Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

რომაული საცხოვრებლები - „დომუსები“ და დეკორატიული მოზაიკა

თარიღი:

08/10/2019


რომაული საცხოვრებლები - „დომუსები“ და დეკორატიული მოზაიკა

„დომუსი" ანტიკურ რომში გავრცელებული საცხოვრებელი ნაგებობის ერთ-ერთი სახეობაა. ქალაქური ტიპის ეს კერძო საცხოვრებლები ქალაქგარე ვილებისგან განსხვავდებოდა: მათ ქალაქის გალავნიდან მოშორებით, სოფლად აშენებდნენ და სამეურნეო დანიშნულებითაც იყენებდნენ. დომუსები მდიდარი პატრიცების საცხოვრებლებს წამოადგენდა, ღარიბი ფენა კი მცირე ზომის ნაგებობებში - ე.წ. „ინსულებში" ცხოვრობდა.


guida mosaici 2 1
კიდევ უფრო ძველ დროში, ქალაქის მაცხოვრებლები ოჯახურ გარემოში გატარებულ დღეებს საცხოვრებლის ცენტრალურ ნაწილში - ატრიუმის შუაგულში ანთებული კერის გარშემო ატარებდნენ. ეს ჩვეულება მალევე გადავარდა, თუმცა, კერა სიმბოლურად შემორჩა მცირე პლატფორმის, ე.წ. „კარტიბულუმის" სახით, რომლებსაც „იმპუვიუმებში" (წყლის ავზებში) აგებდნენ.

ატრიუმს, როგორც წესი, ესაზღვრებოდა მცირე ზომის სამლოცველო - „ლარარიუმი", რომელშიც ოჯახის მფარველ ღვთაებას, ლარის განადიდებდნენ, და ასევე ძვირფასეულობის შესანახად განკუთვნილი სკივრი. ვიტრუვიუსი ხუთი სახის ატრიუმს აღწერს:

  • ტუსკანიკუმი - უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტიპოლოგია, რომელშიც ჭერი მხოლოდ ჰორიზონტალურად განლაგებულ მორებს ეყრდნობოდა.
  • ტეტრასტილუმი - ამ შემთხვევაში, ცენტრალური ავზის, იმპლუვიუმის ოთხივე კუთხეში სვეტია აღმართული. ტესტრასტილუმის მაგალითის ნახვა პომპეის „ვერცხლის ქორწილის" სახლში შეიძლება.
  • კორინთიუმი - ამ ტიპის ნაგებობაში მრავალი სვეტია აღმართული და მასში მზის სხივები უხვად აღწევს.
  • დისპლუვატიუმი - ამ ტიპის ატრიუმებთან დაკავშირებული სარწმუნო არქეოლოგიური მასალები საკმარისად არ მოგვეპოვება. ასეთი კონსტრუქციების ჭერი გვერდითა კედლებისკენ იყო დახრილი, რის მეშვეობითაც წყალი ოთხივე კუთხისკენ მოედინებოდა.
  • ტესტუდინატუმი - ასეთი კონსტრუქციები კომპლივიუმის (სახურავის წყალგამტარი ღიობის) გარეშე შენდებოდა, შესაბამისად, მთლიანად იყო გადახურული და მხოლოდ მცირე ზომის და ნაკლებ მნიშვნელოვან ნაგებობებში გვხვდებოდა.

ატრიუმის შესასვლელში, მოპირდაპირე მხარეს ტაბლინიუმი იშლებოდა, რომელიც თავის მხრივ პერისტილიუმს გადაჰყურებდა. სავარაუდოდ, ის არა კარით, არამედ ფარდით იხურებოდა, რომელსაც ზაფხულობით გადაწეულს ტოვებდნენ, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევდა, დახვეწილი ხედით დამტკბარიყვნენ.


guida mosaici 2 2
ოთახების იატაკს სხვადასხვა ღირებულების ტექნიკის გამოყენებით ამშვენებდნენ: „კოჩოპესტოთი" (თიხის ფილებით), მოზაიკითა და უძვირფასესი მარმარილოთი, რომელსაც "სეკტილიას" უწოდებდნენ. კედლები და ზოგჯერ ჭერიც ფრესკებით იხატებოდა.

ყოველ ოთახს თავისი წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია ჰქონდა, ამიტომ მოზაიკაც ხშირად ამა თუ იმ სივრცის დანიშნულებას ერგებოდა. მაგალითად, „ტრიკლინიუმში" (სასადილო ოთახში) სურსათ-სანოვაგეს გამოსახავდნენ ხოლმე.

„კუბიკულებში"- საძინებელ ოთახებში, უბრალო ლოგინებს ათავსებდნენ.

„ოეკუს ტრიკლინარებში"- სანადიმო ოთახებში, სამი ლოგინი იდგა. მონადიმეები საკვებს წამოწოლილ მდგომარეობაში, ლოგინებს შორის განთავსებული მაგიდიდან შეექცეოდნენ.


ადგილი:

Tbilisi

1188