Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენის მეჩვიდმეტე მსოფლიო კვირეული

თარიღი:

12/10/2017


იტალიური ენის მეჩვიდმეტე მსოფლიო კვირეული

16-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეჩვიდმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით.

წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა "იტალიური ენა კინემატოგრაფში". ჩვენი საელჩოს მიერ ორგანიზებული პროგრამა მოიცავს იმ ფილმების ჩვენებას, რომლებიც თვალნათლივ ასახავს კავშირს ენას (და ლიტერატურას) და კინემატოგრაფს შორის და მათ ურთიერთგავლენას:

კინოჩვენებები იწყება პასკუალე შიმეკას ფილმით "მალავოლიას ოჯახი" (2010), ჯოვანი ვერგას ლიტერატურული შედევრის მიხედვით. კინოჩვენება გაიმართება 16 ოქტომბერს, 18:00სთ-ზე კინოთეატრ "ამირანის" მე-3 დარბაზში (კინოთეატრი ყოველი თვის მეორე ორშაბათს მასპინძლობს "იტალიურ კინოფორუმს", რომელიც მოიცავს იტალიურენოვან ფილმებს 50-იანი წლებიდან დღემდე).

კვირეულის აღნიშვნა გრძელდება მთავარი ღონისძიებით, რობერტო ფაენცას ფილმის ჩვენებით "ვიცე-მეფეები" (2007), რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული კინოპრიზის, მათ შორის, "დონატელოს დავითის", "ოქროს გლობუსისა" და "ვერცხლის ფირის" მფლობელია. ფილმი წარმოდგენილი იქნება 18 ოქტომბერს, 18:30სთ-ზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, სადაც ღონისძიებას გახსნის იტალიის ელჩი ბარტოლი, ინსტიტუტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანთან ოთარ ლითანიშვილთან ერთად.


film 1 vicere

19 ოქტომბერს, 19:სთ-ზე, კინოთეატრ "ამირანში" (დარბაზი 3) საქართველოში შვეიცარიის საელჩო წარმოგიდგენთ შვეიცარიელი რეჟისორის საბინ ბოსის ფილმს "მოხუცი იონბაზები" (2015).

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დასრულდება მარიო მარტონეს ფილმის "უჩვეულო ახალგაზრდა" (2014) ჩვენებით, რომელიც ეძღვნება იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ჯაკომო ლეოპარდის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ფილმი ნაჩვენები იქნება 20 ოქტომბერს, 18:00სთ-ზე "კინოს სახლში" (რუსთაველის გამზ. 52).

ღონისძიებებზე შესვლა უფასოა. ფილმები ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით. გელით!


ადგილი:

Tbilisi

983