ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

რუზინას გვარის სამარხი

კიუზის მახლობლად, ლე ტასინაიეში აღმოჩენილი სამარხი გვაწვდის გარკვეულ ცნობებს ოჯახური კავშირებისა და სოციალურ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ.

სამარხი შედგებოდა გრძელი დერეფნისგან, რომლის ერთ მხარეს ნიშების რიგი იყო განლაგებული, მოპირდაპირე მხარეს კი – ორი სათავსო, ნიში და მომცრო ზომის ოთახი დერეფნის სიღრმეში. ცხედრის ფერფლის შესანახი ურნები ნიშებში იყო მოთავსებული.

ყველაზე ძველი ურნა ტრავერტინისაა, ყველა დანარჩენი კი – ტერაკოტის. ყუთებზე დატანილი წარწერებიდან ირკვევა, რომ ყველა გარდაცვლილი ერთ საგვარეულოს – რუზინას – მიეკუთვნებოდა. ეს საგვარეულო სამარხი ძვ.წ. III საუკუნის დასასრულიდან II საუკუნის შუახანებამდე გამოიყენებოდა. კიუზის მახლობლად სოფლის ტიპის დასახლებებში ფართოდ გავრცელებული სამარხის ეს ტიპი, დერეფნითა (dromos) და ნიშებით, მიუთითებს ოჯახური ჯგუფების არსებობაზე, რომლებიც საშუალო ფენას განეკუთვნებოდნენ და სოფლის მეურნეობას ეწეოდნენ. ტრავერტინის ურნა, რომელიც უძველესია სამარხში აღმოჩენილ ურნებს შორის, გვარის წინაპარს ეკუთვნოდა. ქვის ყუთზე მკაფიოდ ჩანს ამოკვეთილი და წითლად შეღებილი წარწერა. ამ სამარხის სხვა ურნები ტერაკოტისაა და კიუზისთვისაა დამახასიათებელი. ეტრუსკები მათ დიდი რაოდენობით, ყალიბის მეშვეობით ამზადებდნენ და საღებავსაც უხვად იყენებდნენ.

ურნის სარქველზე საღებავი გამოიყენებოდა ბალიშებიან საწოლზე წამოწოლილი მიცვალებულის კანის ფერის, ტანისამოსისა და მორთულობის გადმოცემისთვის, საკუთრივ ურნის ყუთზე კი – დეტალების გამოსახვისთვის. ყუთების გამოსახულებათა თემატიკა ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.