ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიურ-ქართული არქეოლოგიური მისია შიდა ქართლის რეგიონში

2014 წლის 15 ივნისიდან ისევ შეუდგება მუშაობას ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში გვიანდელი ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეული) კულტურის კვლევასთან დაკავშირებულ პროექტს. სამუშაო ჯგუფი შედგება 20-ზე მეტი იტალიელი და ქართველი არქეოლოგის, გეომორფოლოგიის, პალეოზოოლოგიის, პალეობოტანიკისა და რადიომეტრული დათარიღების სპეციალისტისა და არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისგან.
მისია, რომელსაც იტალიური მხრიდან ხელმძღვანელობს პროფ. ელენა როვა, ხოლო ქართული მხრიდან – პროფ. იულონ გაგოშიძე, გააგრძელებს 2013 წელს წარმოებულ არქეოლოგიურ გათხრებს ქარელის რაიონში მდებარე არადეთის გორზე (დედოფლის გორა). გაგრძელდება ქართველი არქეოლოგების მიერ ნაწილობრივ გათხრილი ელინურ-რომაული ხანის სასახლის გათხრები. გარდა ამისა, დასრულდება 2013 წელს დაწყებული ორი სტრატიგრაფიული კვლევა. ამ კვლევებმა გამოავლინა ელინური ხანის ნაგებობის სიახლოვესა და ამ ნაგებობის ქვეშ არსებული და აქამდე გამოუკვლეველი შრეები, რომლებიც ადასტურებს ამ ადგილას გვიანდელი ენეოლითისა (ძვ.წ.აღ.
IV ათასწლეული) და რკინის ხანაში (ძვ.წ.აღ. I ათასწლეული) მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრის არსებობას. მისიის მუშაობისას გაგრძელდება წინა ექსპედიციების დროს მოპოვებული ნიმუშების შეგროვება არქეომეტრიული და პალეოლოგიური ანალიზისთვის.