Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 16-17 ივლისი)

თარიღი:

13/07/2018


იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 16-17 ივლისი)

იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა ყველა სფეროში და უამრავი სამომავლო გეგმა აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, საგარეო საქმეთა მინისტრის ენცო მოავერო მილანეზის თანხლებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 16 და 17 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. ხელი მოეწერება სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებებს კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში. პრეზიდენტი მატარელა სიტყვით გამოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით; პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას და მოინახულებს საქართველოს ეროვნულ გალერეას (სადაც ამჟამად იტალიური ხელოვნების სამი გამოფენა იმართება). საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში, რომელსაც იტალიური მხრიდან გაუძღვება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიკელე ჯერაჩი. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური უწყებები და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები. ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება.

16343


ადგილი:

Tbilisi

1068