Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე

თარიღი:

15/11/2016


მოგზაურობა იტალიური მოდის სამყაროში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე

14 ნოემბრის საღამოს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) არაჩვეულებრივ სივრცეში გაიხსნა გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი". გამოფენა ეძღვნება მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და უმაღლეს პროფესიონალიზმს, მათ, ვინც მსოფლიოში „იტალიური სტილის" დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.
„გამოფენა ეძღვნება მოდისა და დიზაინის ზოგიერთი გამორჩეული ფიგურის ნიჭსა და სამკერვალო პროფესიონალიზმს, ვინც შეუდარებელი იტალიური სტილი მთელ მსოფლიოში დაამკვიდრა. „Made in Italy" უზარმაზარი ინდუსტრიაა, რომელმაც შეინარჩუნა კრეატიულობა, სიყვარული და დეტალებისადმი ოსტატური მიდგომა - ის ყველაფერი, რამაც ეს თავბრუსდამხვევი წარმატება მოიტანა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

2 banner italiis fb 2


გამოფენა იმართება იტალიის საელჩოს ორგანიზებით, კომპანია "Galgano&Tota"-სთან თანამშრომლობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ბანკ „ვითიბის" (ღონისძიების „პლატინის სპონსორი") მხარდაჭერით.
ასოციაცია StilePromoItalia-ს მიერ ჩაფიქრებული და ფიორელა გალგანოსა და ალესია ტოტას მიერ მომზადებული ექსპოზიცია მნახველთათვის ღია იქნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2017 წლის 10 იანვრამდე.
ექსპოზიცია მოიცავს თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების წარმოსაჩენად საგულდაგულოდ შერჩეულ 80-მდე ისტორიულ მოდელს. ეს ულამაზესი ტანსაცმელი შეიქმნა მსოფლიო კინემატოგრაფის გამორჩეული პერსონაჟებისთვის და არაერთხელ წარმოდგენილა „წითელ ხალიჩაზე" ტოპ მოდელებისა და ცნობილი ადამიანების მიერ. სხვადასხვა ქსოვილისა და დახვეწილი მასალების გამოყენების თვალსაზრისით, თითოეული მოდელი შეუდარებელი და ფასდაუდებელია.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა წვეულება „Made in Italy", სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ იტალიური სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწარმითა და ღვინით.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია:
მაღალი მოდის ქალის ტანსაცმელი - Renato Balestra, Roberto Capucci, Franco Ciambella, Luciano Esposito, Marella Ferrera, Sorelle Fontana, Egon Von Furstenberg, Galitzine, Gattinoni, Lancetti, Andrè Laug, Antonio Marras, Gai Mattiolo, Lorenzo Riva, Sarli, Sartoria Bonfanti, Schuberth, Valentino.
მაღალი მოდის მამაკაცის ტანსაცმელი: Brioni, Luca Litrico.
Prêt-à-Porter: Emilio Pucci, Walter Albini, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Mariella Burani, Roberta di Camerino, Roberto Cavalli, Enrico Coveri, Dolce & Gabbana, Etro, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferrè, Alberta Ferretti, Nazareno Gabrielli, Genny, Gucci, Krizia, La Perla, Max Mara, Missoni, Moschino, Vinicio Pajaro, Prada, Ermanno Scervino, Luciano Soprani, Trussardi, Versace.


ადგილი:

Tbilisi

865