Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

თარიღი:

28/11/2017


ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველანაირი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა იტალიისთვის საერთაშორისო დონეზეც პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო თავის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და ადასტურებს.
იტალია მოქმედებს იმ ღრმა რწმენით, რომ ქალთა და გოგონათა უფლებების გაფართოების მხარდაჭერა და გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გენდერული ძალადობა, რომელიც ზღუდავს ქალებს, ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, ქალთა თვითრეალიზაციის და მათი უფლებების გაფართოებისათვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ქალთა უფლებების გაფართოების ხელშეწყობა კი, რომელიც ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სუბიექტებად აღიარებას ეფუძნება, მათ ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლენასთან ბრძოლაში ეხმარება.
ამ საკითხებზე იტალია ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც დიპლომატიურ დონეზე, ასევე, მოლაპარაკებებისა და განვითარებისთვის თანამშრომლობის კუთხითაც. ჩვენი ქვეყანა უმთავრეს როლს ასრულებს საერთაშორისო კამპანიებში, რომლებიც დაკავშირებულია ქალის გენიტალიების დასახიჩრებასა (FGM) და ადრეულ და იძულებით ქორწინებასთან, აქტიურად მონაწილეობს გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციების მიღებაში, ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით აფინანსებს განვითარებისთვის თანამშრომლობის პროექტებს. გარდა ამისა, იტალია მხარს უჭერს სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივას კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციებში სექსუალური ძალადობის პრევენციისათვის, მათ შორის, ინიციატივას "Call to Action on Protection from Gender-Based Violence in Emergencies". ჩვენი ქვეყანა, დიდი ხანია, მონაწილეობს გაეროს სამშვიდობო მისიების სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემუშავებაში, გასული სექტემბრის თვეში იტალია შეუერთდა გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის ინიციატივას "Circle of Leadership" ამგვარი ქმედებების გამოსავლენად და ხელი მოაწერა ნებაყოფლობით შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ ვალდებულებას, გაატაროს ძალადობასთან ბრძოლისა და მისი პრევენციისათვის გამიზნული ზომები. იტალიამ საკუთარი წვლილი შეიტანა გაეროს ნდობის ფონდში გაეროს პერსონალის მიერ ჩადენილი ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, იტალიამ, 2017 წელს გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის მანდატის პრიორიტეტად ჩართო კონფლიქტურ სიტუაციებში ქალთა და გოგონათა დაცვისა და კონფლიქტების მოგვარებისა და პრევენციის პროცესებში ქალის როლის განმტკიცების საკითხები, კერძოდ, საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და დოკუმენტებში, ასევე, სამშვიდობო მისიების მანდატებში შეიტანა კონკრეტული მითითებები "ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციისა" და კონფლიქტურ სიტუაციებში სამოქალაქო პირთა დაცვის მხარდასაჭერად და, ასევე, გაეროს სამშვიდობო მისიების სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალის მიერ ჩადენილი ძალადობის გამოსავლენად. გარდა ამისა, გასულ 26 ოქტომბერს ჩვენ ავამოქმედეთ პროექტი "Mediterranean Women Mediators Network" (MWMN) იმ ქალთა მხარდასაჭერად, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში უდიდეს როლს ასრულებენ. ქალთა უფლებების გაფართოება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო "დიდი შვიდეულის" იტალიის თავმჯდომარეობის დროსაც, როდესაც ტაორმინაში გამართულ სამიტზე დამტკიცდა გეგმა "Roadmap for a gender-responsive economic empowerment".
რაც ეხება თანამშრომლობას განვითარებისათვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაფართოების საკითხები პრიორიტეტულია ქალებთან, გოგონებთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული ყველა პროექტისათვისაც, რომლებიც გაეროს "2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ დეკლარაციას" შეესაბამება. იტალია დიდი ენთუზიაზმით უჭერს მხარს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ ინიციატივას (EU-UN Gender Initiative) ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.


ადგილი:

Tbilisi

994