ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ლეონარდო. Opera Omnia

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

leonardo lannunciazione firenze uffizi

ხარება
ზეთი, ხე, 98×217სმ, დაახლ. 1470წ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია

იტალიის გაერთიანების შემდეგ რელიგიური კონგრეგაციების შევიწროების შედეგად, 1867 წელს ამ ნამუშევარმა ფლორენციული ეკლესიის სან ბარტოლომეო ა მონტეოლივეტოდან უფიცის გალერეაში გადმოინაცვლა. თავიდან ავტორად დომენიკო გირლანდაიო ითვლებოდა, დღეს კი ერთსულოვნად მიიჩნევა, რომ “ხარება” ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა (სულ რაღაც 22-23 წლის) ლეონარდო და ვინჩის მიერ არის შექმნილი.
მე-15 საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისით დათარიღებას ერთი სტილისტური ელემენტის არსებობით ასაბუთებენ: ქალწულ მარიამს მკლავი მერხზე უდევს, რომლის ფორმა და ფლორისტული ორნამენტი გვხვდება ანდრეა დელ ვეროკიოს მიერ 1472 წელს შექმნილ პიერო დე’ მედიჩის ბრინჯაოს სარკოფაგზე (სან ლორენცოს ეკლესია, ფლორენცია).
დამახინჯებული პერსპექტივა, რომელსაც ახალგაზრდა მხატვრის გამოუცდელობით ხსნიან ხოლმე, ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, თუმცა ეს ნაკლი სრულებით არ ვნებს იმ გამჭვირვალე, ჰაეროვან და ნათელ ატმოსფეროს, რომელშიც ფიგურები ჩაძირულან და რომელიც გახსნილია შორეული მთებისა და ქალაქისაკენ.
ალფიო დელ სერას მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოჩნდა სურათის გასაოცარი მკაფიოება და სინატიფე. დეტალებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ის ცოცხალი მცენარეული საფარი, რომელზეც ანგელოზია დაშვებული. წინა პლანზე გამოსახული ბუნება, რომლის თითოეული დეტალი საგულდაგულოდაა დამუშავებული, მხატვრის მიერ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს საოცრებათა დაუღალავ კვლევა-შესწავლაზე მიგვანიშნებს.

 

 

leonardo madonna col bambino madonna del garofano monaco alte pinakothek

ღვთისმშობელი ყრმით (მადონა მიხაკით)
ზეთი, ხე, 62×47,5სმ, დაახლ. 1473წ.
პინაკოთეკა, მიუნხენი

ღვთისმშობელი გამოსახულია იმ მომენტში, როდესაც შიშველ ყრმას წითელ მიხაკს აწვდის, ის კი ყვავილს ენერგიულად ართმევს. ღია ლოჯიაში მოსჩანს გაშლილი და ნათელი მთიანი პეიზაჟი, ლურჯი მწვერვალებით და ტყით.
ლეონარდოს ნამუშევრებს შორის ამ სურათს ფლორენციისა და ვეროკიოს გავლენა ყველაზე მეტად ეტყობა. სწორედ ამიტომ ლეონარდოს ავტორობა, რომელიც დღეს ერთსულოვნადაა დადასტურებული, დიდი ხნის განმავლობაში საეჭვო იყო და სურათის ავტორად ლორენცო დი კრედი ან ვეროკიო ითვლებოდა. ფლამანდიული მხატვრობისთვის დამახასიათებელი დახვეწილობით და სიფაქიზით გამოირჩევა ის ნატიფი ნატურალიზმი, რომლითაც ლეონარდომ გამოსახა ღვთისმშობლის სამოსი და პეიზაჟი, რომლის დეტალები საგულდაგულოდაა დამუშავებული. განსაკუთრებული ვირტუოზული პლასტიკურობით გამოირჩევა ღვთისმშობლის მარაოსავით გაშლილი მოსასხამის ნაკეცები და ანატომიური ფორმები, რაც უფრო წააგავს ვეროკიოს დახვეწილ და ყველაზე “ლეონარდოსეულ” ქანდაკებებს, მაგ. ბარჯელოს მუზეუმში დაცულ “ქალს ყვავილების თაიგულით” (მარანი, 1989).
სავარაუდოდ, ეს სურათი ძალიან ადრეული ნამუშევარია და დაახლოებით 1473 წლით თარიღდება, როცა ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში მომუშავე 21 წლის ლეონარდო დამოუკიდებლად პირველ ნამუშევრებს ქმნიდა.

 

 

leonardo ginevra de benci washington national gallery of art

ჯინევრა დე’ ბენჩი
ზეთი, ხე, 38,8×36,7სმ, დაახლ. 1475წ.
ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი

სურათი, რომელიც ვენაში, ლიხტენშტეინის კოლექციაში ინახებოდა, ლეონარდო და ვინჩიმ მაშინ დახატა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა (ოცდასამი წლის) იყო და მისი საქმიანობა ჯერ კიდევ ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოს უკავშირდებოდა. ძველი წყაროების (ანტონიო ბილის, გადის უცნობი ავტორი, ვაზარი) თანახმად, ეს ჯინევრა დე’ ბენჩის პორტრეტია, რომელიც 1474 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში ლუიჯი დი ბერნარდო დი ლაპო ნიკოლინიზე დაქორწინდა. პორტრეტი სწორედ ქორწილისთვის, ან ოდნავ მოგვიანებით შეიქმნა.
მომცრო ზომის სურათზე უამრავი სიმბოლოა, რომელიც ახალგაზრდა ქალთან არის დაკავშირებული, მაგ. მის ზურგსუკან ეკლიანი მცენარეები – ღვიის ბუჩქნარია, რომელიც გამოსახული პერსონაჟის სახელზე მიგვანიშნებს. სურათის უკანა მხარეზე გერბს ქმნის სამი გადახლართული მცენარე: ცენტრში ღვიის ტოტი, მარცხნივ დაფნა (დიდების სიმბოლო), მარჯვნივ კი პალმის რტო (სათნოების სიმბოლო). იქვეა ლათინური წარწერა “virtutem forma decorat” (“სილამაზე ამშვენებს სათნოებას”). სურათისთვის დამახასიათებელია ფაქიზი გამომსახველობითი ტექნიკა.
ხელოვნებათმცოდნეების აზრით (გომბრიხი, 1964; სალვინი, 1984), ლეონარდო და ვინჩის შემოქმედების ახალგაზრდულ პერიოდს ეტყობა ფლამანდიელი მხატვრების, კერძოდ, ვან ეიკის გავლენა, რომლის ნამუშევრები იმ პერიოდში მდიდარი ფლორენციელების კოლექციებში ინახებოდა.

 

 

leonardo adorazione dei magi firenze uffizi

მოგვთა თაყვანისცემა
ხე, ნახშირი, აკვარელი, ზეთი, 243×246სმ, 1481წ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია

ფლორენციის “Opificio delle Pietre Dure”-ს მიერ ჩატარებული რესტავრაციის მერე, 2017 წელს სურათი უფიცის გალერეაში დაბრუნდა. 1482 წელს ლეონარდო საცხოვრებლად და სამუშაოდ მილანში გაემგზავრა და ნამუშევარი დაუმთავრებელი დატოვა.
ეს გახლავთ დიდი ზომის ესკიზი, რომლის ყველა დეტალი საგულდაგულოდაა დამუშავებული. მხატვრობის საყოველთაოდ მიღებული წესის თანახმად იდეების ქაღალდზე გადმოტანისა და ჩახატვის ნაცვლად, მხატვარმა გამოსახულება პირდაპირ მზა ხის ზედაპირზე შექმნა.
“მოგვთა თაყვანისცემის” დახატვა ლეონარდოს სან დონატო ა სკოპეტოს ავგუსტინელმა ბერებმა დაუკვეთეს. ამდენად, სურათის მთავარი თემა წმინდა ავგუსტინეს თეოლოგიური მოსაზრებაა, რომლის თანახმად მაცხოვრის გამოცხადება დედამიწაზე მცხოვრები ხალხების საყოველთაო მოქცევად მოიაზრებოდა.
ლეონარდომ ღვთისმშობლის ფერხთით მუხლმოყრილი ადამიანები წრიულად განალაგა და ისე გამოსახა, როგორც მორევი, რომლის ცენტრი დედის კალთაში მჯდარი ყრმაა. თავისუფალი და სწრაფი გრაფიკული შტრიხებით შექმნილ ფონზე უამრავი სხვადასხვა სცენაა: მაგ. მარჯვენა მხარეს – ბრძოლაში ჩაბმული მამაკაცებისა და ცხენების ფიგურები (ეს სცენა ფლორენციის პალაცო ვეკიოს ფრესკის “ანგიარის ბრძოლა” იდეის წინამორბედია); მარცხენა მხარეს – ნაგებობები (ზოგი ნანგრევების სახით, ზოგიც შენების პროცესში). ანტონიო ნატალის ბოლოდროინდელი კვლევების (2002, 2016) თანახმად, ეს გახლავთ ესაიას ნაწინასწარმეტყველები სიუჟეტი (იხ. ესაია წინასწარმეტყველი, 7, 14 და 60, 4, 6-7), ანუ მაცხოვრის გამოცხადება, რის შემდეგ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს და ძველი სამყაროს ნანგრევებზე ახალი აშენდება.

 

 

leonardo san girolamo penitente roma pinacoteca vaticana

წმინდა იერონიმე
ზეთი, ხე, 103×75სმ, დაახლ. 1480-1482წწ.
ვატიკანის პინაკოთეკა, რომი

ცნობილია, რომ სურათი 1803 წლამდე ანჯელიკა კაუფმანს ეკუთვნოდა, შემდეგ ნაპოლეონის ბიძას, კარდინალ ფეშს, მერე კი სურათმა ვატიკანის მუზეუმში გადაინაცვლა – 1846-1857 წლებში „წმინდა იერონიმე” რომის პაპმა პიო IX-მ პინაკოთეკისთვის შეიძინა.
სურათი დაუმთავრებელია, მასზე გამოსახულია სანახევროდ შემოსილი, ჩამუხლული წმინდა იერონიმე. უდაბნოში მონანიე წმინდანს მარჯვენა ხელში ქვა უჭირავს, რომელიც მკერდში ჩასარტყმელად მოუმზადებია, ფერხთით ლომი (წმინდა იერონიმეს იკონოგრაფიული სიმბოლო) უწევს. სცენა წმინდანის თავზე ჩამოწოლილი კლდეების ფონზე იშლება, რომელთა სულ უფრო მკრთალი გამოსახულება შორეულ ჰორიზონტშიც მეორდება. უცნობია, როგორც სურათის თავდაპირველი დანიშნულება, ასევე ის მიზეზიც, თუ რატომ დარჩა ის დაუმთავრებელი.
წმინდანის სახისა და სხეულის გამოკვეთილად ნატურალისტური გამოსახვა, ფერები (შავი და ოხრა), ხატვის სწრაფი ტექნიკა – ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, სურათი უფიცის გალერეაში დაცული “მოგვთა თაყვანისცემის” შექმნის (ან ოდნავ გვიანდელი) პერიოდით დავათარიღოთ.

 

 

leonardo madonna col bambino madonna benois san pietroburgo ermitage

ღვთისმშობელი ყრმით (ბენუას მადონა)
ზეთი, ტილო (გადატანილია ხიდან), 48×31სმ, დაახლ. 1480-1481წწ.
ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი

სურათი ერმიტაჟში 1914 წლიდან ინახება. მისი უკანასკნელი მფლობელის, მ. ა. ბენუას გარდა, წინა მფლობელებზე არაფერი ვიცით – ცხადია, სარწმუნოდ თუ არ მივიჩნევთ იმ სათავგადასავლო ისტორიას, რომელიც ბენუამ რუსეთის საიმპერიო კოლექციების მცველს, ლიფჰარტს უამბო და რომლის თანახმად, სურათი უკანასკნელი მფლობელის წინაპარმა 1824 წელს ქ. ასტრახანში მოხეტიალე იტალიელი მუსიკოსებისგან შეიძინა. უფრო სარწმუნოა (თუმცა დაუსაბუთებელი) ცნობა, რომლის თანახმად სურათი თავადი კურაკინის კოლექციაში ინახებოდა.
ტილოზე გადატანის შედეგად, ნამუშევარი ძალიან დაზიანდა. შენახვის პირობებიც საუკეთესო არ გახლდათ. სურათის მთავარი იდეა ღვთისმშობლისა და ყრმის სითბოთი და სიყვარულით გამსჭვალული კავშირის ასახვაა და ეს იდეა ლონდონში დაცულ მუყაოზეც მეორდება, რომელზეც გამოსახული არიან წმინდა ანა, ღვთისმშობელი და ყრმა. ამ სურათის მსგავსმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა რაფაელის ფლორენციულ პერიოდში შექმნილ “მადონებზე” (“მადონა ჩიტბატონათი”, “მშვენიერი მებაღე”). შესაძლოა, ლეონარდომ “ბენუას მადონას” შექმნა ჯერ კიდევ ფლორენციაში ყოფნის დროს ჩაიფიქრა, სურათზე მუშაობა კი უკვე ლომბარდიაში დაასრულა (მარანი, 1989).

 

 

leonardo la dama con lermellino cecilia gallerani cracovia czartoryski muzeum

ქალი ყარყუმით (ჩეჩილია გალერანი)
ზეთი, ხე, 54,8×40,3სმ, დაახლ. 1488-1489წწ.
ჩარტორისკის მუზეუმი, კრაკოვი

ეს ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ქალია, რომელიც მაღალ წრეს ეკუთვნის (რასაც თმის ვარცხნილობა, ტანისამოსი და სამკაულები მოწმობს). მისი მზერა მაყურებლისკენ მიმართული არ არის, თავი ოდნავ დახრილია, თითქოს ქალის ყურადღება ვიღაცის საქციელმა ან ნათქვამმა მიიქცია და დააინტერესა. ამ მოულოდნელ მოძრაობაში, რომელიც ერთიან პოზას თითქოს “ამსხვრევს”, ინტერესი და მოუსვენრობა იგრძნობა.
ქალს ხელში პატარა მკვირცხლი და სასტიკი ცხოველი უჭირავს. ლეონარდო და ვინჩის სიდიადეს რომ ჩასწვდეთ, როცა ის ცოცხალ ბუნებას გამოსახავს, ყარყუმის ქათქათა ბეწვის მბზინვარებასა და სამკუთხა დრუნჩის ველურ მოხდენილობას ახლოდან უნდა შეხედოთ.
“ქალი ყარყუმით” 19-20 წლის ჩეჩილია გალერანია (მისი ვინაობა სადავო აღარ არის), რომელიც მილანის არისტოკრატიას განეკუთვნებოდა და ლუდოვიკო მოროს საყვარელი გახლდათ, რომელსაც ვაჟიშვილი გაუჩინა. დოკუმენტების თანახმად, ჩეჩილია მთავრის სასახლის კარზე მიღებული იყო და რამოდენიმე წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა მილანის მთავართან, რომელიც უყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ ცოლად ვერასდროს გაჰყვებოდა. ყარყუმი, რომელიც ჩეჩილიას ხელში უჭირავს, მიგვანიშნებს ლუდოვიკო მოროზე, რომელიც 1488 წელს ნეაპოლის მეფემ “ყარყუმის რაინდთა ორდენის” (L’Ordre de l’Hermine) წევრად აკურთხა. სურათი, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოდან ჩარტორისკის კოლექციაშია აღნუსხული, სავარაუდოდ, იტალიაში იქნა შეძენილი.

 

 

leonardo ritratto di dama la belle ferronire parigi louvre 
ქალის პორტრეტი (ლამაზმანი შუბლსაკრავით)
ზეთი, ხე, 63×45სმ, დაახლ. 1495-1500წწ.
ლუვრი, პარიზი

ეს პორტრეტი, “მუსიკოსის პორტრეტისა” (პინაკოთეკა ამბროზიანა) და “ჩეჩილია გალერანის პორტრეტის” (კრაკოვი) შემდეგ, მილანის პერიოდში შექმნილი პორტრეტების სერიას ეკუთვნის (მარანი, 1989), რომელიც მე-15 საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. “მუსიკოსის პორტრეტის” მსგავსად, ლუვრში დაცული “ქალის პორტრეტის” ავტორის ვინაობა დიდხანს სადავო გახლდათ, დღეს კი ერთსულოვნად მიიჩნევა, რომ პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა. ადრე ითვლებოდა (სუიდა, 1929), რომ პორტრეტის იდეა ლეონარდოს ეკუთვნის, თუმცა შესრულებულია მისი მოწაფის (შესაძლოა, ბოლტრაფიოს) მიერ.
გასაოცარია ის დახვეწილი ხაზები და მსგავსების სიზუსტე (რაც ფლამანდიული ფერწერის ნიმუშებსა და ანტონელო და მესინას ნამუშევრებს გვაგონებს), რომლითაც ლეონარდო ქმნის სამკაულების ფორმებს, ქსოვილის ხელშესახებ ფაქტურასა და ახალგაზრდა ქალის ნათელ სილამაზეს. ეს პორტრეტი ისეა ჩაფიქრებული, როგორც ქანდაკება (კემპი, 1988), რომელიც თითქოს გვიზიდავს ყველა მხრიდან შევხედოთ და დავათვალიეროთ. “ჩეჩილია გალერანის პორტრეტის” მსგავსად, აქაც პერსონაჟი ოდნავ შემობრუნებულ პოზიციაშია გამოსახული. დაუვიწყარია ამ მომხიბვლელი ქალის მოუხელთებელი, ცოცხალი მზერა. მისი ვინაობა დღემდე დავის საგანია – კრიტიკოსების აზრი იყოფა ჩეჩილია გალერანის, ბეატრიჩე დ’ესტესა და ლუკრეცია კრიველის შორის.

 

 

leonardo ritratto di musico milano pinacoteca ambrosiana
მუსიკოსის პორტრეტი

ზეთი, ხე, 44,7×32სმ, დაახლ. 1488-1489წწ.
პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი

„მუსიკოსის პორტრეტი” პინაკოთეკა ამბროზიანაში პირველად 1672 წელს მოიხსენიება. შესაძლოა, სურათი პინაკოთეკას მისმა დამაარსებელმა, კარდინალმა ფედერიკო ბორომეომ უსახსოვრა. დაუზუსტებელია გამოსახული პერსონაჟის ვინაობა. ითვლება, რომ ეს ფრანკინო გაფურიოა, რომელიც 1484 წლიდან მილანის დუომოს კაპელმაისტერი გახლდათ. ამჟამად სურათის ავტორის ვინაობა დადასტურებულია, თუმცა ერთ ხანს ესეც სადავო იყო: ზოგიერთის აზრით, სურათის იდეა და მონახაზი ლეონარდოს ეკუთვნოდა, მაგრამ შექმნილი და დასრულებული იყო მისი ერთ-ერთი მოწაფის (დე პრედისის ან ბოლტრაფიოს) მიერ.
ბოლო დროს ჩატარებულმა სამეცნიერო ანალიზებმა დაამტკიცა, რომ ხელი, რომლითაც მუსიკოსს გრაგნილი უჭირავს, მოგვიანებით და განსხვავებული პიგმენტისა და წებოვანი მასალის გამოყენებით არის დახატული. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ეჭვი, თითქოს ლეონარდოს მიერ დაწყებულ სურათზე მუშაობა სხვამ (სავარაუდოდ, ბოლტრაფიომ) დაასრულა. თუმცა გამორიცხული არც ის არის, რომ ეს დეტალი ლეონარდოს თავად დაეხატოს.
სურათი ფლამანდიული ფერწერის ნიმუშებს გვახსენებს, გამოსახულების სიმკვეთრე კი ანტონელო და მესინას ნამუშევრებს მოგვაგონებს, რომელიც, არსებული ცნობების თანახმად, 1475 წელს მილანში იმყოფებოდა და, შესაძლოა, ლეონარდოს მისი ნამუშევრები ნანახი ჰქონოდა.

 

 

leonardo ritratto di donna la gioconda o monna lisa parigi louvre
ქალის პორტრეტი (ჯოკონდა, ანუ მონა ლიზა)

ზეთი, ხე, 77×53სმ, დაახლ. 1501-1503წწ.
ლუვრი, პარიზი

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სურათი და ნამდვილი ტურისტული ღირშესანიშნაობაა, თუმცა მის შესახებ სარწმუნო ცნობები ძალიან მწირია. კასიანო დელ პოცოსგან (1625) ვიცით, რომ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა სურათი წარმოუდგენლად ძვირად, 4000 ოქროს დუკატად შეიძინა. ჯორჯო ვაზარი “შემოქმედთა ცხოვრების” პირველ გამოცემაში იმ სახელს ახსენებს, რომლითაც სურათი ცნობილი გახდა: “ლეონარდო ფრანჩესკო დელ ჯოკონდოსთვის მისი მეუღლის, მონა ლიზას პორტრეტის ხატვას შეუდგა და ოთხწლიანი შრომის შემდეგ, დაუმთავრებელი დატოვა. დღეს ეს ნამუშევარი საფრანგეთის მეფესთანაა, ფონტენბლოში”.
მიუხედავად ამისა, დანამდვილებით არ ვიცით, რომ პორტრეტზე გამოსახულია ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი მონა ლიზა. ზოგიერთი (პედრეტი, 1957) ამ ქალის ნაკვთებში ხედავს მსგავსებას პაჩიფიკა ბრანდანოსთან, რომელიც ლეონარდოს რომში ცხოვრების პერიოდში (1513-1515 წლებში) მხატვრის მფარველის, ჯულიანო დე’ მედიჩის საყვარელი გახლდათ.
ქრონოლოგიაც დაუზუსტებელია. სურათი თარიღდება მე-16 საუკუნის დასაწყისით – რაფაელმა, რომელიც 1504-1508 წლებში ფლორენციაში ცხოვრობდა და მუშაობდა, მადალენა დონის პორტრეტში (1506წ., გალერეა პალატინა) ჯოკონდას სხეულისა და ხელების პოზა გაიმეორა. შესაძლოა (კემპი, 1981), ლეონარდო ამ სურათზე მუშაობას ფლორენციაში შეუდგა, შემდეგ კი ხატვა საფრანგეთში გააგრძელა. სრულყოფილი ტექნიკის გამოყენებით შექმნილი მონა ლიზას გამოსახულება, ცოცხალი ბუნების ფონზე ამონათებული ფიგურისა და იდუმალი ღიმილის მეშვეობით, კრიტიკოსებისა და მწერლების თაობებს ხიბლავს.

 

 

leonardo il cenacolo milano refettorio di santa maria delle grazie
საიდუმლო სერობა

კედლის მხატვრობა, 460×880სმ, 1498წ.
სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზო, მილანი

ამ შედევრმა ჩვენამდე უაღრესად დაკნინებულ მდგომარეობაში მოაღწია. ფრესკის შექმნის ფლორენციული მეთოდის (“buon fresco”) გამოყენების ნაცვლად, ლეონარდომ, შთამბეჭდავი ნატურალისტური ეფექტის მისაღწევად, სპეციფიკურ ტექნიკას მიმართა, რომელიც ზეთისა და ტემპერას გამოყენებას გულისხმობდა. ამან ფრესკის პროგრესული დაზიანება გამოიწვია, რის გამოც მას უამრავი სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარდა სხვადასხვა რესტავრატორების მიერ: მე-18 საუკუნის ოსტატებიდან ისეთ თანამედროვე სპეციალისტებამდე, როგორიცაა კავენაგი, პელიჩოლი და პინინ ბრამბილა (უკანასკნელი რესტავრაცია ნამუშევარს მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში ჩაუტარდა). უნდა ითქვას, რომ ჩამოცვენილი საღებავისა და გამუდმებული რეკონსტრუქციის შედეგად, სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ლეონარდოს ორიგინალური ფერწერის 50%-ზე ნაკლებია შემორჩენილი.
იკონოგრაფიული სიუჟეტი იმდროინდელი სამონასტრო სატრაპეზოებისათვის დამახასიათებელია. ზიარების დაწესების გარდა, ლეონარდოს სურათზე გამოსახულია ის მომენტი, როდესაც ქრისტე ამბობს, რომ მას ერთ-ერთი მოციქულთაგანი გასცემს. მისი სიტყვები მოწაფეებში გაოგნებასა და აფორიაქებას იწვევს, რაც სხვადასხვა ჟესტით, მოძრაობითა და სულიერი მღელვარებით გადმოიცემა. მოციქულები სამკაციან ჯგუფებად არიან წარმოდგენილნი და თითქოს მათ სულებში და გრძნობებში ქარიშხალი ბობოქრობს.
ლეონარდოსთვის სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოს კედლის მოხატვის დაკვეთა მილანის მთავარმა ლუდოვიკო მორომ ისურვა. მანვე დააჩქარა ფრესკაზე მუშაობის დასრულება, რაც 1498 წელს მოხდა (როგორც ამას ლუკა პაჩოლი ასაბუთებს). 1854 წელს სტეფანო ბარეცის მიერ ჩატარებულმა რესტავრაციამ გამოაჩინა “საიდუმლო სერობის” თავზე, ყვავილწნულებში გამოსახული სფორცას საგვარეულო გერბები.

 

 

leonardo la vergine delle rocce parigi louvre

მადონა მღვიმეში
ზეთი, ხე, 199×122სმ, დაახლ. 1483-1486წწ.
ლუვრი, პარიზი

ამ სახელგანთქმული სურათის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივია. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ სურათის შექმნა ლეონარდოსა და ძმებს, ამბროჯო და ევანჯელისტა დე პრედისს 1483 წლის 25 აპრილს „უბიწო ჩასახვის საძმომ” მილანის ერთ-ერთი ეკლესიის სან ფრანჩესკო გრანდეს კაპელისთვის დაუკვეთა (ამჟამად აღარ არსებობს). ლეონარდომ და ამბროჯო დე პრედისმა 1491-1493წწ. ლუდოვიკო მოროს არზა გაუგზავნეს, სადაც სთხოვდნენ დამატებით დაფინანსებას საკურთხევლის მოსახატად, რომლის ცენტრალური ნაწილი ტოსკანელმა მხატვარმა, ხოლო გვერდითი ნაწილები დე პრედისმა შექმნა (მათზე გამოსახულია ანგელოზები მუსიკალური საკრავებით. ამჟამად ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება).
იდუმალებითაა მოცული სურათის საფრანგეთში მოხვედრის ამბავიც (სურათი 1625 წელს კასიანო დელ პოცომ ფონტენბლოს სასახლეში იხილა). ბევრი ხელოვნებათმცოდნის აზრით, ლუდოვიკო მორომ სურათი მაქსიმილიანე ჰაბსბურგს ბიანკა მარია სფორცაზე დაქორწინებასთან დაკავშირებით ძღვნად მიართვა. როდესაც მაქსიმილიანეს ქალიშვილი ელეონორა საფრანგეთის მეფეზე, ფრანსუა I-ზე დაქორწინდა, სურათმა ინსბრუკის სამეფო სახლიდან საფრანგეთში გადაინაცვლა.
იკონოგრაფიული სიუჟეტი ლეგენდარულია და იესო ქრისტესა და ყრმა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში შეხვედრას ასახავს. ღვთისმშობელმა იესოს მარჯვენა ხელი მოხვია, იესოს წინ გამოსახულმა იოანე ნათლისმცემელმა ხელი კურთხევის ჟესტით აღმართა, ანგელოზი კი მხსნელზე მიუთითებს. სცენა კლდოვანი პეიზაჟის ფონზე იშლება, სადაც მდიდარ და მრავალფეროვან მცენარეულ საფარს სინათლის კონტრასტული სხივები სერავს. კლდის ღიობებში შორეული მთები მოსჩანს. სურათს, რომელიც ლეონარდოს შემოქმედების მილანური პერიოდის შუა წლებში შეიქმნა, ფლორენციული კვალი ატყვია, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ანგელოზის ფიგურაში.

 

 

leonardo la vergine delle rocce londra national gallery
მადონა მღვიმეში

ზეთი, ხე, 189,5×120სმ, მე-16 საუკუნის დასაწყისი
ეროვნული გალერეა, ლონდონი

ლუვრში დაცული სურათის “მადონა მღვიმეში” მომდევნო ვარიანტი, რომელიც წინამორბედი სურათის იკონოგრაფიულ მოდელს იმეორებს. ღვთისმშობელს მარჯვენა ხელი ყრმისთვის მოუხვევია, ანგელოზი და პატარა იოანე ნათლიმცემელი გამოსახულნი არიან კლდეების ფონზე. სადღაც შორს ზღვა და ცისფერი მთები მოსჩანს, რომლებიც ჰაერში ფერმკრთალდება და უჩინარდება. ეს მონუმენტული გამოსახულებაა, რომლის წინა პლანზე ახალი აღქმის პერსონაჟებია, უკან კი – შორეული პეიზაჟი.
1880 წლიდან ლონდონის ეროვნულ გალერეაში დაცული სურათი გევინ ჰამილტონს ეკუთვნოდა, რომელმაც სურათი წმინდა ეკატერინეს კონგრეგაციისგან შეიძინა. ეს კონგრეგაცია იმ დროისთვის უკვე გაუქმებული „უბიწო ჩასახვის საძმოს” უფლებამემკვიდრე გახლდათ, რომელმაც თავის დროზე ლეონარდოს და ძმებს დე პრედისს ამჟამად ლუვრში დაცული სურათის დახატვა დაუკვეთა. სურათის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ლეონარდოსა და ამბროჯო დე პრედისის ერთობლივი მუშაობის იდეას ბევრი კრიტიკოსი ეთანხმება, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს კარლო პედრეტი (1973), რომლის აზრით, ლეონარდოს ავტორობა თვალნათელი და უდავოა. ეს მოსაზრებები და ლეონარდო და ვინჩის სტილი (რომელიც მთელ მის შემოქმედებას გასდევს და რომელმაც მაღალ რენესანსს თავისი კვალი დაატყო) გვაძლევს საფუძველს, სურათის შექმნა მე-15 საუკუნის ბოლო წლებს ან მე-16 საუკუნის დასაწყისს მივაკუთვნოთ.

 

 

leonardo testa di fanciulla la scapigliata parma pinacoteca nazionale
გოგონას თავი (la Scapigliata)

ხე, ჟანგმიწა და ტყვიის თეთრა, 27,7×21სმ, დაახლ. 1500წ.
ეროვნული პინაკოთეკა, პარმა

ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და საიდუმლოებით მოცული ნამუშევარი. სურათი, რომელზეც გამოსახულ გოგონას თმას ქარი უწეწავს (სურათის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – “la Scapigliata” იტალიურად თმაგაწეწილს ნიშნავს), პარმის პინაკოთეკაში 1839 წლიდან ინახება. პინაკოთეკას სურათი პარმელი მხატვრის გაეტანო კალანის შთამომავლებმა შესთავაზეს, ამიტომაც თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე თავად კალანის მიერ შექმნილ ფალსიფიცირებულ ნამუშევარს ეხებოდა. მოგვიანებით ხელოვნებათმცოდნეებმა ეს მოსაზრება უარყვეს და ამჟამად მიჩნეულია, რომ სურათი ნამდვილად ლეონარდო და ვინჩიმ დაახლოებით 1500 წელს შექმნა. ლეონარდოს შემოქმედების ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, კარლო პედრეტი ამ სურათის შექმნას მანტუის მთავრის სასახლის კარსა და მარკიზა იზაბელა დ’ესტეს უკავშირებდა, რომელსაც სურდა, მის კოლექციაში ტოსკანელი მხატვრის რომელიმე ნამუშევრი ყოფილიყო. გონძაგას ქონების აღწერაში 1627 წელს მოხსენიებულია “ქალი გაწეწილი თმით, ჩანახატი… ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი”. სურათი ნანახი ჰქონდათ მე-16 საუკუნის ლომბარდიელ მხატვრებს, რასაც მოწმობს ის გავლენა, რომელიც ნათლად ჩანს ბერნარდინო ლუინის შემოქმედებაში (მარანი, 1979).

 

 

leonardo san giovanni battista parigi louvre 0
წმინდა იოანე ნათლისმცემელი

ზეთი, ხე, 69×57სმ, დაახლ. 1513-1516წწ.
ლუვრი, პარიზი

როდესაც 1517 წელს ანტონიო დე ბეატისმა ლეონარდო ამბუაზში, კლუს სასახლეში მოინახულა, მხატვრის სახელოსნოში სამი სურათი იხილა: ერთზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით და წმინდა ანასთან ერთად (დაცულია ლუვრში), მეორეზე – “ვინმე ფლორენციელი ქალი, დახატული დიდებული ჯულიანო დე’ მედიჩის დაკვეთით” (დიდი ალბათობით, საუბარია “ჯოკონდაზე”), მესამეზე კი – ახალგაზრდა იოანე ნათლისმცემელი. ეს უკანასკნელი, ბევრი განსაცდელის შემდეგ, სავარაუდოდ, კარდინალი მაძარინოს მეოხებით, 1666 წლამდე, ლუდოვიკო XIV-ის დროს ლუვრის სამეფო კოლექციაში აღმოჩნდა.
იოანე ნათლისმცემლის ფიგურა სპირალისებრ მოძრაობაშია გამოსახული – მისი მარჯვენა ხელი ზევით არის აღმართული, სახე კი მარცხნივ არის დახრილი. სურათის რადიოგრაფიულმა და რეფლექტოგრაფიულმა ანალიზმა დაადასტურა იმ ტექნიკის სრულყოფილება, რომელიც ეფუძნება მსუბუქ, თითქმის უხილავ ფუნჯის მოსმას, ფერის მინიმალური გამოყენებით და თითქოს შეხების გარეშეც კი. ამჟამად ითვლება, რომ სურათი შეიქმნა მხატვრის შემოქმედების მეორე მილანურ და რომაულ პერიოდებს შორის, დაახლოებით 1513-1516 წლებში.

 

 

leonardo bacco parigi louvre

ბახუსი
ზეთი, ხე (გადატანილია ტილოზე), 177×115სმ, დაახლ. 1510-1513წწ.
ლუვრი, პარიზი

იკონოგრაფიული ცვლილება (ბახუსიდან იოანე ნათლისმცემლამდე უდაბნოში), შესაძლოა, ლეონარდოს სიცოცხლეშივე მომხდარიყო. კარლო პედრეტის (1972წ.) მოსაზრებით, რომელსაც თანამედროვე კრიტიკოსთა უმრავლესობა იზიარებს (მარანი, 1989წ.), საქმე ეხება ნამუშევარს, რომლის მხოლოდ ნაწილია შექმნილი ლეონარდოს მიერ, მასზე მუშაობა კი მოწაფეებმა დაასრულეს.

 

 

leonardo santanna la madonna il bambino con lagnello parigi louvre
ღვთისმშობელი ყრმასთან და წმინდა ანასთან ერთად

ზეთი, ხე, 168×130სმ, დაახლ. 1513წ.
ლუვრი, პარიზი

სურათი ანტონიო დე ბეატისმა 1517 წლის ოქტომბერში ამბუაზში, კლუს სასახლეში ლეონარდოს სახელოსნოში იხილა. მოგვიანებით ნამუშევარი იტალიაში აღმოჩნდა ფრანჩესკო მელცის მემკვიდრეობასთან ერთად (რომელიც მალე მიიკარგა). 1629 წელს სურათი კარდინალმა რიშელიემ კაზალე მონფერატოში აღმოაჩინა და 1636 წელს საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIII-ს ძღვნად მიართვა.
ლეონარდო დიდხანს ფიქრობდა წმინდა ოჯახის თემაზე, კერძოდ, ქალებზე (მარიამსა და მის დედაზე, ანაზე), რომლებიც პატარა იესოზე სიყვარულით და მღელვარებით ზრუნავდნენ. ეს იდეა ლეონარდომ პირველად (დაახლოებით 1500 წელს) მუყაოზე გადმოიტანა და გამოსახა წმინდა ანა, ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელი (ამჟამად ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება).
ამ სურათზე კი იკონოგრაფიამ სახეცვლილება განიცადა: იოანე ნათლისმცემლის ადგილას გაჩნდა მაცხოვრის მსხვერპლშეწირვის სიმბოლო – ღვთის კრავი, რომელმაც კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვები უნდა გამოისყიდოს. ყრმა იესო კრავს ეხვევა – ეს ქრისტეს, როგორც მსხვერპლის, ბედისწერაზე მიანიშნებს. ღვთისმშობელი, რომელმაც ეს იცის, შვილს ისე იკრავს, თითქოს უნდა, საზარელ ბედს გაარიდოს. წმინდა ანა, რომელიც ეკლესიას განასახიერებს, თვალყურს ადევნებს, რომ მსხვერპლშეწირვა და კაცობრიობის ხსნა აღსრულდეს. ფიგურები მანერისტულად, მობრუნებულ პოზიციაშია გამოსახული, მბზინავი კლდეების, ნისლისა და გაშლილი სივრცის ფონზე.
პიეტრო მარანის აზრით (1898), ამგვარი სურათის ახსნა-განმარტება ძნელი იქნება ლეონარდოს სივრცეში მოძრავი სხეულების ჩანახატებისა და ფლორენციის პალაცო ვეკიოს დიდი საბჭოს დარბაზის ფრესკისთვის “ანგიარის ბრძოლა” მოსამზადებელი ესკიზების გარეშე.