Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონფერენცია Pre-COP26 თბილისში

თარიღი:

14/10/2021


კონფერენცია Pre-COP26 თბილისში

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამართეს ღონისძიება, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას მიეძღვნა. ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მაიკლ კლეიტონმა, COP26-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მიერ რეგიონში მოვლინებულმა ელჩმა დევიდ მორანმა და იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ. გაეროს კლიმატის ცვლილებების მოახლოებულ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც ქ. გლაზგოში 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება, ღონისძიების მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებებთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

მინისტრმა დავითაშვილმა აღნიშნა ამ ბრძოლაში საქართველოს ძალისხმევა და ხაზი გაუსვა COP26-ის მნიშვნელობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

დიდი ბრიტანეთის ელჩებმა, მორანმა და კლეიტონმა, ისაუბრეს COP26-ზე, რომელიც ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესათანხმებლად, რომლებიც აუცილებელია კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავებისთვის. შეხვედრა გლაზგოში უნიკალური საშუალებაა 2015 წელს მიღებული პარიზის შეთანხმებისთვის დამატებითი იმპულსის მისაცემად, რაშიც შეთანხმების წევრ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა, რომ 2021 წელი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში გადამწყვეტი წელიწადია. იტალიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ, როგორც დიდი ოცეულის თავმჯდომარე და COP26-ის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარტნიორი ქვეყანა, შესძლებს განსაკუთრებული ძალისხმევა პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართოს.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიხსნა კონფერენცია, რომელიც ორი პანელისგან შედგებოდა.

პირველ პანელში (სახელწოდებით "#SecurEnvironment: Climate & Security across the Euro-Atlantic Area and Beyond") მონაწილეობა მიიღეს მომხსენებლებმა, როგორც ქართული სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე, ანალიტიკური ორგანიზაციებიდან. გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია გარემოს დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებების შედეგებზე ეკონომიკის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და მდგრადობის ჭრილში.

იტალიური ანალიტიკური ცენტრი Ce.SI Roma-ს პრეზიდენტმა, პროფ. მარჯელეტიმ, რომლის მონაწილეობა კონფერენციაში იტალიის საელჩოს დახმარებით გახდა შესაძლებელი, ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ხორციელდება და დაინტერესებას იწვევს, როგორც ალიანსი წევრი, ასევე პარტიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მხრიდან.

მეორე პანელზე (სახელწოდებით "Georgia’s approach to tackling climate change and embracing green growth opportunities") მონაწილეებმა განიხილეს კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა და შედეგები საქართველოში, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის სტრატეგიები და რისკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებული შესაძლებლობების, საქართველოს პოლიტიკისა და გეგმების განხილვას. კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ქართველი ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზე ისაუბრა ახალგაზრდა ქართველმა მომხსენებელმა ელენე სამუკაშვილმა, რომელმაც მსმენელს 2021 წლის 28-30 სექტემბერს, ქ. მილანში გამართულ "#Youth4Climate"-ზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა (ეს გახლდათ COP26-ის მოსამზადებელი ღონისძიება, რომლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ პლანეტის დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები).


ადგილი:

Tbilisi

1355