ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პროფესორ ლუიჯი მაგაროტოს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გასულ 27 ივნისს ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგს, რუსული და ქართული ლიტერატურის სპეციალისტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ბატონ ლუიჯი მაგაროტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
წოდების მინიჭების ცერემონიაზე იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ აღნიშნა, რომ პროფ. მაგაროტოს საპატივცემულოდ გამართული ღონისძიება დაემთხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა მიულოცა. ელჩმა ხაზი გაუსვა პროფ. მაგაროტოს მსგავსი ადამიანების ძალისხმევის მნიშვნელობას იტალიასა და საქართველოს შორის დიდი ხნის წინ დაწყებულ ნაყოფიერ დიალოგში.
ამ ორი მოვლენის დამთხვევა აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია და შეაფასა პროფ. მაგაროტოს მიერ შეტანილი წვლილი ქართული კულტურის გავრცელებაში საერთაშორისო დონეზე.
პროფ. მაგაროტომ (რომელმაც იტალიურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები და გალაქტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის ლექსები) თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აკადემიური წოდების მიღება სწორედ იმ უნივერსიტეტში, სადაც თავის დროზე გაეცნო და დაიწყო ქართული ენის შესწავლა. მან ხაზი გაუსვა თავის სიყვარულს ქართული კულტურის, ლიტერატურისა და, ზოგადად, საქართველოსადმი.