ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

2019, ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
26 იანვარი
იტალიური სკოლა “ცისკარი”

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საელჩომ იტალიურ სკოლა “ცისკართან” თანამშრომლობით, გამართა ფრანჩესკა მუჩის დოკუმენტური ფილმის “ბავშვების სახლი” (2017წ.) ჩვენება.

 eventi 1 giornata della memoria

 

 

“21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა”, მეორე სემინარი სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება”
28 იანვარი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სემინარი საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება”, რომელიც გაიმართა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და ქართულ ინსტიტუციებთან (მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან) თანამშრომლობით. სემინარში, მეცნიერ-მკვლევარების გარდა, მონაწილეობა მიიღეს სამუზეუმო სივრცეების ინოვაციურად მოწყობის დარგის მოწინავე იტალიურმა კომპანიებმა. 

 eventi 2 ii seminario

 

 

“როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?”, მესამე სემინარი სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება”
8 თებერვალი
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიის “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება” დასკვნითი ღონისძიება, სემინარი ჭკვიანი ქალაქებისა და ურბანული ცენტრების ახლებურად მოწყობა-რეკვალიფიკაციის თემაზე. ღონისძიება, რომელიც გაიმართა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავდა წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

 eventi 3 iii seminario

 

 

ლეონარდო და ვინჩის აღმოსაჩენად
27 თებერვალი – 29 მარტი
სიმონ ჯანაშია სახ. საქართველოს მუზეუმი

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობდა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ პროექტს – იტალიელი გენიოსის შედევრების ვირტუალურ გალერეას, გამოფენას “ლეონარდო. Opera Omnia”. ერთიან საგამოფენო სივრცეში თავმოყრილი იყო ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომებისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები.
ღონისძიება, რომლის კოორდინატორი საქართველოში იტალიის საელჩო გახლდათ, გაიმართა ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს (იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და ქალაქ თბილისის მერიას) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა კონკურსის “Ibla Grand Prize” სამხატვრო ხელმძღვანელის, პროფ. სალვატორე მოლტისანტის საჯარო ლექცია “ლეონარდო და მუსიკა”.

 eventi 5 leonardo

 

 

რაგუზა იბლადან თბილისში. მუსიკა საზღვრების გარეშე
8 მარტი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის “Ibla Grand Prize” გამარჯვებული მუსიკოსების ყოველწლიური მსოფლიო ტურნე წელს საქართველოს დედაქალაქში დაიწყო – ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა ნიჭიერმა იტალიელმა შემსრულებელმა: ანდრეა ბალდის სახ. კონკურსში (ქ. ბოლონია) გამარჯვებულმა პიანისტმა ფედერიკო ერკოლიმ, სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა კორადო ნერიმ და სილვია ტესარიმ, რომელიც მსოფლიოს უდიდეს პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის.

 eventi 4 ibla concerto

 

 

სემინარი და გამოფენა „დიზაინი და მომავლის ქალაქები”
20 მარტი
ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი

ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომავლის ქალაქებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და საინტერესო იდეებზე, პროექტებსა და გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს ღონისძიებაზე “არქიტექტურა, დიზაინი და მომავლის ქალაქი”, რომელიც გაიმართა იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიის არქიტექტორების, დამპროექტებლებისა და ლანდშაფტის არქიტექტორების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ღონისძიება, რომელიც სემინარისა და გამოფენისგან შედგებოდა, თანამედროვე იტალიურ არქიტექტურას, “ჭკვიან ქალაქებსა” და რესტავრაციას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღეს იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებულმა არქიტექტორებმა, მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ENEA-ს წარმომადგენლებმა.

 eventi 6 design day

 

 

დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის
27 მარტი – 27 მაისი
დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა

ორი თვის განმავლობაში ქართველ მნახველსა და თბილისის მრავალრიცხოვან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის “Pictor Optimus”-ად წოდებული, ჯორჯო დე კირიკოს უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრები (თოთხმეტი ფერწერული ნამუშევარი და ერთი ქანდაკება).
გამოფენა, რომელიც იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, პროგრამის “VivereALL’italiana” ფარგლებში გაიმართა, ერთგვარი მოგზაურობა იყო ხელოვანის სამყაროში, რომელიც იწყებოდა 1923 წლით დათარიღებული სურათით და სრულდებოდა სამოცდაათიან წლებში შექმნილი ერთ-ერთი უკანასკნელი ფერწერული ნამუშევრით.

 eventi 7 de chirico

 

 

იდეიდან წარმოებამდე. იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და დაჯილდოების ცერემონია
15 აპრილი
თბილისის ტექნოპარკი

გაიმართა სემინარი თემაზე: გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან – ბიზნესზე, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარი დასრულდა ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით. კონკურსი დაწესდა 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდისა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

 eventi 8 seminario cotec

 

 

საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” გახსნითი კონცერტი
4 მაისი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

მე-14 საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” გახსნით კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო თამარ ალიბეგაშვილთან და სახელგანთქმულ ალბანელ ტენორთან, ჯუზეპე ჯიპალისთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა იტალიელმა დირიჟორმა ატილიო ტომაზელომ.

 eventi 9 easter festival

 

 

ფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო”. იტალიელი ფოტოგრაფების თვალით დანახული ცხოვრება
4 – 5 მაისი
თბილისის საკრებულოს სარდაფი, იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი

ფესტივალის “ქოლგა თბილისი ფოტო 2019″ ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ორი გამოფენა: 2018 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალზე დაჯილდოებული რომაელი ფოტოჟურნალისტის, კარლ მანჩინის ფოტოექსპოზიცია “Ni una Menos” და ცნობილი ფოტოდოკუმენტალისტისა და იტალიური კულტურის არქივარიუსის, გრაციანო არიჩის გამოფენა “ვენეციური ამბები”, რომელიც ფოტოხელოვანის მშობლიურ ქალაქს ეძღვნება.

 

 eventi 10 kolga

 

 

ევროპის დღე
4 მაისი
რიყის პარკი

იტალიის საელჩომ რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში” ევროპის დღე და სტუმრებს უმასპინძლა. “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტმა” ბავშვებს და მოზარდებს ხატვისა და ძერწვის ღია გაკვეთილები და სხვადასხვა აქტივობები შესთავაზა, იტალიის საელჩოს თანამშრომლებმა კი სტუმრებს ჩვენი კულტურული საქმიანობა და იტალიაში სწავლის შესაძლებლობები გააცნეს.

 eventi 11 eu day

 

 

ქალების ხმა: სამი იტალიელი პოეტი და მწერალი ქალი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე
17 – 19 მაისი
მწერალთა სახლი

მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორი ღონისძიება გაიმართა: შეხვედრა თანამედროვე იტალიური პოეზიის გამორჩეულ ფიგურებთან, ანიტა პისკაცისთან, რიტა პაჩილიოსა და როზარია ლო რუსოსთან და შეხვედრა მელანია მაცუკოსთან, რომლის წიგნები 24 ენაზეა ნათარგმნი. იტალიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით “Strega” დაჯილდოებული რომანი “ვიტა” ახლა უკვე ქართულ ენაზეც ითარგმნა და დაიბეჭდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იტალიური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სხვა ენებზე თარგმნასა და გავრცელებაში.

 eventi 12 festival letteratura

 

 

იტალია-საქართველო, გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისთვის. მოგზაურობა ახლის აღმოსაჩენად
17 – 21 მაისი
იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი საელჩოს, სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მხარდაჭერით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის “იტალია-საქართველო. რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის” შემაჯამებელი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანების, ლორენცო პინჯიტორეს, ანდრეა ბარძაგისა და მანანიკო კობახიძის ნამუშევრები.

 eventi 13 through unfamiliar

 

 

იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული
20 – 26 მაისი
იტალიური სკოლა „ცისკარი”, შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც უცხოეთში იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაციის მიზნით იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება, საელჩომ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება ჩაატარა: ნაჩვენები იქნა ორი მოკლემეტრაჟიანი იტალიური ფილმი (ალექსანდრე სტევანონის “შტრიხი” და ტომაზო სანტის “კრენკი”), გაიმართა შეხვედრა “Solinas” და “Sergio Amidei” პრესტიჟული პრემიებით დაჯილდოებულ იტალიელ სცენარისტთან მიკელე პელეგრინისთან, ჩატარდა ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა დინო ბუცატის რომანს „თათრების უდაბნო”, ლექციის დასასრულს კი გაიმართა ამავე რომანის მიხედვით ვალერიო ძურლინის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება.

eventi 14 fare cinema

არქეოლოგია სკოლაში: სახალისო თამაშებისა და კომიქსის მეშვეობით მოთხრობილი იტალიური არქეოლოგიური მისიების საქმიანობა
28 მაისი – 7 ივნისი

ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს დედაქალაქის 11 სკოლაში განხორციელდა პროექტი „არქეოლოგია სკოლაში”, რომელიც მიზნად ისახავდა, ბავშვებს და მოზარდებს გაეცნოთ არქეოლოგიის პროფესია და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოში განხორციელებული არქეოლოგიური მისიების საქმიანობა. სპეციალურად ამ ინიციატივისთვის, კულტურული ასოციაცია Ikarus-თან თანამშრომლობით, შეიქმნა ანიმაციური ფილმი და ასევე, არქეოლოგიასთან დაკავშირებული სამაგიდო თამაშები და კომიქსები.

 

eventi 14 1 archeologia

 

 

IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში
31 მაისი – 31 აგვისტო
სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში”, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობით შექმნილი შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროსა და იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებაში, რომელიც ხუთ საუკუნეს მოიცავს (ჯოტოს, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელიდან კანალეტოსა და კანოვამდე). გამოფენის განხორციელების იდეა გაჩნდასაქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლისშედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. მულტიმედიური ექსპოზიცია შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დარგში მოწინავე სამი იტალიური კომპანიის (Cose Belle d’Italia Media Entertainment-ის, Centrica-სა და ETT-ის) მიერ.

eventi 15 immagica 

 

იტალიის ეროვნული დღესასწაული: “Made in Italy”, სილამაზის, ხარისხის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინონიმი
3 ივნისი
Silk Factory Studio

იტალიის საელჩომ იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი დაახვედრა: ოთხი გამოფენა (იტალიური სტილის, ტექნოლოგიების, სამზარეულოსა და ბუნების სილამაზის ამსახველი ფოტოექსპოზიციიდან ისტორიული და თანამედროვე ბრენდების საკულტო ნივთების მეშვეობით მოთხრობილი დიზაინის ისტორიამდე, უმშვენიერესი პატარა ქალაქებისა და დასახლებების გამოსახულებებიდან იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული პროექტების ფოტოგალერეამდე); CNAFedermoda-სა და კონსორციუმ Centergross-თან თანამშრომლობით ორგანიზებული მოდის ჩვენება; სახელგანთქმული სოპრანოს, იანო თამარ ალიბეგაშვილის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნები; ვირტუოზი ბანდონეონისტის, მარიო სტეფანო პიეტროდარკის მიერ შესრულებული მორიკონეს, როტასა და პიოვანის მელოდიები; კულინარიული შოუ იტალიელი შეფ-მზარეულის სტეფანო ბოსელის მონაწილეობით. იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი პარტნიორისა და სპონსორის დახმარებით.

 eventi 15 1 festa nazionale

 

 

გამოფენა “სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”
7 ივნისი – 7 ივლისი
მესტიის სვანეთის მუზეუმი

ექსპოზიცია მიეძღვნა ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას და მის ფასდაუდებელ ფოტომემკვიდრეობას: სამი ექსპედიციის დროს (1889, 1890 და 1896) გადაღებულ სურათებს, რომლებმაც იმდროინდელი საქართველოს პეიზაჟები და ადამიანთა სახეები შემოგვინახა. პიემონტელი ჟურნალისტის მონიკა ელენასა და სიცილიელი ფოტოგრაფის სალვატორე კოსტას მიერ შექმნილი მულტიმედიური გამოფენა სრულად დაფინანსდა ჩვენი საელჩოს მიერ და სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 eventi 16 sulle orme di sella

 

 

ცნობილი იტალიელი მუსიკოსის კონცერტი მუსიკის დღესასწაულის აღსანიშნავად
21 ივნისი
ბორჯომი

მუსიკის დღესასწაული საქართველოშიც აღინიშნა: ბორჯომში, თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის, კორადო ნერის კონცერტი. იტალიელმა პიანისტმა შეასრულა დომენიკო მოდუნიოს, ფრიდრიჰ გულდასა და ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებები.

eventi 17 concerto corrado neri

 

 

მილანიდან თბილისში: ლა სკალას თეატრის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე
30 ივნისი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

იტალიური საბალეტო დასის “Spellbound Contemporary” შარშანდელი წარმატების შემდეგ, თბილისის მესამე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის გალა-კონცერტზე სცენაზე წარსდგნენ მილანის ლა სკალას თეატრის სოლისტები: პრესტიჟული პრემიით “Europaindanza” დაჯილდოებული მარტინა არდუინო და მარკო აგოსტინო, რომელმაც წამყვან პარტიებს ასრულებს კლასიკურ საბალეტო სპექტაკლებში.

eventi 17 1 festival di balletto

 

 

იტალიური გამოცდილება: ქალაქისა და ტერიტორიის მოწყობა
27 ივლისი

ურბანულ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით პროექტის “Urban2Days” ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე “ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის პრაქტიკები იტალიის ქალაქების გამოცდილების მაგალითზე”. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ბერტრანდო ბონფანტინიმ და პატრიცია გაბელინიმ ქართველ მსმენელს გაუზიარეს იტალიის გამოცდილება, განიხილეს ტერიტორიული მოწყობის ყველაზე ეფექტური სტრატეგიები და ისაუბრეს ქალაქისა და ტერიტორიის მოწყობის ინოვაციურ ტენდენციებზე.

eventi 18 urban weekend

 

 

ბგერების, სხეულის ენისა და ექსპერიმენტული ცეკვა: იტალიური საცეკვაო დასი Dewey Dell თბილისში
12 სექტემბერი
კლუბი „ხიდი”

ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით თბილისში გაიმართა ინოვაციური ფორმების მუდმივი ძიებითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით გამორჩეული ცეკვის დასის Dewey Dell-ის ორი პერფორმანსი („à elle vide” და “Deriva Traversa”) და წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით “Storm Altas”.

 

eventi 19 dewey dell

 

 

შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
15 – 22 სექტემბერი
ბათუმი

საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების, ბათუმის საავტორო კინოს XIV საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) ფარგლებში ნაჩვენები იქნა სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, მარკო ბელოკიოს ფილმი “მოღალატე”, რომელიც დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიით, მათ შორის, 2 “ოქროს გლობუსით”, 7 “ვერცხლის ფირით” და ფლაიანოს სახელობის პრიზით. ფილმი მოგვითხრობს მაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ტომაზო ბუშეტაზე, რომლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს პიერფრანჩესკო ფავინო.

 

eventi 20 biaff

 

 

იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე. ტრიესტის ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეის საგანძური
27 სექტემბერი – 20 ნოემბერი
დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა

საქართველოს დედაქალაქი ორი თვის განმავლობაში მასპინძლობდა ტრიესტის ძველი ხელოვნების გალერეაში დაცული არაჩვეულებრივი ნამუშევრების ექსპოზიციას “ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე”, რომელიც მოიცავდა იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს, გვიანდელი რენესანსიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე. მნახველს შესაძლებლობა ჰქონდა, დაეთვალიერებინა ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 სურათი და გაცნობოდა იმ ეპოქის ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს, იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების ვრცელ პანორამას.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ იტალიის საელჩო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაიმართა პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ფარგლებში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციის (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს) თანამშრომლობის შედეგად.

 

eventi 21 mostra trieste

 

 

იტალიელი გიტარისტების დუეტი “Blanco Sinacori” საქართველოში ბრუნდება
28 სექტემბერი
სალხინო

ისტორიულმა ადგილმა და კულტურის ცენტრმა სალხინოს სასახლემ უმასპინძლა კამერული მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიური დუეტის “Blanco Sinacori”-ს მონაწილეობით. ახალგაზრდა სიცილიელი გიტარისტების, ალესანდრო ბლანკოსა და ჯუზეპე სინაკორის დუეტი გამოირჩევა ინტენსიური საკონცერტო მოღვაწეობით მთელ მსოფლიოში და მდიდარი რეპერტუარით, რომელიც ორიგინალური თუ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, მოიცავს გიტარისთვის გადამუშავებულ ცნობილ საოპერო არიებსა და უვერტიურებს.

 

eventi 22 salkhino

 

 

მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში
3 ოქტომბერი
ჯანსუღ კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის” ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე წარსდგნენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ვირტუოზი სიმონიდე ბრაკონი და ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული,მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი. კონცერტზე, ვივალდის, გრიგისა და ბრუხის კლასიკური ნაწარმოებების გარდა, შესრულდა პენდერეცკისა და კახიძის თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებები.

 

eventi 23 cameristi della scala

 

 

ანტიკური რომის შთამბეჭდავი მოზაიკა თბილისში
9 ოქტომბერი – 10 დეკემბერი
სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობდა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული, ძვ.წ.აღ.II – ჩვ.წ.აღ.IV საუკუნეებით დათარიღებული 21 შთამბეჭდავი მოზაიკა. ეს ნამუშევრები ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებსა და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს, ასევე, იმდროინდელი დამკვეთების გემოვნების და მოდის ცვლილებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილმა ვრცელმა და დეტალურმა საილუსტრაციო მასალამ, ტაბლეტზე ჩატვირთულმა მულტიმედიურმა გზამკვლევმა, 3D ფილმმა და სპეციალურად შექმნილმა ვებგვერდმა დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გასცნობოდნენ მოზაიკის სხვადასხვა ტიპსა და ტექნიკას.

 

eventi 24 mostra mosaici

 

 

Dökk, როცა თეატრი ციფრულ ლაივ-პერფორმანსად იქცევა
19 ოქტომბერი
კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრი

თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, იტალიურმა საპროდუქციო კომპანია და თეატრალურმა სტუდია Fuse-მა, რომელიც თავის შემოქმედებაში ახალ გამომსახველობით ფორმებს, ციფრული ტექნოლოგიებსა და სცენური სივრცის ახლებური მოწყობის ხერხებს იყენებს, წარმოადგინა იმერსიული სპექტაკლი Dökk, ელენა ანოვის შესრულებით.

 

eventi 25 dokk

 

 

L’italiano va in scena
21 – 27 ოქტომბერი

იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, მიეძღვნა თემას “იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის”იტალიური ენა სცენაზე”. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა საელჩომ უამრავი ღონისძიება მოამზადა: საქართველოს 33 სკოლაში, სადაც იტალიური ენა ისწავლება, ჩატარდა გაკვეთილები და კონცერტები, რომლებიც კომედია დელ არტესა და იტალიურ სიმღერას მიეძღვნა; დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა მარიონეტების საოპერო სპექტაკლი “სევილიელი დალაქი”; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციას “მინერვას” ორგანიზებით გაიმართა კონცერტი და თეატრალური წარმოდგენა იტალიურ ენაზე. კვირეული დასრულდა შეხვედრით ოთხმოცდაათიანი წლების ლიტერატურული მიმდინარეობის “კაციჭამია ავტორების თაობის” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან, მწერალთან, პოეტსა და კრიტიკოსთან ალდო ნოვესთან.

 

eventi 26 settimana lingua

 

 

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების გადასარჩენად
9 ნოემბერი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი

ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე”ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. კონცერტში, სახელგანთქმულ ქართველ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანტონელო პალომბიმ.

 

eventi 26 1 concerto surguladze

 

 

შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან
13 ნოემბერი
შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია. რიგით მეხუთე ფესტივალის გახსნით კონცერტზე სცენაზე წარსდგა ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი შესანიშნავი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო, რომელმაც ვივალდის, ლეოს, სკარლატის, გალუპისა და სხვა კომპოზიტორთა მუსიკალური შედევრები შეასრულა.

 

eventi 27 barocco

 

 

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული
18 – 24 ნოემბერი

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული წელს უკვე მეოთხედ გაიმართა და მისი თემა იყო: “ჯანსაღი კვებისა და გემოს კულტურა”. კვირეულის აღსანიშნავად ჩვენმა საელჩომ ძალიან საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა:დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა, კონკურსში ,,მაკარონის ხელნაკეთობები” გამარჯვებულთა დაჯილდოება და პრესტიჟული კულინარიული აკადემიის “Campus Etoile Academy”-ს შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული ვახშამი; ტუშას უნივერსიტეტის პროფესორების მასტერკლასი ხმელთაშუა ზღვის დიეტის უპირატესობებზე და ხმელთაშუა ზღვის რაციონის კერძების დეგუსტაცია; სახელგანთქმული შეფ-მზარეულის იტალო ბასის მიერ მომზადებული ვახშმები მაღალი სამზარეულოს კერძებით. გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქის მთელ რიგ რესტორნებში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები ახალი კერძებითა და სპეციალური მენიუთი.

 

eventi 28 settimana della cucina

 

 

ბუნებისა და ნოსტალგიის პოეტის, ტონინო გუერას გახსენება
20 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი

იტალიელი პოეტის, მწერლისა და სცენარისტის, ტონინო გუერას მოახლოებულ ასი წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის ფილმის “გამარჯობა, ქარი ქრის” ჩვენება. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩვენი საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვითხრობს დიდი პოეტის ცხოვრებაზე, რომელმაც თავისი კვალი კინოსაც დაამჩნია.

 

eventi 29 tonino guerra

 

 

იტალიური სტენდის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე
30 ნოემბერი
სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”

იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. იტალიურმა სტენდმა, სპონსორების, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი. გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.

 

eventi 30 bazar di natale

 

 

შეხვედრა იტალიურ კინოსთან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
4 – 6 დეკემბერი
კინოთეატრი „ამირანი”

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ევროპული კინოს ფორუმზე, იტალიას ორი ფილმი წარმოადგენდა: კამპანიელი რეჟისორის პიეტრო მარჩელოს ფილმი “მარტინ იდენი”, რომელიც ტორონტოს კინოფესტივალის პროგრამის “პლატფორმის” გამარჯვებულია (ხოლო მთავარი როლის შესრულებისთვის მსახიობი ლუკა მარინელი “ვოლპის თასით” დაჯილდოვდა) და მარკო ბელოკიოს მრავალრიცხოვანი პრემიის (მათ შორის, 2 “ოქროს გლობუსის”, 7 “ვერცხლის ფირის” და ფლაიანოს სახელობის პრიზის) მფლობელი ფილმი “მოღალატე”.

 

eventi 31 festival del cinema

 

 

მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის
2019 წლის 10 დეკემბერი – 2020 წლის 19 თებერვალი
დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა

გამოფენა “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” გაიმართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ფარგლებში, ჩვენი საელჩოს ორგანიზებით და ორი ქვეყნის ინსტიტუციების თანამშრომლობის შედეგად. ერთიან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქანდაკების თითქმის ორი ათასი წელი: მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილი რომაელთა სახეები, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები და ქრისტიანობის მთავარი ფიგურები – 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენდა ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

 

eventi 32 roma aeterna