ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გამოფენა “კრისტოფორო კასტელი და საქართველო” რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად

დღეს, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა, თვალი გადავავლოთ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, იტალიასა და საქართველოს ისტორიული კავშირების ინტენსივობას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას.

ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, მართავს გამოფენას “კრისტოფორო კასტელი და საქართველო”, რომელიც თეატინელ პატრს ეძღვნება. კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა – აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული “დღიური” შექმნა.

casteli 56

ექსპოზიცია შედგება 50 ნახატის რეპროდუქციისგან (ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება), რომლებიც ეთნოლოგიური და ისტორიული კუთხით უაღრესად საინტერესოა: კასტელის მიერ ქაღალდზე გაცოცხლებული ადამიანები და ადგილები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს: გამოფენის დამთვალიერებელს ელის ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების პორტრეტები და, ასევე, ეკლესიების, ციხესიმაგრეების, ტრადიციული თამაშობების, ყოფითი სცენებისა თუ წეს-ჩვეულებების ამსახველი ნახატები.

გამოფენის გახსნაზე, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდება და მას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, გაიმართება კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი სამენოვანი წიგნის პრეზენტაცია (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა და გამოიცა.

გამოფენა “კრისტოფორო კასტელი და საქართველო” ღია იქნება მნახველისთვის 2022 წლის 13 მაისიდან 30 ივნისამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3).

castelli banner 1