Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"#Vivere all’italiana". იტალიური ცხოვრების სტილით, კრეატიულობით, გამოფენებითა და წარმოდგენებით გამორჩეული ეროვნული დღესასწაული

თარიღი:

03/06/2017


"#Vivere all’italiana" - სწორედ ეს ჰაშთაგი იყო წარმოდგენილი თბილისის "Silk Factory Studio"-ს შთამბეჭდავ სივრცეში, რომელმაც 2 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღმნიშვნელ წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს უმასპინძლა. იტალია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა - ეს ცხოვრების სტილია, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და გემოვნესთან ძალიან ახლოსაა (ამ ქვეყნებს კერძებისა და ღვინის სიყვარული, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა და ძველთაძველი კულტურა აერთიანებს). ყველას შეუძლია ამ სტილით ცხოვრება, მოტოციკლის თუ ავტომობილის მეშვეობით, საკუთარი სახლის კეთილმოწყობით, იტალიის უნივერსიტეტებში სწავლით, ფელინის თუ სორენტინოს ფილმის ყურებით, საოპერო არიების მოსმენით, იმ ქვეყნის მონახულებით, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რეკორდული ოდენობაა (51!), ანდა მოწინავე მანქანა-დანადგარებისა თუ მასალების გამოყენებით (წარმოების თვალსაზრისით, იტალია ევროპაში მეორე ადგილზეა).
იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულმა სტუმრებს სილამაზისა და ელეგანტურობის ნამდვილი კალეიდოსკოპი შესთავაზა. იტალიის მიმზიდველობა ტრადიციებისა და თანამედროვეობის, ხელოსნობისა და ტექნოლოგიების, ესთეტიკისა და ფუნქციონალობის შერწყმის ნიჭსა და უნარს ეფუძნება. სამი გამოფენა სწორედ ცნებას "Made in Italy" ("დამზადებულია იტალიაში") ეძღვნება:
პირველი მათგანია გამოფენა "Altagamma - Italian Contemporary Excellence", რომელიც ათი სახელგანთქმული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათების გალერეას წარმოადგენს. ეს ფოტოსურათები კომერციული ღირებულებების გამო არ შექმნილა, ისინი იმ ისტორიისა და ნიჭის შესახებ გვიამბობენ, რომელიც მოდის, დიზაინის, საიუველირო ნაკეთობების, სურსათის, საავტომობილო თუ სანაოსნო წარმოების დარგებში მოპოვებული დიდი წარმატების მიღმა იმალება. უკვე 25 წელია, რაც ფონდი "Altagamma" 25 ყველაზე ცნობილ იტალიურ კომპანიას აერთიანებს.
გამოსახულებიდან გრაფიკამდე - გამოფენა "იტალიური სავაჭრო ნიშნების ისტორია" ნამდვილი მოგზაურობაა მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უმთავრესი იტალიური ბრენდების სავაჭრო ნიშნების ისტორიაში: აქ ნახავთ იტალიის რესპუბლიკის სიმბოლოსა და ეროვნული ნაკრების ემბლემას, "Barilla", "Alitalia", "Ferrari", "Ferrero", "Ferragamo", "Versace", "Galbani", "Campari", "Lavazza" და უამრავ სხვა სავაჭრო ნიშანს. ეს გამოფენა ეფუძნება უმთავრესი იტალიური ემბლემების დიზაინის განვითარებისა და რესტაილინგის ისტორიულ-გრაფიკული შესწავლის შედეგად მომზადებულ ვიზუალურ მასალას, რომელიც თვალნათლივ ასახავს გემოვნების, სტილისა და ტენდენციების ცვლილებებს.
მესამე გამოფენაა "იტალიური დიზაინი. კრექტიულობა და ინოვაციები", სადაც თავმოყრილია დიზაინერული ნაკეთობები: ავეჯი, მაგიდები, სანათები, სავარძლები, ასევე, ახალი "Vespa" და "Maserati", "500" და აგრესიული "Ducati Monster".
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური კინემატოგრაფიც, რომელიც წლევანდელი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის თემა იქნება (კვირეული 16-22 ოქტომბერს გაიმართება). ცნობილი იტალიური ფილმებიდან ნაწყვეტების კოლაჟი ნეორეალიზმიდან თანამედროვე კინომდე და, მასთან ერთად, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის პერფორმანსი.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორის დახმარებით. (სპონსორების კატალოგის სანახავად დააჭირეთ აქ)
გამოფენები "Altagamma - Italian Contemporary Excellence" და "იტალიური სავაჭრო ნიშნების ისტორია" მნახველისთვის ღია იქნება 2017 წლის 17 ივნისამდე "Silk Factory Studio"-ში (თბილისი, კოსტავას ქ. 59).
ქართული პრესის მიმოხილვის სანახავად დააჭირეთ აქ:


ადგილი:

Tbilisi

954