ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია

3 დეკემბერს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სექციაში “ქვეყანა ფოკუსში – იტალია”, რომელიც ორგანიზებულია ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, იტალია წარმოდგენილია რვა ფილმით (თითქმის ყველა ფილმი გადაღებულია 2018 წელს) და ერთი საკონკურსო ფილმით. ფესტივალს იტალიელი სტუმრებიც ესწრებიან.

tif poster

კინოჩვენებები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ:

4 დეკემბერი – საკონკურსო ფილმი “ბიჭები ტირიან” რომის გარეუბანში მცხოვრები ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს: მეგობრებს ავარიაში მაფიოზური დაჯგუფების წევრი შემოაკვდებათ და ეს შემთხვევა ახალგაზრდების ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. ძმები დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენცოს სადებიუტო ნამუშევარი დაჯილდოებულია პრემიით “ვერცხლის ფირი”.

4 დეკემბერი – პრემიის “ვერცხლის ფირი” ნომინანტი ფილმის “ჩემი ქალიშვილი” (რეჟ. ლაურა ბისპური) მოქმედება სარდინიის ზღვის, მტვრისა და ქვების ფონზე და მოგვითხრობს პატარა გოგონას ცხოვრებასა და ალბა რორვახერისა და ვალერია გოლინოს მიერ განსახიერებული პერსონაჟების კონფლიქტზე.

4 დეკემბერი – ალიჩე რორვახერის ფილმი “ბედნიერი ლაზარე” ახალგაზრდა მსახიობების, ადრიანო ტარდიოლისა და ქართული წარმოშობის მომღერალისა და მუსიკოსის, ლუკა ჩიქოვანის მონაწილეობით. ეს გახლავთ სიცრუისა და საიდუმლოებების ფონზე განვითარებული ნამდვილი და წრფელი მეგობრობის ამბავი ორ ახალგაზრდას შორის, რომლებიც სიყმაწვილის განსხვავებულ სახეებს წარმოადგენენ. ფილმი დაჯილდებულია კანის კინოფესტივალის პრიზით საუკეთესო სცენარისთვის და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის სამი პრიზით (საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება და კრიტიკოსთა პრიზი).

5 დეკემბერი – მარიო მარტონეს ფილმი “კაპრი-რევოლუცია“, რომელიც ასრულებს რეჟისორის ტრილოგიას იტალიის და ევროპის ისტორიის ერთ-ერთ გადამწყვეტ პერიოდზე. ფილმი სხვადასხვა ადამიანების განსხვავებულ მსოფლმხედველობებზე გვიამბობს: აქ წარმოდგენილია არქაული სამყარო, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს და საკუთარ პატრიარქალურ ოჯახს უმხედრდება, ახალგაზრდა ექიმის მოწინავე და პროგრესული იდეოლოგია და გასაოცარ კუნძულ კაპრიზე მცხოვრები კომუნის ფილოსოფია.

6 დეკემბერი – ედოარდო დე ანჯელისის ფილმი “იმედის მანკიერება” პინა ტურკოს, მასიმილიანო როსისა და მარინა კონფალონეს მონაწილეობით. ფილმი, რომელიც მოგვითხრობს პერსონაჟების ყოფა-ცხოვრებაზე სურვილებისა და ოცნებების გარეშე, დაჯილდოებულია რომის კინოფესტივალის მაყურებელთა პრიზითა და ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოებით საუკეთესო რეჟისურისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

7 დეკემბერი – დარიო დ’არჯენტოს ფილმი “სუსპირია“, რომლის შექმნა რეჟისორს თომას დე კვინსის რომანმა შთააგონა. ფილმი ჯესიკა ჰარპერისა და სტეფანია კაზინის მონაწილეობით წარმოადგენს საშინელებათა ჟანრის ტრილოგიის “სამი დედა” პირველ ნაწილს. გადაღებიდან ორმოცი წლისთავზე შეიქმნა ფილმის ვერსია 4K ფორმატში, 2018 წელს კი ახალგაზრდა იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ “სუსპირიას” რიმეიკი გადაიღო.

7 დეკემბერი – ვალერიო მიელის ფილმი “გახსოვს?” ლუკა მარინელის, ლინდა კარიდისა და ჯოვანი ანცალდოს მონაწილეობით. ეს გახლავთ ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელსაც რეჟისორი პერსონაჟების მოგონებების მეშვეობით გადმოსცემს, ეს მოგონებები კი დროის, ფილმის გმირების განწყობისა და მათი განსხვავებული მსოფლმხედველობის მიხედვით იცვლება.

9 დეკემბერი – პრემიების “ვერცხლის ფირი” და “ოქროს გლობუსი” ნომინანტი ფილმი “ქალის სახელი” (რეჟ. მარკო ტულიო ჯორდანა) კრისტიანა კაპოტონდის, ადრიანა ასტისა და ვალერიო ბინასკოს მონაწილეობით. ფილმი, რომლის “მთავარი თემა სქესთა ომი კი არა, ძალაუფლების გადამეტებაა”, მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომლის სიმამაცე საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე უფრო ძლიერია.

9 დეკემბერი – ვალერია გოლინოს ფილმი “ეიფორია” გვიამბობს ორი ძმის ისტორიას, რომლებსაც შესანიშნავი მსახიობები რიკარდო სკამარჩო და ვალერიო მასტანდრეა განასახიერებენ. რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში მოხვედრისას, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პერსონაჟებს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და დაახლოვდნენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობენ: იტალიური კინოფესტივალების ასოციაციის თავმჯდომარე, კინოკრიტიკოსი ჯოვანი სპანიოლეტი, რომელიც თბილისის კინოფესტივალის იტალიური ფოკუსის კურატორია; ვალერიო მიელი, ფილმის “გახსოვს?” რეჟისორი (მისი პირველი ფილმი “ათი ზამთარი” დაჯილდოებულია უამრავი პრემიით, მათ შორის, “დონატელოს დავიდით” და “ვერცხლის ფირით”); ლეჩეს ევროპული კინოფესტივალის კურატორი ლუიჯი ლა მონიკა და თბილისის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმში მონაწილე მსახიობები ანდრეა კარპენცანო და მატეო ოლივეტი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ:
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ: