ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება

ლეონარდო და ვინჩი (1452 – 1519)

leonardo autoritratto

ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს ფლორენციასთან ახლოს, ანკიანოში დაიბადა. მამამ, ნოტარიუსმა სერ პიერო და ვინჩიმ ვაჟიშვილი ფლორენციაში, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის, ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში მიაბარა. 1470 წელს ლეონარდო ფლორენციის მხატვართა გილდიაში გაწევრიანდა. ვეროკიოს შეგირდობის და შემდგომში მასთან თანამშრომლობის წლები (1469-1476) ახალგაზრდა მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 1478 წელს ფლორენციის სინიორიამ ახალგაზრდა ლეონარდოს პალაცო ვეკიოს სან ბერნარდოს კაპელისთვის სურათის დახატვა მიანდო (ნამუშევარი ამჟამად დაკარგულია). 1481 წელს სან დონატო ა სკოპეტოს ავგუსტინელმა ბერებმა ლეონარდოს საკურთხევლის სურათის „მოგვთა თაყვანისცემის” დახატვა შეუკვეთეს. უფიცის გალერეაში დაცული ეს ნამუშევარი დაუმთავრებელი დარჩა, ვინაიდან მხატვარმა მილანის მთავრის, ლუდოვიკო მოროს მოწვევა მიიღო და საცხოვრებლად მილანში გადავიდა. სწორედ ლუდოვიკო მოროს სასახლის კარზე ყოფნისას, 1495-1497 წლებში შექმნა ლეონარდომ სახელგანთქმული ფრესკა „საიდუმლო სერობა” სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოსთვის. იმავე პერიოდში ლეონარდო საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა (მაგ. დუომოს ტიბურიუმის პროექტი, 1487-1490წწ.) და, ამავდროულად, თეატრალური სანახაობების გაფორმებაზეც მუშაობდა (მაგ. 1490 წელს კასტელო სფორცესკოში წარმოდგენები და 1491 წელს ლუდოვიკო მოროსა და ბეატრიჩე დ’ესტეს ქორწილში გამართული ტურნირი).

leonardo angelo

ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება და შემოქმედება იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქს უკავშირდება: 1504 წელს ფლორენციაში, პალაცო ვეკიოს დიდი საბჭოს დარბაზისთვის მან შექმნა ფრესკა „ანგიარის ბრძოლა” (მისი მეტოქე მიქელანჯელო გახლდათ, რომელიც იმავე დარბაზის მოპირდაპირე კედლის ფრესკაზე მუშაობდა); რომანიის კამპანიის დროს ლეონარდო ჩეზარე ბორჯიას სამხედრო ინჟინრად ახლდა; 1513 წელს ჯულიანო მედიჩის ძმის, რომის პაპის ლეონ X-ის სასახლის კარზე მსახურობდა; დაბოლოს, საფრანგეთის მეფის მიწვევით საფრანგეთში, ამბუაზში ჩავიდა, სადაც 1519 წლის 2 მაისს კლუს სასახლეში გარდაიცვალა.

leonardo macchine
დღესდღეობით ლეონარდოს მხოლოდ ოცამდე ფერწერული ნამუშევარია შემორჩენილი. ზოგიერთი მათგანი დაკარგულია (მაგ. პალაცო ვეკიოს სან ბერნარდოს კაპელის საკურთხევლის სურათი და “მედუზა” მედიჩის კოლექციიდან), ზოგი – დაუმთავრებელი (მაგ. უფიცის გალერეაში დაცული “მოგვთა თაყვანისცემა” და ვატიკანის პინაკოთეკის “წმინდა იერონიმე”). ზოგიც (მაგ. ფრესკა „ანგიარის ბრძოლა”) ტექნიკური ნაკლის გამო შექმნის პროცესშივე დაზიანდა. ლეონარდოსთვის ფერწერა თვითგამოხატვის, მეცნიერული კვლევისა და ძიების ინსტრუმენტს წარმოადგენდა – ინტელექტუალურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა, ბუნების იმიტაციისა და ინტერპრეტაციის მეშვეობით, სამყაროს მამოძრავებელი მექანიზმის არსს ჩასწვდომოდა. ლეონარდო და ვინჩის მხატვრობის გაგება შეუძლებელია მისი უჩვეულო გამოგონებების, მანქანა-აპარატების და ადამიანის სხეულზე, ფრინველების გადაფრენაზე, წყლისა და ჰაერის მასების მოძრაობაზე დაკვირვებების ცოდნის გარეშე. ეს ყველაფერი შემოგვინახა მისმა ხელნაწერებმა და ნახაზებმა, რომელთა დიდი ნაწილი მილანის ბიბლიოთეკა ამბროზიანაში, უინძორის სამეფო ბიბლიოთეკაში, ფლორენციასა და ვენეციაში დაცულ გრაფიკულ კოლექციებშია თავმოყრილი.

leonardo firma