ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ტანისამოსი

რომში ტანისამოსს სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი ფუნქცია ჰქონდა.ამ დროის აქსესუარებიც არა მხოლოდ მოსართავად გამოიყენებოდა, არამედ მათი მეშვეობით იმის გაგება შეიძლებოდა, თუ რა როლის, ასაკისა და სოციალური რანგის წარმომადგენელი იყო ესა თუ ის ადამიანი. რომაული ტანისამოსის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ: „ინდუმენტას” (რომელსაც, როგორც დღისით, ისე ღამით იცვამდნენ) და „ამიკტუსს” (მისი ტარება მხოლოდ დღისით იყო მიღებული). როგორც დღის, ისე ღამის სამოსს წარმოადგენდა „ლიციუმი”, საცვლის სახეობა, რომელიც წელზე თოკით იკვრებოდა, და ტუნიკა – სელის, ან შალის პერანგი. ეს სამოსი ფართოდ იყო გავრცელებული და წელზე ქამრით იკვრებოდა. ქალების ტუნიკა, მამაკაცების პერანგისგან განსხვავებით, შედარებით გრძელი იყო და სხეულს კოჭებამდე ფარავდა.

ტუნიკის ჩაცმის უფლება ყველას ჰქონდა: ქალებსაც და მამაკაცებსაც, საერო პირებსაც და სამხედროებსაც. ტუნიკის ჩაცმა დასაშვები იყო მოსაცმელის გარეშეც (მაგალითად,სახლიდან გასვლისას მუშებს მხოლოდ ტუნიკა ემოსათ), ის ასევე კაბისშიდა, უბრალო პერანგის ფუნქციასაც ითავსებდა. სენატორების ტუნიკებს ორი მსხვილი, წითელი კანტი დაჰყვებოდა, ხოლო მხედრების სამოსს იმავე ფერის ვიწრო ზოლები ამშვენებდა.

guida mosaici 5
ყველაზე ცნობილ რომაულ სამოსს კი ტოგა ჰქვია. ეს რომაელების ტრადიციული მოსაცმელია, რომლის ტარების უფლებაც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს ჰქონდათ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რომის მოქალაქეები იყვნენ. ეს სამოსი ერთგვარ მოსაცმელს წარმოადგენდა, რომელსაც ტანზე ისე იხვევდნენ, რომ მარჯვენა მკლავი შიშველი რჩებოდა, მარცხენა კი ქსოვილით იფარებოდა. წინა ნაწილში დაშვებულ ქსოვილის ნაკეცს „სინუსს” უწოდებდნენ. გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირებს, ტოგის ნაცვლად, მოსასხამის მსგავსი შესამოსელის – „პალიუმის” ტარებაც შეეძლოთ. ტოგის ფერი მოქალაქის სტატუსის მიხედვით იცვლებოდა: არჩევნებში მონაწილე პირების, „კანდიდატების” ტოგა სპეტაკი უნდა ყოფილიყო. მაგისტრატების სამოსს, რომელსაც „ტოგა პრეტექსტა” ერქვა, და ასევე, ბავშვების სამოსს მეწამული კანტი დაჰყვებოდა.