ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო

გამოფენა “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო, შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან” გვთავაზობს იმ ჟანრებისა და მხატვრობის სტილების ვრცელ პანორამას, რომლებმაც განსაზღვრა ბაროკოს ფერებით, თეატრალური ეფექტებით, შუქჩრდილებითა და კონტრასტებით მდიდარი ესთეტიკა და, ამავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის საკომუნიკაციო, ზნეობრივი და სულიერი სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მქონე ფერწერის გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ სხვადასხვა ჟანრების ნიმუშები, რომლებსაც იმდროინდელი დამკვეთები ანიჭებდნენ უპირატესობას: პორტრეტი, ავტოპორტრეტი, პეიზაჟი და მოსამზადებელი ესკიზები საკულტო ნაგებობების დიდი ფრესკებისთვის.

პორტრეტი, როგორც ძალაუფლების გამოხატულება
ჯოვან ლორენცო ბერნინი, ჯოვან ბატისტა გაული (“ბაჩიჩო”), ალესანდრო მატია, ფერდინანდ ვუტი, ფრანჩესკო ტრევიზანი

გამოფენილი ნამუშევრები კარგად წარმოაჩენს იმ მნიშვნელობას, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის კოლექციებში პორტრეტის ჟანრს ენიჭებოდა. საქმე ეხება სერიული პორტრეტების ახლად დამკვიდრებული ტენდენციისთვის ნიშანდობლივ (საზეიმო) ნამუშევრებს, რომლებსაც კურიის წარმომადგენელებისა თუ დიდგვაროვნების უპირატესობისა და ძალაუფლების წარმოსაჩენად იქმნებოდა. ამ ჟანრის წარმატება ნაწილობრივ პეტერ პაულ რუბენსისა და მისი შესანიშნავი მოწაფის, ანტონ ვან დეიკის შემოქმედების დამსახურებაა, რომელთა ელეგანტურმა და მგზნებარე სტილმა რომაულ სახელოვნებო გარემოს წარუშლელი კვალი დაატყო. პორტრეტის ჟანრი იყოფა პოლიტიკურ, მონუმენტულ (როდესაც გამოსახულია მთელი სხეული), წარმომადგენლობით და დეკორატიულ პორტრეტად და ავტოპორტრეტად, რომელიც კარგად წარმოაჩენს მხატვრის მკაფიო ინდივიდუალობას და მისი როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

22. giovan battista gaulli auitoritratto

ჯოვან ბატისტა გაული, მეტასახელად “ბაჩიჩო”, ავტოპორტრეტი

პეიზაჟი, ბაროკოს ნატურალიზმის ფორმები
ჟან ლემერი, კორნელის ვან პულემბურგი, იან დე მომპერი, სალვატორ როზა

პეიზაჟი მეჩვიდმეტე საუკუნეში სახვითი ხელოვნების “თვითმყოფად თემად” მკვიდრდება და დამოუკიდებელ ჟანრად ყალიბდება. პეიზაჟი აღარ წარმოადგენს “ადგილსა და გარემოს”, როგორც ადამიანის სამოქმედო არეს, არამედ იქცევა ცნებად “ადგილი-სუბიექტი”, ანუ დამოუკიდებელ მოქმედ პირად. სოფლის, ზღვისა თუ ქალაქის გამოსახვა განსხვავებულ – ნატურალისტურ, იდეალისტურ, ჰეროიკულ და რომანტიკულ – სტილებად ყალიბდება.

38. cornelius van poelemburgh coll. ferrari

კორნელის ვან პულენბურგი, პეიზაჟი ნანგრევებით და პასტორალური სცენები

ისტორიული მხატვრობა და არკადიის მითი: კლასიციზმსა და რეალიზმს შორის
კავალიერ დ’არპინო, ჟაკ სტელა, “სასოფერატო” სახელით ცნობილი ჯოვან ბატისტა სალვი, იან მილი, ფრანჩესკო ალეგრინი, კარლო მარატი, ლუიჯი გარძი, დომენიკო ფეტი, ვივიანო კოდაცი, პიერ ფრანჩესკო მოლა, ჯაჩინტო ბრანდი, “ბორგონიონეს” სახელით ცნობილი ჯაკომო კორტეზე, ჯოვან ბატისტა ბეინასკი, მატია პრეტი, ჩირო ფერი, ლაძარო ბალდი, ლუდოვიკო ჯიმინიანი

ისტორიული ფერწერა, რომელიც ისტორიული, რელიგიური, მითოლოგიური და ალეგორიული სიუჟეტის მქონე ნარატიულ ნამუშევრებს მოიცავს, მეჩვიდმეტე საუკუნეში მიწიერი და სულიერი მორალის გამოხატულებად იყო მიჩნეული. ბიბლიური თუ მითოლოგიური სიუჟეტების მქონე და, ასევე, დიდი ბრძოლების ამსახველი ნამუშევრების დაკვეთას ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: ამგვარი ნამუშევარი, ერთის მხრივ, ემსახურებოდა დიდ საგვარეულოთა ძალაუფლების განდიდებას, მეორეს მხრივ კი – იმ იდეის განმტკიცებას, რომ პროტესტანტული რეფორმის იკონოკლასტური შეხედულებებისგან განსხვავებით, ადამიანი და ბუნება, როგორც ღვთაებრივი სრულყოფილების გამოხატულება, უნდა გამოისახებოდეს კიდეც. შედეგი ხშირად ნოსტალგიური ხასიათის რიტორიკა გახლდათ, სადაც ფორმა და შინაარსი იდეალიზმსა და რეალიზმს შორის მერყეობდა.

44. mola bacco

პიერ ფრანჩესკო მოლა, ბახუსი, გემოს ალეგორია

ტრიუმფალური ბაროკო, კათოლიკური ეკლესიის დიდება
ჯოვან ლორენცო ბერნინი, ერმენეჯილდო კოსტანტინი, ანდრეა პოცო, ჯაჩინტო ჯიმინიანი, ჩირო ფერი, პიეტრო და კორტონა, “ბაჩიჩო”, ჯუზეპე პასერი

ჯოვან ლორენცო ბერნინისა და პიეტრო და კორტონას მსგავსად, ბევრმა მხატვარმა თავი საკურთხევლის სურათების შექმნასა და ეკლესიებისა თუ რომის სასახლეების მოხატვას მიუძღვნა. შენობათა ჭერი იქცა “განდიდებულ ზეცად”, იმ ბრწყინვალე სანახაობად, რომელშიც კაპელას სცენის ფუნქცია ენიჭებოდა და ეკლესიის, რელიგიური ორდენების, არისტოკრატებისა თუ კარდინალთა საგვარეულოების განდიდებას ემსახურებოდა. ასეთი მხატვრობა ნამდვილი თეატრალური დეკორაციაა, რომელმაც მეჩვიდმეტე საუკუნის მნახველის მზერა დრამატული და ილუზორული სანახაობებისაკენ უნდა მიმართოს. ასეთი სანახაობის მრავალრიცხოვან პერსონაჟებს კი კათოლიკური რწმენის აღთქმული ხსნისკენ მივყავართ. გამოფენაზე წარმოდგენილია ჭერის ამგვარი მოხატულობის რამდენიმე ესკიზი, რომლებიც პროექტის იდეის განვითარების ეტაპების წარმოჩინებასა და უკვე დასრულებულ ფრესკებში პერსპექტივის, სინათლის ეფექტებისა და ქრომატული მიგნებების აღქმას ემსახურება.

57. andrea pozzo

ანდრეა პოცო, ცრუ გუმბათის ესკიზი