Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

25 ნოემბერი: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

თარიღი:

25/11/2022


25 ნოემბერი: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის დიპლომატიური ქსელი უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას "UNITE! Activism to End Violence against Women & Girls #Orange the World: End Violence against Women Now!", რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წელს მიმართულია მოძრაობების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების (აქტივისტი ქალებისა და გოგონების ჩათვლით) საქმიანობაში ფუნდამენტური წვლილის შეტანისკენ. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და ყველას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად - დღევანდელ დღემდე მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო მიეღწია სრული გენდერული თანასწორობისთვის.

დღესაც, მსოფლიოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით კი, შეიარაღებული კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციების ზონებში, ქალები, გოგონები და ბავშვები არიან დისკრიმინაციის, ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლნი. ქალის მძიმე მდგომარეობა, თუმცა ასევე, მისი ნიჭი, სიმამაცე და ის წვლილი, რომელიც მას შეაქვს უფრო ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, მთავარი თემაა საერთაშორისო რეალობაში არსებული ზოგიერთი ურთულესი კრიზისის დროს ავღანეთიდან ეთიოპიამდე, უკრაინიდან ირანამდე. კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებმა, ომებმა და კრიზისმა კიდევ უფრო დაამძიმა მანამდე არსებული მოწყვლადობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ოჯახში ძალადობისა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემთხვევათა ზრდას. გაეროს მონაცემებით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ყოველ მესამე ქალს გამოუცდია, 2021 წელს კი ყოველი მეათე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამ შემაშფოთებელ ფაქტებთან დაკავშირებით, იტალია კიდევ ერთხელ გამოხატავს და ადასტურებს მტკიცე პოზიციას დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისა და ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობისა და თვითრეალიზაციისთვის.

დისკრიმინაციისა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველანაირ ფორმასთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, როგორც დიპლომატიურ დონეზე, ასევე მოლაპარაკებების, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ინიციატივებისა თუ განვითარებისთვის გამიზნული თანამშრომლობის კუთხითაც. ჩვენი ქვეყანა უმთავრეს როლს ასრულებს საერთაშორისო კამპანიებში, რომლებიც დაკავშირებულია ქალის გენიტალიების დასახიჩრებისა (FGM) და ადრეული და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრასთან.

ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ქალთა გაძლიერება იტალიის საგარეო პოლიტიკისა და თანამშრომლობის მთავარი საკითხებია და პრიორიტეტს წარმოადგენდა გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში იტალიის უკანასკნელი მანდატის (2019-2021) განმავლობაში, ასევე, 2021 წელს "დიდი ოცეულის" იტალიის თავმჯდომარეობის დროს (ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის პირველ კონფერენციაზე და ავღანელი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა), ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იტალიის თავმჯდომარეობის მანდატის განმავლობაში (2021 წლის ნოემბერი - 2022 წლის მაისი), რომლის ფარგლებშიც იტალია მტკიცედ უჭერდა მხარს "კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ("სტამბოლის კონვენციას").

მსოფლიოს უამრავ კუთხეში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტები კიდევ ერთ თვალსაჩინოებაა, რომ ომისა თუ საგანგებო სიტუაციების დროს, ქალებისა და გოგონების მდგომარეობა განსაკუთრებით მოწყვლადია ძალადობის კუთხით. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრის ძალისხმევის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობა მიუღებელი ქმედებების აღმოსაფხვრელად.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო შიდა საქმიანობის ფარგლებში აგრძელებს გენდერული თანასწორობის განმტკიცებისაკენ მიმართულ ინიციატივებს: სქესთა თანასწორობის ყველაზე მაღალი სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული შარშანდელი ცირკულარი n. 3/2021 და, ასევე, წლევანდელი 18 იანვრის ცირკულარი n. 1/2022 ადასტურებს სამინისტროს ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვას, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, თანასწორობის ხელშეწყობის კუთხითაც.


ადგილი:

Tbilisi

1463