ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მუსიკა, თეატრი და კინო

საქართველოში კარგი მუსიკის სიყვარული ელიტარული ფენომენი არ გახლავთ. დიდ ქალაქებში თითქმის ყველა სახლშია ფორტეპიანო ან სხვა მუსიკალური საკრავი. საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში ხშირად იმართება იტალიური კულტურით გამსჭვალული წარმოდგენები და ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა დღესასწაულებსა თუ საქართველოში ცნობილი ადამიანების ვიზიტებს უკავშირდება. ხშირია ისეთი სახელგანთქმული ხელოვანების, მათ შორის, პაატა ბურჭულაძისა თუ ნინო სურგულაძის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტები.

საქართველოში უამრავინიჭიერი მუსიკოსია, რომელთა დიდმა ნაწილმა სახელი მოიპოვა, ასევე, იტალიური ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით. საკმარისია გავიხსენოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სტიპენდიანტი, ახალგაზრდა მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც 2009 წლის 8 დეკემბერს კარმენის როლში წარსდგა მილანის ლა სკალას თეატრის სცენაზე და მსმენელის (რომელთა შორის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანოც გახლდათ) თხუთმეტწუთიანი განუწყვეტელი აპლოდისმენტები დამსახურა. ანიტა რაჭველიშვილიც იმ ქართველ მომღერალთა რიგებს დაემატა, რომლებსაც იტალიასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ, ესენია: მილანის ლა სკალას აკადემიის სხვადასხვა წლებში კურსდამთავრებულები ნოდარ ანდღულაძეზურაბ სოტკილავა და გიორგი ონიანი; ლა სკალას თეატრში დებიუტის შემდეგ 2002 წელს ენრიკო კარუზოს სახელობის კონკურსში გამარჯვებული პაატა სვანიძენინო სურგულაძე, რომელმაც 2003 წელს ლა სკალას თეატრის საოპერო სეზონი გახსნა; იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სტიპენდიანტები ნინო მაჩაიძე და ქეთევან ქემოკლიძე, რომლებიც წარმატებით მღერიან მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე.

საქართველოში იტალიური საოპერო სპექტაკლებიდან ყველაზე გახმაურებული იყო ვერდის ოპერების “რიგოლეტოსა” (2013) და “აიდას” (2017, ფრანკო ძეფირელის რეჟისურა) წარმოდგენები. საქართველოში იტალიური თეატრიც უყვართ: გავიხსენოთ 2016 წელს წარმოდგენილი სპექტაკლები, ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს კომედია “არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!” და ლუიჯი პირანდელოს “მთის გოლიათები”.

 

1 aida poster

 

1 2 cali ertad

ხშირია იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების გასტროლები: გავიხსენოთ პიანისტების ჯ. ალევისა და ა. მარინოს, საქსოფონისტის ფედერიკო მონდელჩის კონცერტები. ქართველი მსმენელის სიმპათიით იტალიური პოპ-მუსიკოსებიც სარგებლობენ, მათ შორის, ანდრეა ბოჩელი (2010, ბათუმი), ტოტო კუტუნიო და ეროს რამაცოტი (2016, თბილისი).

საქართველოში ხშირად იმართება იტალიური საავტორო კინოჩვენებები და კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, მაგალითად, ფელინის ფილმების რეტროსპექტივა და ჯანინის ვიზიტი. კინოთეატრ “ამირანთან” თანამშრომლობით, იტალიის საელჩომ ცნობილი იტალიელი რეჟისორების ნამუშევრების ჩვენებები მოაწყო. საელჩოს მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ნაწილი იტალიურ კინემატოგრაფს ეთმობა. 2015 წლის ოქტომბერს პირველად ჩატარდა და დიდი წარმატება დაიმსახურა საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალმა “ჯიფონი-საქართველომ”, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.

poster