ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის მოქალაქეების უცხოეთიდან იტალიაში დაბრუნება და უცხოეთის მოქალაქეების იტალიაში შესვლა

იტალიის საელჩო საქართველოში მიმართავს თხოვნით საელჩოს ვებგვერდის მომხმარებლებს, გაეცნონ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის „ხშირად დასმული კითხვების” სექციას სადაც განთავსებულია მითითებები, რომლებიც ეხება უცხოეთში დროებით მყოფი იტალიის მოქალაქეების იტალიაში დაბრუნებასა და იტალიაში რეზიდენტი, ამჟამად უცხოეთში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების იტალიის ტერიტორიაზე აბსოლუტური გადაუდებლობით გამოწვეულ შესვლას.

ეს მითითებები შედგენილია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულებების მიხედვით, რომელთა თანახმად, ამჟამად დაშვებულია სააეროპორტო ტრანზიტი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში ჩამომსვლელთათვის, ვისთვისაც საბოლოო დანიშნულების ქვეყანა იტალია ან სხვა ევროპული ქვეყანაა. „ხშირად დასმული კითხვების” სექციაში ხელმისაწვდომია იტალიაში შესვლისა და ტრანზიტისთვის აუცილებელი ფორმულარები, ასევე, 26 მარტს განახლებული ავტოსერტიფიკატი და განაცხადი გადამზიდავისთვის, რომელიც მოთხოვნილია ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროსა და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 28 მარტის ერთობლივი დეკრეტის თანახმად.

იტალიის საელჩო საქართველოში შეგახსენებთ, რომ იტალიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ სამუშაოსთან, ჯანმრთელობასთან და აბსოლუტურ გადაუდებლობასთან დაკავშირებული მიზეზით (რომელიც გამომდინარეობს გადაუდებელი და ადგილზე გადაუჭრელი საჭიროებიდან). ამდენად, ის პირები, რომლებიც აპირებენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებული ადგილისაკენ გადაადგილებას, მზად უნდა იყვნენ, პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში დეტალურად დაამტკიცონ გადაადგილების აუცილებლობა და გადაუდებლობა. უაღრესად მნიშვნელოვანია ავტოსერტიფიკატები, რომლებიც ნებისმიერი გადაადგილების შემთხვევაში პირებმა უნდა წარადგინონ ჩვენი ქვეყნისაკენ გამგზავრების დროს (მაგ. თვითმფრინავში ჩასხდომისას), შემდგომ სასაზღვრო უწყებების კონტროლისა და იტალიის ტერიტორიაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული თითოეული კონტროლის დროს. ავტოსერტიფიკატი ჯვარედინი შემოწმების საგანს წარმოადგენს და ყალბი ან არასათანადო სერტიფიკატი გამოიწვევს ადმინისტრაციული და, რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის სანქციების დაკისრებას.

იტალიაში შემსვლელმა ნებისმიერმა პირმა, გარდა იმისა, რომ უნდა დაასაბუთოს მგზავრობის საჭიროება, იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილება უნდა დაგეგმოს ინფექციის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული შეზღუდვების, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინისა და ჯანდაცვის უწყებებისათვის სავალდებულო შეტყობინების გათვალისწინებით. „ხშირად დასმული კითხვების” სექციაში ახსნილია, რომ უცხოეთიდან შემოსული პირი ვერ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მას მხოლოდ კერძო ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლია (ჩამოსულ პირს უნდა დახვდნენ აეროპორტში, პორტსა თუ სადგურში, ან მას შეუძლია ავტომანქანის დაქირავება, ანდა – იმ შემთხვევაში, თუ ეს დაშვებულია – მან უნდა დაიქირავოს ტაქსი ან ავტომანქანა მძღოლით). აეროპორტში ტრანზიტთან და აეროპორტში, პორტსა თუ სადგურში პირის დახვედრასთან დაკავშირებული წესების ნახვა შესაძლებელია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს „სპეციალური კითხვების” სექციაში.

გარდა ამისა, კარანტინის გავლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ, მისი მუდმივი საცხოვრებლისგან განსხვავებულ ადგილას. თუ იტალიაში ჩამოსვლისას პირს არ გააჩნია ამგვარი საკარანტინო ადგილი ან ამ ადგილამდე მიღწევას ვერ ახერხებს, მას მოუწევს საკარანტინო პერიოდის გატარება სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ადგილას, საკუთარი ხარჯით.