ლაციოს რეგიონის კულტურულ ფასეულობათა ზედამხედველობის სამსახურისა და კონსერვაცია-რესტავრაციის უმაღლესი ინსტიტუტის არქეოლოგიური მისია
ძალისა: ღვინის აკვანი რომაულ ეპოქაში
ძალისას არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მუხრანის ველზე, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრისა და მცხეთიდან (რომელიც ძვ.წ.აღ-ის მე-4 საუკუნიდან იბერიის სამეფოს დედაქალაქი იყო) 20 კილომეტრის დაშორებით. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ თანადაფინანსებული, ლაციოს რეგიონის კულტურულ ფასეულობათა ზედამხედველობის სამსახურისა და კონსერვაცია-რესტავრაციის უმაღლესი ინსტიტუტის მიერ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული არქეოლოგიური მისიის მიზანია გვიანდელი ანტიკური ხანის რომაული ტაძრის ფრიგიდარიუმის მოზაიკის შეფასება და რესტავრაცია. მოზაიკაზე გამოსახულია დიონისესა და არიადნეს ფიგურები და წარწერა. მეღვინეობის მფარველი ღვთაების გამოსახულებიანი მოზაიკის არსებობა სწორედ იმ მიწაზე, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლება და რომელიც დღესაც საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, საქართველოსთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მქონეა.
ძალისას გათხრების დამცავი ნაგებობის ფრანგმენტი
ძალისა, რომელსაც ძველი ბერძენი გეოგრაფი პტოლემეოსი ახსენებს თავის ნაშრომში "გეოგრაფიული სახელმძღვანელო" (10,3), გაშლილ, კარგად ნაგებ ქალაქსა და იბერიის სამეფოს ერთ-ერთ მთავარ დასახლებას წარმოადგენდა. ძალისას ნაქალაქარი სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიურ ძეგლად. 70-იან წლებში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა სასახლის კომპლექსები და საცხოვრებელი ნაგებობები, აბანოები, აუზები, წყალსადენისა და სარწყავი არხების ქსელი. ნაქალაქარის სიახლოვეს აღმოჩენილია სამაროვნებიც.
მოზაიკა დიონისეს და არიადნეს გამოსახულებით
პოლიქრომული მოზაიკა, რომელიც იტალიური არქეოლოგიური მისიის შესწავლის საგანია, დათარიღებულია ახ.წ.აღ. მე-4 საუკუნით და წარმოადგენს კავკასიაში აღმოჩენილი მოზაიკის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ნიმუშს. სასახლის სამი დარბაზიდან ერთ-ერთი დარბაზის იატაკი მოზაიკითაა დაფარული. ამჟამად მოზაიკა გადახურული და დაცულია, მისი ზედაპირის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაფარულია დანალექი ფენით, ბიოლოგიური ნადებითა და წინა სამუშაოების დროის გამოყენებული წებოვანი მაკავშირებელი ნივთიერების ნაშთებით.
ერთ-ერთი საცხოვრებელი ნაგებობის ფრაგმენტი
მოზაიკის ცენტრალურ კვადრატულ ნაწილს შემოვლებული აქვს დაფნის ფოთლებიანი წნული და ორი მონოქრომული რომბებიანი არშია. ზედა ნაწილში გამოსახულია წრიულორნამენტიანი არშია ცენტრში ანტროპომორფული ფიგურით, ხოლო ქვედა ნაწილში იკვეთება პოლიქრომული რომბებიანი მოტივი. მოზაიკის ცენტრალური ნაწილი ბერძნულ ტოლფერდიან ჯვარს წააგავს, სადაც იკვეთება ქალისა და ფრთიანი არსების ფიგურები. როგორც წარწერიდან ირკვევა, მოზაიკის შუაგულში გამოსახულნი არიან ეტლში მსხდარი დიონისე და არიადნე. მარჯვნივ ვაზის რქის ორნამენტია. არშიის ქვეშ გამოსახულია ქალის კიდევ ორი ფიგურა, რომელთა შორის მოჩანს ბერძნულენოვანი წარწერა (წარწერის ტექსტი ცუდად განირჩევა ფრაგმენტების ნაკლებობის გამო, რაც გამოწვეული მოგვიანებით ნაგებობის გამოყენებისას იატაკის ზედაპირზე თიხის მოზრდილი ზომის დოქების მოთავსებამ).
რომბებიანი არშია
მოზაიკაზე გამოსახული ქალის ფიგურა
2010 წლის 15-20 ნოემბერს მეცნიერების, ანალიზა ძარატინის, ჯოვანა დე პალმასა და დანიელა ჯენარის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერების შედეგად, დადგინდა მოზაიკური იატაკის კონსერაციის მდგომარეობა. დაზიანებული უბნების ფოტოგადაღების გარდა, განხორციელდა ნიმუშების საკვლევი ცდებიც, რომელიც მიზნად ისახავდა თავდაპირველი და რესტავრაციის დროს გამოყენებული მასალების დადგენა.
იტალიელი არქეოლოგების მიერ განხორციელებული საკვლევი ცდები