Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ევროკავშირი 60. ევროპის წარსული, აწმყო და მომავალი. გამოფენა და დისკუსია 24 მარტს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში

თარიღი:

21/03/2017


ევროკავშირი 60. ევროპის წარსული, აწმყო და მომავალი. გამოფენა და დისკუსია 24 მარტს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში

წარსულის შეფასება, აწმყოს გაანალიზება, მომავლის დაგეგმვა. 60 წელი რომის ხელშეკრულებების ხელმოწერიდან, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას. ეს თარიღი კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ბუნებრივია, ამ მსჯელობაში ჩართულია საქართველოც, ქვეყანა, რომლის იდენტობის ფესვები სწორედ ევროპულ კულტურაში უნდა ვეძიოთ და რომელსაც ევროპა აღიქვამს, როგორც დემოკრატიისა და განვითარების მძლავრ ფაქტორს. "ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" - ეს არის ღონისძიება, რომელიც იმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად. შეხვედრის დრო და ადგილია: 24 მარტი, პარასკევი, 10:00სთ, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შ. დადიანის ქ. 2/1).
ღონისძიება დაიწყება გამოფენით "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობს. გამოფენა ორგანიზებულია ევროპული საუნივერსიტეტო ინსტიტუტის მიერ ევროპის უმთავრეს ინსტიტუციებთან, იტალიის მინისტრთა საბჭოსთან, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საინფორმაციო სააგენტო ANSA-სთან ერთობლივად. გამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის პირველი ნაწილი დაეთმობა საუბარს ევროკავშირის მომავალზე, ხოლო მეორე ნაწილი - საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). დისკუსიის დასასრულს, დიპლომები გადაეცემა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს - ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპის მომავალია.

 

trattati 1


იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის თქმით: "ეკონომიკის ზრდა, სამუშაო, უსაფრთხოება და მიგრაცია - სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც პასუხს ევროპის მოქალაქენი ელიან. იტალია, ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყანა, პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიფერენცირებულ ინტეგრაციას: ვისაც გარკვეული სფეროების განვითარება უნდა, ამის განხორციელების თავისუფლება უნდა მიეცეს. როგორც ეს თავის დროზე ევროსა და შენგენის შემთხვევაში მოხდა. ევროპის ერთობლივი დაცვა და ეკონომიკური კავშირის განმტკიცება - ეს ის დარგებია, რომლებსაც მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ თემებზე რომის სამიტის წინადღეს, აქ, თბილისში ჩვენც ვიმსჯელებთ, პოლიტიკურ ფიგურებთან, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ახლა უკვე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ხდება: გაგრძელდება რეფორმების გატარება და განვითარება ინსტიტუციების ეფექტურობისა და მოქალაქეთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად, შრომა და ძალისხმევა ევროპული ოჯახისა და ევროპული ღირებულებების წიაღში".

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

60 years of the Rome Treaties
The European Story: 60 years of shared progress
White paper on the future of Europe: reflections and scenariosfor the EU27
EU60: Re-founding Europe. The Responsibility to Propose
The re-launching of Europe and the Rome treaties (ვიდეო)

trattati 2


ადგილი:

Tbilisi

910