Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

2017, ღონისძიებები, რომლებიც გაიმართა საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით

თარიღი:

22/12/2017


2017, ღონისძიებები, რომლებიც გაიმართა საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
2017 წლის 27 იანვარი
იტალიური სკოლა "ცისკარი"

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, იტალიურ სკოლა "ცისკართან" თანამშრომლობით, 27 იანვარს გამართა ფილმის "ცხოვრება მშვენიერია" ჩვენება. იტალიელი რეჟისორისა და მსახიობის რობერტო ბენინის ფილმმა უამრავი პრესტიჟული კინოპრიზი მიიღო, მათ შორის, 3 "ოსკარი", კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, იტალიის კინოაკადემიის 9 პრემია "დონატელოს დავითი" და "სეზარი" საუკეთესო უცხოური ფილმისთვის.


1 la vita e bella


Made in Italy-ს კრეატიულობის აღნიშვნა ჯუჯაროს მიერ თბილისში დაარსებულ დიზაინის სკოლაში
2017 წლის 22 თებერვალი

ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან (IDS), დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან და საქართველის ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური ენისა და კულტურის ცენტრთან ერთობლივად, თბილისში "იტალიური დიზაინის დღე" აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა იტალიური დიზაინის უაღრესად საინტერესო პრეზენტაცია და გაიმართა იტალიური დიზაინის თვალსაჩინო ფიგურის, ჯორჯეტო ჯუჯაროს მხარდაჭერით დაარსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორის, ნიკოლოზ შავიშვილის არაჩვეულებრივი ლექცია.


02


"აიდა", ვერდის შედევრი იტალიელი მომღერლების შესრულებით
2017 წლის მარტი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

ვერდის უკვდავი შედევრი, რომელიც თბილისში პირველად 1877 წელს შესრულდა, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაბრუნდა დიდი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის რეჟისურით, სტეფანო ტრესპიდის დადგმითა და ანა ანის კოსტუმებით. ორკესტრს არაჩვეულებრივად უდირიჟორა მაესტრო მარკო ბოემიმ, სცენაზე კი წარსდგნენ სახელგანთქმული იტალიელი მომღერლები ჯაკომო პრესტია, მატია დენტი, ჯულიო ბოსკეტი და ფილიპო მიკალე.

 

03


ევროკავშირი 60. ევროპის წარსული, აწმყო და მომავალი
2017 წლის 24 მარტი
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ღონისძიება "ევროკავშირი 60. ევროპის წარსული, აწმყო და მომავალი" გაიმართა იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობდა.



5 eu60 2


"ფუკოს ქანქარა", სინამდვილესა და ილუზიას, გონებასა და წარმოსახვას შორის
2017 წლის 30 მარტი

უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" ახლა უკვე ქართულ ენაზეც - არ გამოგრჩეთ ხათუნა ცხადაძის არაჩვეულებრივი თარგმანი, რომელიც გამომცემლობა "დიოგენემ" დაბეჭდა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იტალიური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სხვა ენებზე თარგმნასა და გავრცელებაში. 2017 წელს ხათუნა ცხადაძემ მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა" უცხოური ნაწარმოების საუკეთესო თარგმანისთვის.

05


საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"
2017 წლის 20 აპრილი
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" პირველ კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, სცენაზე წარსდგა უამრავი კონკურსის, მათ შორის, ბუსეტოს "Voci Verdiane", კასტელფრანკო-ვენეტოს "Mario del Monaco" და ფილადელფიის "Luciano Pavarotti International Voice Competition" კონკურსების გამარჯვებული, სახელგანთქმული იტალიელი ბანი ფრანჩესკო ელერო დ'არტენია.



7 festival pasqua 1


ეციო ბოსოსა და კარმენ ჯანატაზიოს კონცერტი ბავშვების გადასარჩენად
2017 წლის 1 მაისი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე" ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. სახელგანთქმულ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად, სცენაზე ორი იტალიელი ვარსკვლავი წარსდგა: უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტი და კომპოზიტორი ეციო ბოსო და პრესტიჟული კონკურსის "Operalia"-ს გამარჯვებული კარმენ ჯანატაზიო, რომელმაც თავისი ხმით მოაჯადოვა მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრები, მილანის "ლა სკალადან" ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერამდე".

 

07


ევროპის დღე 2017
2017 წლის 7 მაისი
რიყის პარკი

წელსაც ჩვენი საელჩო საკუთარი სტენდით წარსდგა ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც რიყის პარკში მოწყობილ "ევროსოფელში" გაიმართა. დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის დახმარებით, რომელმაც ღონისძიებაზე პატარებისთვის ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები გამართა, საელჩოს თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს სრული ინფორმაცია ჩვენი კულტურული საქმიანობის, იტალიაში სწავლის შესაძლებლობების, ტურიზმისა და საქართველოში არქეოლოგიური მისიების შესახებ. სცენაზე წარსდგა იტალიური სკოლა "ცისკარის" გუნდი, დღის ბოლოს კი გაიმართა ყველასათვის საყვარელი ტრადიციული "Nutella Party".

 

eu day 1


პოლაროიდი ლტოლვილისთვის
2017 წლის 8 - 15 მაისი
გალერეა Fotografia

ფესტივალის "ქოლგა თბილისი ფოტო 2017" ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა გამოფენა "პოლაროიდი ლტოლვილისათვის", რომელიც ადამიანთა სახეების, მათი სიხარულისა და ტკივილის, ძლიერებისა და ღირსების ამსახველი ნამდვილი ფოტოგალერეაა. იტალიელი ფოტოგრაფი ჯოვანა დელ სარტომ იმოგზაურა პრეშევოში (სერბია), ათენში, ლესბოსის, იდომენისა და ქიოსის კუნძულებზე და ფირზე მიგრანტთა კრიზისის პერიოდში მათი ცხოვრების მომენტები აღბეჭდა.



kolga 1


გია ყანჩელის "წერილები მეგობრებს" მევიოლინე ანდრეა კორტეზის შესრულებით
2017 წლის 12 მაისი
რუსთაველის თეატრი

მუსიკალური ფესტივალის "კონტრაპუნქტი" ფარგლებში, რომელიც თანამედროვეობის ორ უდიდეს კომპოზიტორს, დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და გია ყანჩელს ეძღვნება, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტეზის კონცერტი. კონცერტზე პირველად შესრულდა გია ყანჩელის ახალი ნაწარმოები "წერილები მეგობრებს".



08


იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად
2017 წლის 24 მაისი
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერმა იტალიელმა ბანდეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ და "ნორმას" პარტიის არაჩვეულებრივმა შემსრულებელმა იანო ალიბეგაშვილმა. კონცერტზე შესრულდა მონტევერდის, ვივალდის, კერუბინისა და პაგანინის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები და არიები დონიცეტის, პუჩინის, ბელინის, ვერდისა და სხვა იტალიელი კომპოზიტორების უკვდავი ოპერებიდან.

09


"#Vivere all’italiana". იტალიური ცხოვრების სტილით, კრეატიულობით, გამოფენებითა და წარმოდგენებით გამორჩეული ეროვნული დღესასწაული
2017 წლის 2 ივნისი
თბილისის "Silk Factory Studio"

იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, იტალიის საელჩომ თბილისის "Silk Factory Studio"-ში წარმოადგინა ჰაშთაგი "#Vivere all’italiana" და ცნებას "Made in Italy" ("დამზადებულია იტალიაში") სამი გამოფენა მიუძღვნა: "Altagamma - Italian Contemporary Excellence", ათი სახელგანთქმული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათების გალერეა; "იტალიური სავაჭრო ნიშნების ისტორია", ნამდვილი მოგზაურობა მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უმთავრესი იტალიური ბრენდების სავაჭრო ნიშნების ისტორიაში და დიზაინერული ნაკეთობების ექსპოზიცია "იტალიური დიზაინი. კრექტიულობა და ინოვაციები". ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური კინემატოგრაფიც და, მასთან ერთად, გაიმართა კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის პერფორმანსი. ღონისძიება ჩატარდა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორის დახმარებით.



10


იტალიური მონაწილეობა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალში
2017 წლის 28 ივლისი

თეატრალური ცხოვრების ათი ინტენსიური დღე, ოცზე მეტი ქართული და უცხოური დასი, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი კრიტიკოსი და ჟურნალისტი და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული, იტალიელი მსახიობის, თეატრალური რეჟისორისა და დრამატურგის, კლაუდიო დე მალიოს ვორქშოპი კომედია დელ'არტეს ფენომენის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა მსახიობებისათვის. რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დასასრულს, დე მალიოს ორიგინალური პერფორმანსი ქართველი მსახიობების მონაწილეობით.


12


ლიგურიის ზღვიდან შავ ზღვამდე - შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი
2017 წლის 31 აგვისტო - 2 სექტემბერი
ბათუმი, ურეკი და "Black Sea Arena"

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში, რომელიც უკვე მეორედ გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავმა მუსიკოს-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა და ფოლკლორის მოყვარულებს საკუთარი ქვეყნების მუსიკა, ცეკვა და ტრადიციული კოსტუმები გააცნო. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალზე იტალიას წარმოადგინა ფოლკლორულმა ჯგუფმა გენუადან "La Squadra", რომელმაც შეასრულა ტრადიციული მრავალხმიანი მუსიკა ინსტრუმენტული თანხლების გარეშე.

 

13 folk festival


იტალიური კულტურული ასოციაცია OTTOmani ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე "ნიქოზი"
2017 წლის 1 - 7 სექტემბერი
ნიქოზი

წელსაც, გასული წლების მსგავსად, იტალიამ მონაწილეობა მიიღო ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში. მოეწყო სამდღიანი სემინარი 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი რობერტო პაგანელი უძღვებოდა. ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარის იდეის ავტორია იტალიური კულტურული ასოციაცია OTTOmani, რომელიც, 10 წელზე მეტია, ქმნის და ანვითარებს სხვადასხვა ანიმაციურ სახელოსნოებს.


14 nikozi


პიანისტი პიეტრო დე მარია ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე
2017 წლის 2 - 8 სექტემბერი
ბათუმი

მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართა, მონაწილეობა უამრავმა საყოველთაოდ განთქმულმა მუსიკოს-შემსრულებელმა, მომღერალმა და ორკესტრმა მიიღო. 6 სექტემბერს ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონცერტზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე წარსდგა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ნიჭიერი პიანისტი პიეტრო დე მარია.


13


ქართველი რეჟისორისა და იტალიელი მსახიობების მიერ დანახული იტალიელი გენიოსი, ლუიჯი პირანდელო
2017 წლის 25 - 26 სექტემბერი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო თბილისის მეცხრე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი "კუ", რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძისა და ემილია რომანიას თეატრალური ფონდის ERT-ს ერთობლივი ნამუშევარია.


16 festival teatro


ბოტიჩელის სილამაზე და კარავაჯოს სინათლე
2017 წლის 5 ოქტომბერი - 29 ნოემბერი
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა

ღონისძიება, რომლის კოორდინატორი გახლდათ იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გაიმართა. გამოფენა "Venus pudica" ჩატარდა ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით, ხოლო Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული გამოფენა "Opera omnia", რომელიც წარმოადგენს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს შედევრების რეპროდუქციების ექსპოზიციას, განხორციელდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით.


15


იტალიელი და იტალიური ენა კინემატოგრაფში
2017 წლის 16 - 22 ოქტომბერი
კინოთეატრი "ამირანი", შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი, კინოს სახლი

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული იტალიური ენის მეჩვიდმეტე კვირეულის თემა გახლდათ "იტალიური ენა კინემატოგრაფში". ჩვენი საელჩოს მიერ ორგანიზებული პროგრამა მოიცავდა იმ ფილმების ჩვენებას, რომლებიც თვალნათლივ ასახავს კავშირს ენას (და ლიტერატურას) და კინემატოგრაფს შორის და მათ ურთიერთგავლენას: პასკუალე შიმეკას ჯოვანი ვერგას ლიტერატურული შედევრის მიხედვით შექმნილი ფილმი "მალავოლიას ოჯახი" (2010), რობერტო ფაენცას ფილმი "ვიცე-მეფეები" (2007), მარიო მარტონეს ფილმი "უჩვეულო ახალგაზრდა" (2014).


18 settimana della lingua


სკარლატის პრემია თბილისის პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსზე
2017 წლის 1 - 11 ოქტომბერი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

მუსიკალური ცხოვრების თერთმეტი დაძაბული დღე და ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საშემსრულებლო ოსტატობა წარუდგინეს მსმენელსა და ცნობილი მუსიკოსებისაგან შემდგარ ჟიურის, რომელთა შორის იტალიელი პიანისტი კარლო გუაიტოლიც გახლდათ. თბილისის პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსის დასასრულს, გაიმართა გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ჩვენმა საელჩომ საკუთარი წვლილი ამ პრესტიჟული კონკურსის გამართვაშიც შეიტანა და ახალგაზრდა ჩინელი პიანისტი ტიან უი ლი სკარლატის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ფულადი პრემიით დააჯილდოვა.


19 scarlatti 1


გამოფენა "ისწავლე იტალიაში"
2017 წლის 22 ოქტომბერი
სასტუმრო "რადისონი ბლუ ივერია"

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"-ში გამართულ გამოფენაზე "ისწავლე იტალიაში" ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი იტალიის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლები. ეს გამოფენა ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და მისი მიზანია, ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ იტალიაში, მაგრამ ჯერ არ შეურჩევიათ სასწავლო კურსი თუ უნივერსიტეტი, გააცნოს იტალიური უნივერსიტეტები და ხელოვნებისა და მუსიკის ინსტიტუტები, იტალიაში სწავლის შესაძლებლობები და საგანმანათლებლო პროგრამები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ვენეციის უნივერსიტეტი კა' ფოსკარი, სიენის უნივერსიტეტი, პავიის უნივერსიტეტი, რომის "საკრო კუორეს" კათოლიკური უნივერსიტეტი, რომის უნივერსიტეტი "ტორ ვერგატა", ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, ვენეციის არქიტექტურის უნივერსიტეტი (Iuav), მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომის ხელოვნების უნივერსიტეტი (RUFA), მარანგონის უნივერსიტეტი, "პოლიმოდა" და უამრავი სხვა უმაღლესი სასწავლებელი.


img 1772


მესაყვირე პაოლო ფრეზუ თბილისის "რიტმის ფესტივალზე"
2017 წლის 24 ოქტომბერი

მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი" ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნა. სცენაზე წარსდგა სამი ბრწყინვალე მუსიკოსი, რომლებსაც იდეალური ჰანგების ძიება აერთიანებთ: სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო და შვედი პიანისტი იან ლუნდგრენი.


20 rhytm festival

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული
2017 წლის ნოემბერი - დეკემბერი

"იტალიური სამზარეულოს მეორე მსოფლიო კვირეულის" მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური კულინარიული და ენოგასტრონომიული ტრადიციების უკეთ წარმოჩინებას საერთაშორისო დონეზე. კვირეულის აღსანიშნავად ჩვენმა საელჩომ ძალიან საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა: მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეულის ნინო დი კოსტანცოს, შეფ-მზარეულის ფრანჩესკო მორასა და 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიცის გამოცხობისთვის გინესის რეკორდსმენის ატილიო ალბაკიარას მიერ მომზადებული ვახშმები, ფრანჩესკო მორას მასტერკლასი თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, იტალიური ფილმების ("პური და ტიტები" და "მონტალბანოს არანჩინები") ჩვენება და ტუშას უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ხმელთაშუაზღვის დიეტის თემაზე.
italian taste rgb
იტალიური სტენდი ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე
2017 წლის 2 დეკემბერი
სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"

უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი საელჩოს მონაწილეობა საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე. იტალიურ სტენდზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული "Made in Italy"-ს მრავალფეროვანი პროდუქცია.


17


იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლები თბილისის ბაროკოს ფესტივალზე
2017 წლის ნოემბერი - დეკემბერი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი

თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა, გაიმართა სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსების კონცერტები: ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა უნიჭიერესი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო და კრიტიკოსთა მიერ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებული სერჯო აძოლინი.


festival poster


შეხვედრა იტალიურ კინოსთან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
2017 წლის დეკემბერი

4 დეკემბერს თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, რომელზეც, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, იტალია წარმოდგენილი იყო საპატიო სტუმრითა და 2017 წელს გადაღებული სამი ფილმით: "ჰანა" (რეჟ. ანდრეა პალაორო), "ჩამბრა" (რეჟ. იონას კარპინიანო) და "შენი სახელი დამიძახე" (რეჟ. ლუკა გუადანინო).


call me by your name


ლუიჯი პირანდელოს დაბადების 150 წლისთავი
2017 წლის დეკემბერი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გენიალური იტალიელი დრამატურგის, ლუიჯი პირანდელოს დაბადების 150 წლისთავს ორი ღონისძიება მიეძღვნა: საერთაშორისო კონფერენცია "ლუიჯი პირანდელო: ავტორის ძიებაში", რომელიც გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირანდელოს პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "სიცილიური ლიმონები" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით.


18


სპექტაკლი "ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ!"
2017 წლის 19 - 20 დეკემბერი
ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი

"ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ!" დეკლამაციის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სინთეზი, ქართველი რეჟისორისა და იტალიელი მსახიობების მიერ პროსტიტუციასა და ნარკომანიის აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე შექმნილი სპექტაკლია.


ადგილი:

Tbilisi

1004