ძვ.წ. III-II საუკუნეებში დამზადებულ ფერფლის შესანახ ურნებზე არსებულ გამოსახულებებში ცხადად ჩანს ბერძნული მითის გარდასახვა ეტრუსკული კონტექსტის შესაბამის სიუჟეტად. ამასთანავე, ჩნდება მთელი რიგი სცენებისა, რომლებიც ადგილობრივ მითებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველა თემაში გვხვდება დემონების ფიგურები, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის კავშირს გამოხატავენ. ფერფლის შესანახ ოლებსა (ჭურჭელი) თუ საფლავთა ნიშების სახურავ ფილებზე დატანილი წარწერები კიუზიში დამწერლობის ფართოდ გავრცელებას ადასტურებს.
ამავე პერიოდში პოპულარული ხდება ბრძოლის სცენებიც. ძვ. წ. III საუკუნის დასასრულის ალებასტრისა და ტერაკოტის ურნებზე გამოსახულია შეიარაღებული მამაკაცის ფეხზე მდგომი ფიგურა, რომელიც მტრისთვის დარტყმის მისაყენებლად ემზადება; მისი მოწინააღმდეგე გალი მეომარი ხმლით ცხენს მუცელს უფატრავს, ხოლო დაცემული მეომარი ფარით იცავს თავს მტრისგან. ამ სცენებში რთულია კონკრეტული ისტორიული მოვლენების ამოცნობა, თუმცა წარმოდგენილი სიუჟეტები შესაძლოა კიუზიში სამხედრო ტიპის ინსტიტუციების არსებობაზე მიუთითებდეს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ეტრურიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მითი იყო „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ. V საუკუნეში, ჩერვეტერის მნიშვნელოვანი პორტის, პირგოსის დიდი (A) ტაძრის ფრონტონს ამშვენებდა. ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებულ ურნებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამ თქმულების ერთ-ერთი ეპიზოდი – ეტეოკლეს და პოლინიკეს ორთაბრძოლა. ურნაზე გამოსახულია ფეხზე მდგომი ეტეოკლე, რომელიც პოლინიკეს ხმალს ურჭობს ყელში. ის კი, თავის მხრივ, ძმის განგმირვას მუცელში ხმლის ჩარტყმით ცდილობს. სცენის ორივე მხარეს დემონებია გამოსახული. ძმათამკვლელი სურათი ძმობის ერთობის დარღვევის უარყოფით მხარეს უსვამს ხაზს და ეტრუსკულ ქალაქებს შორის დაპირისპირებაზე მიანიშნებს, რომლებმაც რომაელების წინააღმდეგ გაერთიანება ვერ შეძლეს. სხვა ინტერპრეტაციით, შესაძლოა ძმებს შორის მემკვიდრეობის თაობაზე წარმოშობილი დავა, როგორც რეალური ცხოვრებისეული სიუჟეტი, განაპირობებდეს მის პოპულარობას.
თანაბრად გავრცელებულია ადგილობრივი მითი – გუთნით ხელში მებრძოლი გმირი გლეხი, რომელიც თიხის ურნების დამკვეთების – მცირე მემამულეების მიწასთან კავშირის განსახიერებაა. სავარაუდოდ, სცენა უკავშირდება სოციალურ აჯანყებებს, რომლებიც რომაელების მიერ სოფლის მეურნეობაში შემოღებულ რესურსების გამოყენების ახალ წესებსა და მონათმფლობელურ წყობილებაზე გადასვლას მოჰყვა.