ამედეო ავოგადროს სახელობის აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი (UPO)
პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, ბიოლოგია და ინფორმატიკა, ფიზიკა და ქიმია, პოლიტიკური დოქტრინები და ზოგადი სოციოლოგია – ამედეო ავოგადროს სახ. აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი სწავლის მსურველებს მასტერისა და დოქტორანტურის უამრავ კურსსა თუ პროგრამას სთავაზობს. ეს უნივერსიტეტი 19 საერთაშორისო პროექტის მონაწილე და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე სასწავლო ცენტრია (იტალიაში პირველ ადგილზეა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში წარმატებული კვლევების თვალსაზრისით და მეორე ადგილზე – ექსპერიმენტულ და კლინიკურ მედიცინაში სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით). უნივერსიტეტის შვიდი დეპარტამენტისა და სამედიცინო სკოლის ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარით.
1998 წელს დაარსებული აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტის ძირითადი ფილიალები ალესანდრიაში, ნოვარასა და ვერჩელიში მდებარეობს, გარდა ამისა, სასწავლებელი წარმოდგენილია პიემონტესა და ვალე დ’აოსტას სხვა ქალაქებშიც.
უნივერსიტეტის დეპარტამენტებია:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ნოვარა)
- ტრანსლაციური მედიცინა (ნოვარა)
- ფარმაკოლოგია (ნოვარა)
- ეკონომიკა და საწარმოთა მართვა (ნოვარა და ალესანდრია)
- ჰუმანიტარული მეცნიერებები (ვერჩელი და ალესანდრია)
- ტექნოლოგიური ინოვაციები (ალესანდრია)
- იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები (ალესანდრია და ნოვარა)
ნოვარას ფილიალთან არსებული მედიცინის სკოლა, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს “Maggiore della Carità” ბაზაზე, კოორდინირებას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ტრანსლაციური მედიცინის დეპარტამენტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.