდე გარდაცვლილი ქალი ამ ნივთს იმქვეყნიურ ცხოვრებაში გამოიყენებდა. ზარდახშაში მაღალი წრის წარმომადგენელი ქალის სხეულის მოვლისთვის საჭირო ისეთი ატრიბუტები იდო, როგორიცაა პინცეტი, ორი ბეჭედი და ალებასტრისგან დამზადებული ძვირფასი სანელსაცხებლე (ალაბასტრონი), რომელშიც, სავარაუდოდ, მცენარეული ზეთის, ფიჭის ფისის, მასტიკის ხის ფისის, მცენარეული ცვილისა და ცხოველური ცხიმების გამოყენებით დამზადებული მკვრივი სურნელოვანი ნივთიერება ინახებოდა სხეულისა და თმისთვის. ანტიკური წყაროების თანახმად, ეტრუსკები იცნობდნენ კოსმეტიკურ და სამკურნალო საშუალებებს.