ანბანური დამწერლობა ეტრურიაში ძვ.წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც ეტრუსკებმა გადმოიღეს პითეკუზის დამაარსებელი ზღვაოსნების ბერძნულ-ევბეური ანბანის ასო-ნიშნები. ეტრურიაში დამწერლობის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო ვაჭრობის გამარტივებისკენ მიმართული კომერციული მოთხოვნილებები, რომლებსაც ახალი წეს-ჩვეულებების მიმართ მუდამ კეთილგანწყობილი მმართველი არისტოკრატია უწყობდა ხელს. ეტრუსკები წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ.
ჩვენამდე მოაღწია ძვ.წ. VIII-II საუკუნეებით დათარიღებულმა 12 000-მდე წარწერამ, რომელთა წაკითხვა შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვის მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
ძვ. წ. VI საუკუნიდან დამწერლობას იყენებდნენ არა მხოლოდ არისტოკრატები, არამედ საშუალო ფენისა და, ზოგადად, სოციალური სტრუქტურების წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში წარწერების რაოდენობა გაიზარდა და გაჩნდა სხვადასხვა ტიპის საგნებზე.
ძვ.წ. VI საუკუნის ტიპურ ნაწარმზე კიუზიდან, ციპუსზე (საფლავის ქვა) გამოსახულ მთავარ ფიგურას – მწერალს, ხელში უჭირავს დაფა, რომელსაც ეტრუსკები საწერად იყენებდნენ.
კიუზიში, განსაკუთრებით ძვ.წ. III-II საუკუნეების მიჯნაზე, წარწერების რაოდენობის მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ დამწერლობა ამ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული. მიცვალებულის სახელი იწერებოდა ცხედრის ფერფლის შესანახ თიხის ურნაზე, რომელიც წარმოადგენდა მცენარეული ორნამენტით შემკულ ზარისებურ ოლას.
გამოფენაზე წარმოდგენილ ოლათაგან ერთ-ერთი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელ ქალს ეკუთვნოდა, რაზეც მიუთითებს სიტყვა „lautna“ . ურნაზე დატანილი ლათინური წარწერა ჰადესის კარიბჭის გამოსახულებასთან ერთად, რომელიც მოქცეულია ორ ეტრუსკულ კვიპაროსს შორის, მიუთითებს კიუზის საზოგადოების ზოგიერთი წევრის ახალი, „რომაული“ იდენტობის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანზე.