Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

#SLIM2021, იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული

თარიღი:

15/10/2021


#SLIM2021, იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული

18 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.

იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს ეძღვნება და მის ფარგლებში დიდი იტალიელი პოეტის შემოქმედებასთან დაკავშირებული უამრავი ღონისძიება ჩატარდება.

კვირეულის თემასთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა ჯოვანა ფროზინისა და ჯუზეპე პოლიმენის მიერ მომზადებული წიგნი, რომელიც კვირეულის განმავლობაში (18-24 ოქტომბერს) უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ბმულზე: http://www.goware-apps.com/dante-litaliano-giovanna-frosini-giuseppe-polimeni-cura/

ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება:

21 ოქტომბერს, 12:00სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიური კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იტალიური უნივერსიტეტებისა და სკოლების პროფესორ-მასწავლებლები მიიღებენ.

21 ოქტომბერს, 20:00სთ-ზე, Silk Factory-ს სამხატვრო გალერეაში ნაჩვენები იქნება პირველი სრულმეტრაჟიანი იტალიური ფილმი "Inferno" ("ჯოჯოხეთი", 1911წ.). ფილმის ჩვენება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელსაც იტალიელი მუსიკოსი მარიო მარიანი შეასრულებს.

25 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის" სპექტაკლი "ბეატრიჩე". მუსიკა სპექტაკლისთვის, რომელიც დანტეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავისთვის ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, „ოსკარისა" და „ოქროს გლობუსის" პრემიებით დაჯილდოებულმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა.

27 ოქტომბერს, 12:15სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია "დანტე ალიგიერის შემოქმედება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური", რომლის ორგანიზატორები არიან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი და თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტი (ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება). კონფერენციის დაწყებამდე გაიმართება საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული დანტე ალიგიერის პორტრეტით (საფოსტო მარკა გამოიცა საქართველოს ფოსტის მიერ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წინადადებით) და, ასევე, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების" ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია (გამოცემა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა).

გარდა ამისა, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც იტალიური ენა ისწავლება, იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას" ორგანიზებით, იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ჩატარდება გაკვეთილები და ინტერაქტიური ღონისძიებები, რომლებიც დიდ იტალიელ პოეტს და მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს "ღვთაებრივ კომედიას" მიეძღვნება.


ადგილი:

Tbilisi

1356