Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონფერენცია "დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა: მოქმედების დროა" (2022 წლის 25 მარტი)

თარიღი:

28/03/2022


კონფერენცია

იტალიის საელჩომ თბილისში და ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში გამართეს ერთობლივი კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასრულებისაკენ მიმართული ქმედებების შემუშავებისა და, ამავე დროს, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობას. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, როგორც დასწრებით რეჟიმში, ასევე, ვიდეოკონფერენციის სახით.
კონფერენციაზე იმსჯელეს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე საქართველოს მასშტაბით. აღინიშნა ევროპის საბჭოს, რომლის მინისტრთა კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა იტალიაა, და ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროსა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) ძალისხმევა. ეს ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა ამ სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, არსებული გამოწვევებისა და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად შესაძლო სტრატეგიების განსახილველად.
ღონისძიება გახსნა საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილმა. სპეციალური ვიდეომიმართვით ჩაერთო იტალიის ოჯახის საკითხების და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი ელენა ბონეტი, გარდა ამისა, პრეზენტაცია გააკეთა ევროპის საბჭოს ექსპერტმა თამარ დეკანოსიძემ.
პანელურ დისკუსიაში, რომლის მოდერატორი გახლდათ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) ქართველი წევრი ლია ნადარაია, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსმა ნინო შეყრილაძემ.
დისკუსიაში ჩაერთნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უნივერსიტეტი "რომა 3"-ს პროფესორი და თანაბარი შესაძლებლობების დეპარტამენტის მრჩეველი კრისტინა კარლეტი, გაერთიანება "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის (EVAW) პროგრამის მენეჯერი ირინა ჯაფარიძე.
ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრისკენ მიმართულმა კონფერენციამ, რომელიც ქართული უწყებების, ექსპერტების, დიპლომატების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა, დამსწრეებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მაღალი დონის დისკუსია შესთავაზა. კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის გაზრდას, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. მისი ნახვა შესაძლებელი იყო პირდაპირ ეთერში, იტალიის საელჩოს სოც.ქსელების მეშვეობით.


ადგილი:

Tbilisi

1389