საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული თანამშრომლობა გრძელდება: საქართველოს უმნიშვნელოვანესი კინემატოგრაფიული ღონისძიების სექციაში „ევროპული ფილმის თვე“ ნაჩვენები იქნება კრიტიკოსების მიერ იტალიური კინოს „enfant terrible”-ად აღიარებული ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, პროდიუსერისა და სცენარისტის, ალენ პარონის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „უსასრულო კვირადღე“.
წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე არაერთი პრემიით დაჯილდოებული ფილმი მოგვითხრობს რომთან ახლოს, პროვინციაში მცხოვრები სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც სტერეოტიპებსა და წინააღმდეგობებთან ჭიდილში აღზრილ თაობას განეკუთვნებიან. სამივე პერსონაჟი (მათ ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობები, ფედერიკა ვალენტინი, ენრიკო ბასეტი და ზაკარი დელმასი ანსახიერებენ) ცდილობს მოწყენილობასა და სიცარიელის შეგრძნებას თავისებურად გაუმკლავდეს და სამყაროში საკუთარი კვალი დატოვოს.
ფილმი ნაჩვენები იქნება 27 ნოემბერს, 19:00სთ-ზე, კინოთეატრ „კავეაში“. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან კინოთეატრ „კავეას“ სალაროებში.
სრული პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.