ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ღონისძიებები, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება (13-19 ნოემბერი)

SCIM2023-logo

13-19 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული გაიმართება. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მერვედ იმართება და მისი მიზანია იტალიის კულინარიული ტრადიციების, ენოგასტრონომიული ცოდნისა და გამორჩეული იტალიური ნაწარმის პოპულარიზაცია.

კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არა მხოლოდ იტალიური კულინარიული ტრადიციებისა და შესანიშნავი რეცეპტების, არამედ იტალიური ინგრედიენტების მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების წარმოჩინებასაც ისახავს მიზნად. კვირეულის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ჩატარდება სემინარები და კონფერენციები, დეგუსტაციები და შეფ-მზარეულებთან შეხვედრები, რომლებიც საუკეთესო იტალიურ აგრო-სასურსათო პროდუქციას, კვებით კულტურასა და კვების წესს მიეძღვნება.

გთავაზობთ საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამას:

იტალიური სამზარეულოს კვირეული დაიწყება ორშაბათს, 13 ნოემბერს (დასაწყისი 17:30სთ-ზე) პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიკელე ფილიპო ფონტეფრანჩესკოს ლექციით თემაზე “სამზარეულო, როგორც ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა”. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება, ორგანიზებულია იტალიის საელჩოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ლექციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფარგლებში დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა, რომელიც გამარჯვებული ნამუშევრის დაჯილდოებით დასრულდება.

კვირეული გაგრძელდება ორი ღონისძიებით ტრიუფელის სოკოს ექსპერტად აღიარებული პიემონტელი შეფ-მზარეულისა და სახელგანთქმული რესტორნის “Dulcis Vitis” მეპატრონის, ბრუნო ჩინგოლანის მონაწილეობით. შეფ-მზარეული გამართავს კულინარიულ შოუს იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის, მომდევნო დღეს კი იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს სტუმრებს მაღალი სამზარეულოს საკუთარ ხედვასა და სპეციალურად შექმნილ მენიუს შესთავაზებს.

კვირეული ამით არ სრულდება: პარასკევს, 17 ნოემბერს, გაიმართება “ინსტიტუტ “Ancel Keys”-ისთან თანამშრომლობით ორგანიზებული კულინარიული შოუ ორი ახალგაზრდა იტალიელი მზარეულის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს ჩილენტოდან სპეციალურად ჩამოტანილი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული კერძებით გაუმასპინძლდებიან.

გარდა ამისა, იტალიური სამზარეულოს კვირეულის განმავლობაში იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს საქართველოს დედაქალაქის მთელ რიგ რესტორნებში ახალი იტალიური კერძები, სპეციალური მენიუ და სხვადასხვა ღონისძიებები დახვდებათ.

იტალიის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის ყველა იმ საჯარო თუ კერძო პირსა და კომპანიას, იტალიური სამზარეულოს მერვე კვირეულის ფარგლებში გამართული მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!