Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული 2017

 

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული 2017

იტალია და გემრიელი, ხარისხიანი საკვები ერთმანეთისგან განუყოფელი ორი ცნებაა, რომელსაც მთელი მსოფლიო შესანიშნავად იცნობს. იტალიური სამზარეულოს განმასხვავებელი ნიშნების ერთობლიობას (კარგ გემოვნებას, დეტალებისადმი ყურადღებასა და კეთილსინდისიერებას) წარდგენა თითქოს სულაც არ სჭირდება, თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულებაა, უკეთ გაგაცნოთ იტალიური სამზარეულო თავისი მრავალფეროვნებითა და უამრავი ნიუნსით.
ტრადიციებზე და, ამავდროულად, ინოვაციებზე დაფუძნებული, ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, იტალიურ სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება ადგილი აღმოჩენებისა და ახალი რეცეპტებისთვის. ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობა სწორედ ძველის ახლებურად გააზრებასა და სიახლეების დანერგვაშია, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ამავე დროს, კულინარიული ისტორიის იმ მთავარი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით, რომლებიც სხვადასხვა გემოების ჰარმონიულად შერწყმაში, ხარისხიან ინგრედიენტებსა და სამზარეულოს სიყვარულში მდგომარეობს.
"იტალიური სამზარეულოს მეორე მსოფლიო კვირეულის" მიზანია, ხელი შეუწყოს ჩვენი იდენტობისა და კულტურის დამახასიათებელი ნიშნების - კულინარიული და ენოგასტრონომიული ტრადიციების - უკეთ წარმოჩინებას საერთაშორისო დონეზე.
ეს გულისხმობს არა მხოლოდ სახელმოხვეჭილი მზარეულების ჩამოყვანას, არამედ კულინარიულ სკოლებთან და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ნეაპოლური პიცის ცხობის ხელოვნებასთან გაცნობას, შესწავლის, დისკუსიებისა და გართობის შესაძლებლობასაც. თბილისში გვესტუმრა ცნობილი შეფ-მზარეული ჯანი ტარაბინი ვალტელინაში მდებარე რესტორანი "La Preséf"-ადან, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ერთადერთი აგროტურისტული სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. მიშლენის ვარსკვლავის ორგზის მფლობელი შეფ-მზარეულის ნინო დი კოსტანცოს მიერ მომზადებულ ვახშამზე გურმანებს შესაძლებლობა მიეცათ, კამპანიის რეგიონის სამზარეულოს ტრადიციებსა და ინოვაციებს გასცნობოდნენ. ეს ვახშამი, რომელიც იტალიური დიზაინერული ნივთებისა და ავეჯის გარემოცვაში გაიმართა, იტალიური გემოვნების ნამდვილი ზეიმი გახლდათ. მეორე სახელგანთქმულმა მზარეულმა ფრანჩესკო მორამ სტუმრებს პულიის რეგიონის კერძები შესთავაზა და კულინარიულ სკოლასთან Castel di Pietra-სთან ერთად თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში უაღრესად საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა. მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა კიდევ ერთმა შეფ-მზარეულმა ჯანფრანკო კიარინიმ თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დედაქალაქში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მენიუს განახლებაში. ცხადია, პატივი ნეაპოლურ პიცასაც მივაგეთ: თბილისში ჩამოვიყვანეთ 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიცის მომზადებისთვის გინესის რეკორდსმენი ატილიო ალბაკიარა.
რაც შეეხება კინემატოგრაფს: კვირეულის ფარგლებში, კინოს სახლსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიუმში, ნაჩვენები იქნა ფილმები "პური და ტიტები" და "მონტალბანოს არანჩინები". სამეცნიერო კუთხით კი, გაიმართა საჯარო ლექცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ხმელთაშუაზღვის დიეტის თემაზე, რომელიც ტუშას უნივერსიტეტის პროფესორ მერენდინომ ჩაატარა.
ამ დატვირთული პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ქართველი მეგობრების სიმპათიისა და ჩვენი პარტნიორების დახმარების გარეშე. ესენია: პირველ რიგში, ITA-ICE (იტალიის ვაჭრობის სააგენტო), დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი, ორგანიზაცია "მინერვა". აღსანიშნავია სასტუმრობის Iota-სა და Rooms-ის სტუმართმოყვარეობა, იტალიური კომპანიების Salini-Impregilo-ს, Anas-ის და Astaldi-ს მხარდაჭერა და, აგრეთვე, თანამშრომლობა კომპანიებთან Alessi და Motif.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული 2016


italian taste rgb
სტატიები და სიუჟეტები:


ტვ რუსთავი 2 - ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 17.11.2017
ტვ პირველი - ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 20.11.2017
Observer - ელჩის მეუღლის ესთერ მარია დენაროს ინტერვიუ, 21.11.2017
კულინარტი - ინტერვიუ ჯანი ტარაბინისთან, 22.11.2017
ტვ რუსთავი 2 - გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო", 27.11.2017
The Financial - სტატია, 27.11.2017
კულინარტი - ინტერვიუ ფრანჩესკო მორასთან, 11.01.2018
კულინარტი - ინტერვიუ ატილიო ალბაკიარასთან, 11.01.2018
კულინარტი - ინტერვიუ ნინო დი კოსტანცოსთან, 11.01.2018

 


ადგილი:

Tbilisi

993