ძვ.წ. VII საუკუნის პირველი ნახევრიდან ეტრურიის მმართველ ელიტაში ბერძნული და ახლო აღმოსავლეთის კულტურული ელემენტების გავლენით ვრცელდება ცხოვრების არაერთი ახალი წესი, რომელთა შორის ერთ-ერთია ბანკეტი – ეტრუსკებისთვის ღვინის სმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სოციალური რიტუალი.
როგორც ამას სამარხების მოხატულობა მოწმობს, ძვ. წ. VI საუკუნიდან ნადიმში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. გამოსახულებებზე მათ ვხედავთ ძვირფას ტახტებზე წამოწოლილებს და ფერად ზეწრებში გახვეულებს, ჭამისა და ღვინის სმის პროცესში. ცხედრის ფერფლის შესანახი ურნების სარქვლებზე წარმოდგენილ მდიდრულად ჩაცმულ, გვირგვინებითა და ძვირფასეულობით შემკულ ფიგურებს ხელში უჭირავთ სადღესასწაულო ცერემონიასთან დაკავშირებული ნივთები.
ნადიმის დროს ერთ-ერთი სასაუბრო თემა მითოლოგიური სიუჟეტები იყო, რომლებიც მოხატულ ვაზებზეც იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ბანკეტი იყო იდეალური ადგილი, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ ცოდნასა და ტრადიციებს.
ბანკეტის დროს სადღესასწაულო განწყობის შეტანა მოცეკვავეებს, ჟონგლიორებსა და მუსიკოსებს ევალებოდათ. მუსიკოსები, როგორც წესი, იყვნენ მამაკაცები, რომლებსაც ცენტრალური ადგილი უჭირავთ მხატვრულ სიუჟეტში. ამით ხაზგასმულია მათი მნიშვნელოვანი როლი. მუსიკალური ინსტრუმენტები ამ პერიოდში საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებულ საფლავის ქვაზე გამოსახულია საყვირი, რომლის გამოგონება ეტრუსკებს მიეწერება, ციტრა და ავლოსი. მასალა, რომლისგანაც საფლავის ქვაა დამზადებული, ერთ-ერთია კიუზის რეგიონისთვის დამახასიათებელ მასალებს შორის. ესაა ადვილად დასამუშავებელი კირქვის სახეობა, რომელსაც თავისებური, უსიამოვნო სუნის გამო „მყრალ ქვას“ უწოდებენ. სამარხის ქვები შემკული იყო მრავალრიცხოვანი ფიგურების ბარელიეფური გამოსახულებებით.
ბანკეტი არისტოკრატიული ფენისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლური გამოხატულება, ხოლო იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასვლის მთავარი რიტუალი იყო. სწორედ ამიტომ არის ის სამარხების დეკორში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული თემა. ეტრუსკებს სწამდათ, რომ მიცვალებული ცხოვრებას საიქიოშიც აგრძელებდა და სამარხი მის ახალ „სახლს“ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, სამარხებში მოწყობილი დასაკრძალავი კამერები ზუსტად იმეორებს საცხოვრებელი სახლის ინტერიერს.