ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

არგონავტების მითი ეტრუსკულ სამყაროში

არგონავტების მოგზაურობას და მითის წარმოშობას საფუძვლად დაედო შორეული საზღვაო ნაოსნობისა და შორეული მიწებისადმი ინტერესი. კოლხეთის წყალუხვი და ნაყოფიერი მიწები, სადაც ლითონი, უპირველესად კი ოქრო, დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, ოდითგანვე იზიდავდა დასავლეთით მცხოვრებ ხალხებს. კოლხეთში მათ ხვდებოდათ განვითარებული საზოგადოება, რომელსაც საკუთარი რესურსების მართვისა და მომგებიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების უნარი შესწევდათ.

ეტრუსკულ სამყაროში ზეპირსიტყვიერების მეშვეობით გავრცელებული არგონავტების მითის ერთ-ერთი ადრეული დასტური მცირე ზომის ეტრუსკულ ამფორაზე გვხვდება, რომელიც ჩერვეტერიში მოღვაწე ე. წ. ჰეპტაქორდის მხატვარს მიეწერება. ძვ.წ. VII საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ვაზაზე გამოსახულია ფიგურები, რომლებიც აკრობატული ილეთებით ასრულებენ ცეკვას და იქვე მდგომი მუსიკოსი, რომელიც ჰეპტაქორდზე – შვიდსიმიან ლირაზე უკრავს. სავარაუდოდ, საქმე ეხება არგონავტებსა და ასევე არგონავტების ლაშქრობის მონაწილე ორფევსს. ამ ნაკეთობის დამკვეთი ელიტის წარმოსახვაში მნიშვნელოვანი იყო გმირებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა და მოხერხებულობა, რომლის წყალობით ისინი ხიფათით სავსე შორეულ მოგზაურობას უმკლავდებიან.

ეტრურიის დიდი ქალაქების სახელოსნოებში არგონავტების შესახებ თქმულების ყველა ეპიზოდი ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში, ატიკური ნაწარმის შემოსვლის შედეგად გავრცელდა. კიუზის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ, ბონჩას სამაროვნის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ადგილობრივი ოსტატის მიერ ძვ.წ. V საუკუნის ბოლოს დამზადებული არგონავტების კრატერი. ეს ერთადერთი ნივთია, რომელიც მდიდარ არისტოკრატ დამკვეთს სურდა იმქვეყნად თან ჰქონოდა, ცხედრის ფერფლი კი მამაკაცის ფორმის ურნა-ქანდაკებაში ინახებოდა.

კიდევ ერთ ეტრუსკულ ცენტრშია დამზადებული ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებული სარკე, რომელზეც გამოსახულია იასონი (Eiasun), რომელიც მუხლებზე ეხვევა დიონისეს (Fufluns). წარწერებით განმარტებული ეს სცენა ცხადად გვიჩვენებს, თუ რამდენად პოპულარული იყო არგონავტების მითი ეტრურიაში. ამ პოპულარულობის კიდევ ერთი დასტურია ურნის ფრაგმენტზე წარმოდგენილი გამოსახულება – კლდეზე მიბმული ამიკოსი – პოსეიდონის ვაჟი და ბებრიკების მეფე, რომელიც თავის სამფლობელოში მოსულ უცხოებს აიძულებდა კრივში შეჯიბრებოდნენ მას, როგორც გამორჩეული ძალის მქონეს, მაგრამ არგონავტების ლაშქრობის მონაწილემ, დიოსკურმა პოლიდევკემ, ის დაამარცხა და კლდეზე მიაბა.

ამ გამოსახულებას წინ უსწრებს ძვ. წ. IV საუკუნის ბრინჯაოს ყუთი Cista Ficoroni, რომელიც წარჩინებული ქალის ძვირფასეულობის შესანახად იყო განკუთვნილი. მასზე გამოსახულნი არიან არგონავტები, ათენა, ნიკე და კრივში გამარჯვებული პოლიდევკე, რომელიც ამიკოსს ხეზე აბამს.

ცხედრის ფერფლის შესანახ ურნებზე ვხვდებით არგონავტების მითთან დაკავშირებულ სხვა გამოსახულებებს – ზღვის ურჩხულისა და მესინის სრუტის მცველის – სკილას, ასევე კენტავრ ქირონის – იასონის აღმზრდელის გამოსახულებებს.

ეტრუსკი ოქრომჭედლების მიერ გამორჩეული ოსტატობით შექმნილი ოქროს პირადი სამკაული დამზადების რთული და დახვეწილი ტექნიკის გამო დიდად ფასობდა ანტიკურ სამყაროში. პოჯო რენცოს სამაროვანზე აღმოჩენილი ოქროსგან დამზადებული დაფნის ფოთლების გვირგვინი, რომელსაც საზეიმო ცერემონიებისა და რიტუალების შესრულებისას იყენებდნენ, დამზადებულია კიუზიში ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე.