ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შედევრები ეკრანებზე

მშვენიერებაში მოგზაურობას ჯოტოს შემოქმედებითი გზის რევოლუციური მომენტიდან ვიწყებთ. “მადონა დი ონისანტისთან” დაკავშირებით გამოფენის კურატორი ჯულიანო პიზანი ამბობს, რომ “ღვთისმშობლის სახე, მზერა, დამუწული ტუჩები და უნაზესი ღიმილი ღვთაებრივის განკაცების პირველ ნიშნებზე მიგვითითებს”. ამ პირველ ნიშნებს მხატვარი მოგვიანებით (1303-1305წწ.) პადუაში, სკროვენის კაპელის მოხატვისას დახვეწს, როდესაც ფრესკებში რეალიზმის ელემენტებს შემოიტანს: ფიგურების სახეებსა და ჟესტებში მათივე გრძნობები ირეკლება, გამოსახულებაში პერსპექტივა, სიღრმე და ინოვაციური ქრომატიზმი ჩნდება, იგრძნობა გრაფიკის საფუძვლიანი ცოდნა.

giotto cappella scrovegni

ახალ ეპოქაში ადამიანი ხელახლა უბრუნდება სამყაროს ცენტრს. ეს ვიტრუვიუსის ადამიანია, რომელსაც კოსმიური ჰარმონიის საიდუმლოებების შეცნობა სურს და მშვენიერების საიდუმლოს იკვლევს. დღეს უფიცის გალერეაში დაცული ლეონარდო და ვინჩის”ხარება” (დაახლ. 1472 წ.) სწორედ ამ ახლებური მიდგომის ნიმუშია.

leonardo lannunciazione firenze uffizi

ახალ გავლენას კარგად გადმოსცემს რენესანსის ეპოქის საკულტო ნამუშევრები – ბოტიჩელის “ვენერას დაბადება” და”გაზაფხული“. ამ დროს ღმერთები აღარ წარმოადგენენ სათაყვანო არსებებს, არამედ ცხოვრებით ტკბობის დიდოსტატები არიან და ცხოვრების საკუთარი წესი აქვთ. ყველაზე დიდი აღიარება ვენერას ხვდა წილად, რომელიც გრაციოზულობის და მშვენიერების განსხეულებას წარმოადგენს. ოციოდე წლის შემდეგ, 1504 წელს, ფლორენციაში მყოფი ოცდაორი წლის რაფაელი მაზაჩოს, დონატელოს, ლეონარდოს და მიქელანჯელოს შედევრებით ტკბება, 1505 წელს კი ქმნის ტილოს “მადონა ჩიტბატონათი” – გრაციოზულობით, სინაზით, ჰარმონიითა და სიმშვიდით სავსე შედევრს, რომელზეც შინაურული, მყუდრო გარემოა ასახული.

botticelli primavera

რენესანსის დასრულებიდან ორი საუკუნის შემდეგ, მე-18 საუკუნეში, ნეოკლასიკურ პერიოდში ხელახლა დაიწყეს ოცნება დაკარგულ ედემზე, ანტიკურ საბერძნეთსა და მის აღზევებაზე. 1812 წელს ჟოზეფინ დე ბოარნემ, ნაპოლეონის პირველმა მეუღლემ ანტონიო კანოვას გრაციების მარმარილოს სკულპტურული ჯგუფის შექმნა დაუკვეთა. ქანდაკებაში “ამური და ფსიქეა” კანოვამ ის მომენტი გამოკვეთა, როცა გამოჯანმრთელებული ამური ფსიქეას საშველად იხრება, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილა და მიცვალებულთა სამეფოს მომაკვდინებელი ალი შეისუნთქა.

canova amore e psiche