ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის თანათავმჯდომარეობა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენციაზე (COP26). გამოქვეყნდა პირობები ღონისძიებაში “Youth4Climate: Driving Ambition” მონაწილეობის მისაღებად

 

 

იტალია ტრადიციულად ჩართულია გარემოს დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ეროვნულ და გლობალურ დონეზე, სადაც ამგვარი თემების განხილვა ისეთ მნიშვნელოვან მულტილატერალურ ჩარჩოებში ხდება, როგორიცაა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის” (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენცია (COP26), რომელსაც ამჟამად იტალია გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად თანათავმჯდომარეობს, და აგრეთვე, დიდი ოცეულის ფარგლებშიც, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე იტალია გახლავთ.

ამასთან დაკავშირებით, იტალია ორგანიზებას უწევს მოსამზადებელ ღონისძიებას “Pre-COP26” და ახალგაზრდებისთვის გამიზნულ ღონისძიებას “Youth4Climate: Driving Ambition”, რომელიც 2021 წლის 28-30 სექტემბერს ქ. მილანში გაიმართება. ამ ინოვაციური ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა მიეცეთ, შეიმუშავონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განხილული იქნება მილანში გამართულ მოსამზადებელ ღონისძიებაზე “Pre-COP26″ და ასევე, გაერთიანებულ სამეფოში, ქ. გლაზგოში გამართულ ღონისძიებაზე „COP26”. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ღონისძიების მთავარ საკითხებზე, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში ახალგაზრდული დიალოგის მთავარ მექანიზმებთან კოორდინირებით მიმდინარე მოსამზადებელი პროცესის შედეგს წარმოადგენს. ძირითადი ყურადღება დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ახალგაზრდობის ჩართულობა კლიმატთან დაკავშირებულ გადამწყვეტ პროცესებში (როგორც ეროვნულ, აგრეთვე, საერთაშორისო დონეზე), ასევე, იმ ზოგად საკითხებს, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების ყოფასა და ყოველდღიურობას ეხება (კლიმატი და სურსათის უვნებლობა, სპორტი და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოდა, განათლება და სამეცნიერო კომუნიკაცია).

იტალიის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ გამოქვეყნდა ღონისძიებაში „Youth4Climate: Driving Ambition” მონაწილეობის მიღების პირობები (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 1 მარტი). სასურველია, ეწვიოთ „COP26″-ის ტვიტერის გვერდს ტვიტერის გვერდს: @PreCop26ITA და ასევე, დაესწროთ ვებინარის “YouthClimatelive” სერიის დასკვნით ონლაინ ღონისძიებას „Driving Local Action”, რომელიც გადაიცემა 26 თებერვალს ბმულზე. ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება განაცხადთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

შესარჩევი პროცედურის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული გაეროს კლიმატის ახალგაზრდული სამიტის მსგავსად, 15-დან 29 წლამდე ასაკის მქონე ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა ექნებათ, ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად საკუთარი კანდიდატურა ავტონომიურად წარადგინონ. ღონისძიების 400 მონაწილეს შეარჩევს კომისია, რომლის მუშაობაში ჩართული იქნება გაეროს ახალგაზრდულ საქმეთა ემისრის ოფისი, გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის” ახალგაზრდული წარმომადგენლობა (YOUNGO) და იტალიის მთავრობა (გარემოს დაცვის სამინისტრო).

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, წარადგინეთ კანდიდატურა აქ: