ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დმანისი

ფლორენციის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია დმანისში
აფრიკიდან პირველყოფილი ადამიანის მიგრაციის კვალდაკვალ

დმანისმა, რომელიც მდებარეობს საქართველოსა და სომხეთის საზღვართან, სახელი გაითქვა არქეოლოგიური გათხრების წყალობით, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. აქაურმა აღმოჩენებმა რევოლუცია მოახდინა ადამიანის ევოლუციის თეორიებში. სხვადასხვა დისციპლინის მრავალრიცხოვან ექსპერტს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ და აქ წლების მანძილზე მუშაობენ, არის აგრეთვე იტალიის მისია ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორის – ლორენცო რუკის ხელმძღვანელობით. ამ არქეოლოგიური მისიის მუშაობას აფინანსებს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო. სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფებს შორის კოორდინირებას ახდენს საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

დმანისში, ბოლო წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად, გამოვლინდა ადამიანის ევოლუციის (რომელიც სათავეს აფრიკაში იღებს) გადამწყვეტი მომენტების ახლებური ინტერპრეტაციის მტკიცებულებები. გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ნამარხები – ყბა, სულ მცირე ოთხი ინდივიდის კიდურების ძვლები და რამდენიმე მთლიანი თავის ქალაც კი. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ “ჰომოს” მიგრაცია აფრიკის ტერიტორიიდან მოხდა, სულ მცირე, მილიონ რვაასი ათასი წლის წინ. ამ აღმოჩენის შედეგად, მიგრაციის დაწყების თარიღი, ბოლოდროინდელი სამეცნიერო ცოდნისგან განსხვავებით, მილიონი წლით უკან გადაინაცვლებს.

2008 წლის ზაფხულში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო სამუშაოები შეჩერდა. “ძალიან ვღელავდი, რადგანაც ჩემთან ერთად სტუდენტებიც იყვნენ,” – იხსენებს პროფესორი რუკი, – “საბედნიეროდ, იტალიის საელჩომ და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს კრიზისების სამმართველომ დიდი პროფესიონალიზმი და ყურადღება გამოიჩინეს: რამდენიმე დღეში შეადგინეს არა მარტო ჩვენი, არამედ ფრანგი და ჰოლანდიელი კოლეგების ევაკუაციის გეგმაც”. კონფლიქტი მძიმედ აისახა სამუშაოთა გეგმაზე. 2008 წლის სექტემბერში დაგეგმილი იყო ამ არეალის მუზეუმად გადაქცევა, რაც 2009 წლის 24 სექტემბერს განხორციელდა. ამ დღიდან გათხრების ადგილი დამთვალიერებლებისთვის ღიაა. “გათხრების ადგილი სამუშაოების მიმდინარეობის დროს ღიაა”, – აღნიშნავს პროფესორი რუკი, – “და დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ სამუშაოების მსვლელობის პროცესი”.

იტალიელი მეცნიერების ჯგუფი პასუხისმგებელია სამი სპეციფიკური სფეროს კვლევაზე: პროფესორი რუკი იკვლევს ფაუნის ერთ ნაწილს, დოქტორი ლონგო (ვერონის ბუნების ისტორიის მუნიციპალური მუზეუმი) იკვლევს ქვის ნაკეთობებს, ხოლო დოქტორი ბერნა (ბოსტონის უნივერსიტეტი) შეისწავლის გეოარქეოლოგიას (მინერალებისა და დანალექების ანალიზი).

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ:

პროექტთან დაკავშირებული სტატიები: