Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ტურინის სამეფო ბიბლიოთეკა

თარიღი:

17/05/2018


ტურინის სამეფო ბიბლიოთეკა

სამეფო ბიბლიოთეკა, რომელიც ტურინის სამეფო მუზეუმების კომპლექსის ნაწილია, 1831 წელს მეფე კარლო ალბერტოს მიერ დაარსდა, რომელმაც პირველ ბიბლიოთეკარად გრაფი მიკელე სავერიო პროვანა დელ საბიონე დანიშნა და რთული დავალება მისცა: მას უნდა მოეგროვებინა სავოის სამეფო სახლის კუთვნილი ბიბლიოთეკა, რომელიც იმ დროისათვის საგრძნობლად შეთხელებულიყო (გარდა იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი ვიტორიო ამედეო II-მ ტურინის უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა, ბიბლიოთეკა ნაპოლეონის ეპოქაში არაერთხელ გაიძარცვა). ბიბლიოთეკის გადარჩენილ ნაწილს კარლო ალბერტომ საკუთარი წიგნები, რომლებსაც ნდობით აღჭურვილი პირები ანტიკვარიატის ბაზარზე ყიდულობდნენ, და მისთვის ძღვნად მირთმეული ტომები დაამატა.

biblioteca reale ditorino 1

მეფე დაინტერესებული იყო საკუთარი კოლექციის გამდიდრებით და ამ ინტერესის შედეგი ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენები გახლდათ, როგორიცაა რომის ანტიკვარიატის ბაზარზე ნაყიდი ადრექრისტიანული საფლავის ქვები, რომელიც ბევრი მეცნიერის აზრით, ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში უდიდეს ურბანულ კოლექციას წარმოადგენს. კარლო ალბერტოს ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი კი ჯოვანი ვოლპატოს კოლექციაა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ჩანახატებისა და ხელნაწერების სახელგანთქმული ნაკრებია. ამ შენაძენში ფუნდამენტური როლი დომენიკო პრომისმა შეიტანა, რომელიც ბიბლიოთეკარად 1837 წელს დაინიშნა, სწორედ იმ წელს, როცა მეფემ თანხმობა გასცა, ბიბლიოთეკა განთავსებულიყო სამეფო სასახლეში, გალერეა დელ ბომონის ქვემოთ მდებარე ფლიგელში, პელაჯო პალაჯის მიერ მოწყობილ სივრცეში. პრომისმა მეფეს ამ კოლექციის შესახებ აცნობა და, მოლაპარაკებებისა და 50.000 ლირის სანაცვლოდ (რომელსაც მეფე რვა წლის განმავლობაში გადაიხდიდა), ეს კოლექცია სამეფო სახლის საკუთრება გახდა, ბიბლიოთეკა კი ესკიზების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საცავად იქცა: ლეონარდო და ვინჩის 13 ჩანახატის გარდა (რომელთა შორის მისი სახელგანთქმული ავტოპორტრეტია), ეს კოლექცია მოიცავს მიქელანჯელოს, რაფაელის, რემბრანდტის, კარაჩის, ჯულიო რომანოს, გვიდო რენის, პუსენის, ტიეპოლოს, გვერჩინოსა და კანოვას ნამდვილ შედევრებს. დომენიკო პრომისის ხელმძღვანელობის დროს წიგნების საცავმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: 1840 წელს ბიბლიოთეკა უკვე 30.000 ძვირფას ტომს შეიცავდა. მეფის რკინის ნებისყოფისა და პრომისის უშრეტი ენერგიის წყალობით, ბიბლიოთეკა პალაჯის მიერ დაპროექტებულ ნამდვილ „სასწაულების ზარდახშად" იქცა (ინტერიერის ავტორიც პალაჯი გახლავთ). ჭერი, რომელიც პალაჯის ესკიზების მიხედვით მარკო ანტონიო ტრეფოლიმ და ანჯელო მოიამ მოხატეს, ბაროკოს პერიოდის ბიბლიოთეკების ატმოსფეროს ქმნის: ჭერის თაღებში მეცნიერებისა და ხელოვნების დარგები ისეთნაირად არის გამოსახული, როგორც „კატალოგში", რომელიც შეგვიძლია მულტიმედიური პროექტის ერთგვარ წინამორბედად ჩავთვალოთ.

biblioteca reale 1

ბიბლიოთეკის კოლექციები წლების განმავლობაში მდიდრდებოდა და ივსებოდა ევროპის უდიდეს დედაქალაქებთან კავშირების წყალობით, დიდგვაროვანი ქალების მზითევით და სავოის სამეფო კარის ბიბლიოთეკარებისა და ნდობით აღჭურვილი პირების შენაძენებით. სავოის სამეფო სახლს „თავისი" ბიბლიოთეკის ახალ-ახალი საუნჯეებით გამდიდრება მაშინაც არ შეუწყვეტია, როდესაც სასახლის კარმა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში გადაინაცვლა. ბიბლიოთეკა გადაიქცა საგანძურად, რომელიც სავსე იყო ხელნაწერებით, პირველი ნაბეჭდი თუ მეთექვსმეტე საუკუნის წიგნებით, ნახატებით, გრავიურებით, რელიქვიებით, მეთექვსმეტე საუკუნის სანაოსნო რუკებით, საარქივო ფონდებით (1500-ზე მეტი პერგამენტით, რომელთა შორის, ზოგიერთი მე-9 საუკუნით თარიღდება), ტრადიციების, ხედებისა და ისტორიულ-სოციალური მოვლენების ამსახველი უძვირფასესი ფოტოალბომებით და, აგრეთვე, საჩუქრად გადაცემული საგნებითა და პირადი ნივთებით, რომელთა მეშვეობით ოჯახური ბიბლიოთეკის მოწყობა შეიძლებოდა. ხელნაწერები ინახება ისეთ ფონდებში, როგორიცაა „ისტორია", „სამხედრო საქმე", „აღმოსავლეთი", „იტალიის ისტორია", „ვერნაცა", „სალუცო", „სავოის სამეფო სახლი", „პერგამენტები" და „სხვადასხვა". ამ უკანასკნელში დაცულია ლეონარდო და ვინჩის „ფრინველთა ფრენის კოდექსი" და სხვადასხვა ენაზე შექმნილი ლიტერატურული ხელნაწერები (მათ შორის, „სფორცას კოდექსი" ქრისტოფორო დე პრედისის მინიატურებით, რომელიც ფონდის ერთ-ერთი უძვირფასესი ექსპონატია). გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში ინახება არა მხოლოდ ლუზერნა დ’ანგრონიას, სკარამპი დი ვილანოვას, პრომისის, პალავიჩინო-მოსის არქივები, არამედ ნაკლებად ცნობილი არქივები, რომელიც ჯერ კიდევ შესასწავლია (მარია კლოტილდე სავოიელის, მარგერიტა სარდინიელის არქივები და კარლო ალბერტის დროინდელი კარაბინერთა არქივის ნაწილი).

ამჟამად ბიბლიოთეკაში დაცულია 200.000-მდე ტომი, 4.500 ხელნაწერი, 3.055 ესკიზი, 187 ინკულაბულა, 5.019 მეთექვსმეტე საუკუნის წიგნი, 1.500 პერგამენტი, 1.112 პერიოდული გამოცემა, 400 ფოტოალბომი, გეოგრაფიული რუკები, გრავიურები და ესტამპები. კოლექციები სულ უფრო მდიდრდება ანტიკვარიატის ბაზარზე შეძენილი ექსპონატების წყალობით. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეფო ბიბლიოთეკის განცალკევებული სექციის - სუპერგას ბაზილიკის ბიბლიოთეკის წიგნებსაც.

ტურინის ხელოვნებისა და კულტურული ძეგლების საბჭოს დაფინანსების წყალობით, 1998 და 2014 წლებში გაიხსნა თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიით აღჭურვილი ორი ახალი საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი გახდა ექსპონატების უკეთ წარმოჩინება, როგორც ხშირი თემატური გამოფენების, ასევე, მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივების მეშვეობით.

ბევრი სამუზეუმო საცავი-ბიბლიოთეკის მსგავსად, სამეფო ბიბლიოთეკის საქმიანობაც მხოლოდ წიგნების შენახვით არ შემოიფარგლება. კარლო ალბერტოს დამსახურებაა ბიბლიოთეკის ტურინის სამეფო მუზეუმის შემადგენლობაში ყოფნა და აქ დაცული კოლექციების მრავალფეროვნება - მეფეს სურდა, რომ ბიბლიოთეკა, რომელიც მნახველისთვის ღია იქნებოდა, მხოლოდ წიგნებისთვის განკუთვნილი სივრცე კი არა, არამედ ერთდროულად არქივი, კულტურული ძეგლი, მუზეუმი, გრაფიკული ნამუშევრების საცავი ყოფილიყო.


ადგილი:

Tbilisi

1054