ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
2018 წლის 26 იანვარი
იტალიური სკოლა “ცისკარი”

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ, იტალიურ სკოლა “ცისკართან” თანამშრომლობით, გამართა რობერტო ფაენცას ფილმის “ანიტა ბ” ჩვენება, რომელიც გადაღებულია ედიტ ბრუკის რომანის “ცაში რამდენი ვარსკვლავია” მიხედვით.

eventi anita b


მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები

2018 წლის 2 თებერვალი – 3 აპრილი
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

ორი თვის განმავლობაში ქართველ დამთვალიერებლებსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ მიქელანჯელოს ექვსი ჩანახატი, რომლებიც დაცულია ფლორენციის მუზეუმში „კაზა ბუონაროტი“, სადაც მიქელანჯელოს ჩანახატებისა და ხელნაწერების ყველაზე მდიდარი კოლექცია ინახება.
რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის, მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის “ადამის შექმნა” და ფიგურები ფრესკისთვის “სამოთხიდან განდევნა”) საქართველოში პირველად გამოიფინა.
იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი” და კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით გამართული გამოფენა სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ეს ინსტიტუციებია: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“.

eventi michelangelo


სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

2018 წლის 12 აპრილი
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული მე-13 საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” პირველ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა იტალიელმა მუსიკოსებმა, პრესტიჟული კონკურსის Operalia-ს გამარჯვებულმა ბარიტონმა ვიტორიო ვიტელიმ და სახელგანთქმულმა დირიჟორმა ატილიო ტომაზელომ.

eventi dalla pasqua allascensione


სელა და კარდელი, დიდი იტალიელი ფოტოგრაფები ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო 2018”

2018 წლის 5 მაისი

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ფესტივალის “ქოლგა თბილისი ფოტო 2018” ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ორი გამოფენა: იტალიელი მოგზაურის, ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას (1859-1943წწ.) მიერ ფირზე აღბეჭდილი საქართველოს სილამაზე და ქართული ტრადიციები და მოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის ფოტოექსპოზიცია “ჩემი სახე შენი პეიზაჟია”.

eventi max cardelli 3


დიდი იტალიური ხელოვნება საქართველოში და ოთხი ახალი გამოფენა: ტიციანი, რენესანსი, ბაროკო და თანამედროვე კრეატიულობა

2018 წლის მაისი – ნოემბერი
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

დიდი იტალიური ხელოვნება თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად: ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, საქართველოს ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდოსტატების ნამუშევრები ეწვია.
ოთხი ახალი გამოფენა ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიური მხრიდან – იტალიის საელჩო, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორიაა: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით” (15.05.2018 – 12.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუში, რომელიც დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში.

eventi tiziano madonna albertini


„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები”
(25.05.2018 – 26.08.2018) – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა, რომელიც გაიმართა გაიმართა კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენილი შედევრების ავტორებს შორის იყვნენ რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

eventi piero di cosimo testa di vecchio


“Evidence. A New State of Art”
(25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელმაც მოგვითხრო თანამედროვე იტალიურ ხელოვნებაზე გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და გააერთიანა სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებული ხედვითა და გამომსახველობითი ენით შექმნილი ნამუშევრები.

eventi igav


„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო”
(11.09.2018 – 25.11.2018) – თემატურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში. ეს ექსპოზიცია გახლდათ იმ ჟანრებისა და მხატვრობის სტილების ვრცელ პანორამა, რომლებმაც ბაროკოს ფერებით, თეატრალური ეფექტებით, შუქჩრდილებითა და კონტრასტებით მდიდარი ესთეტიკა განსაზღვრა, მასზე წარმოდგენილი იყო ჯოვან ლორენცო ბერნინის, “ბაჩიჩოს” სახელით ცნობილი ჯოვან ბატისტა გაულის, კავალიერ დ’არპინოს, მატია პრეტის, ანდრეა და კორტონასა და სხვა ოსტატების ნამუშევრები.

eventi barocco


ცოცხალი წიგნები: იტალიური პოეზია საქართველოში

2018 წლის 14 – 16 მაისი

მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოში “პოეტები თარგმნიან პოეტებს” მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იტალიელმა პოეტებმა მილო დე ანჯელისმა, კლაუდიო პოცანიმ, დომენიკო ბრანკალემ და ფრანჩესკო იანონემ. ეს ღონისძიება პოეზიის თარგმნაზე, მთარგმნელის მნიშვნელობასა და როლზე მსჯელობის შესანიშნავი შესაძლებლობა გახლდათ.

eventi poeti italiani


კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

2018 წლის 2 ივნისი
აბრეშუმის ფაბრიკა

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსულ მრავალიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა გამოფენები, მოდის ჩვენება და უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. „Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში წარმოდგენილი იყო იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი: იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები CNAFedermoda-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მოდის ჩვენებაზე და იტალიური დიზაინის კონცეფციები გამოფენაზე „Italianism”; იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველო და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის დღევანდელი პეიზაჟებისა და ადამიანთა სახეების ფოტოექსპოზიცია; გასტრონომიასთან დაკავშირებული იტალიური ხელოვნების შედევრების ნამდვილი ფოტოგალერეა და კონკურსში „იტალიური არქიტექტურის ახალგაზრდა ტალანტები” გამარჯვებული პროექტების ფოტოგამოფენა.
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები და სხვადასხვა სიმღერები ანსამბლმა „რუსთავმა” შეასრულა, წვეულების ბოლოს კი გაიმართა ავიაკომპანიების “Georgian Airways”-სა e “Wizz Air”-ს მიერ შეთავაზებული, ბოლონიის, რომისა და მილანის ავიარეისების ბილეთების გათამაშება.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით.

eventi 2 giugno 2018


თანამედროვე იტალიური საბალეტო დასი “Spellbound” თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე

2018 წლის 23 – 24 ივნისი
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

თანამედროვე იტალიური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურის, მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია და შესანიშნავი შესრულება – უამრავ იტალიურ თუ ევროპულ ფესტივალში მონაწილების შემდეგ, თანამედროვე იტალიური საბალეტო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, დასი “Spellbound Contemporary Ballet“, ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით, თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს ესტუმრა და წარმოადგინა ორი საბალეტო სპექტაკლი “Formami” და “Rossini Ouvertures”.

eventi spellbound rossini


იტალიური მონაწილეობა რეგიონული თეატრების ფოთის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში

2018 წლის 21 – 30 ივლისი

თეატრალური ცხოვრების ინტენსიური დღეები, ქართული და უცხოური დასები, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი კრიტიკოსი და ჟურნალისტი, სემინარები, მასტერკლასები და სპექტაკლები, მათ შორის, უილიამ შექსპირის პიესა “ამაო გარჯა სიყვარულისა” იტალიელი მსახიობის, თეატრალური რეჟისორისა და დრამატურგის, კლაუდიო დე მალიოს ინტერპრეტაციით.

eventi festival teatri regionali di poti


შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

2018 წლის 22 სექტემბერი
ბათუმის კინოთეატრი “აპოლო”

იტალიური ფილმის მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში: კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი “ბედნიერი ლაზარე” (რეჟ. ალიჩე რორვახერი, 2018) ბათუმის საავტორო კინოს მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზით (საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება და კრიტიკოსთა პრიზი) დაჯილდოვდა.

eventi biaff lazzaro 1


ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება

2018 წლის 26 სექტემბერი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით გაიმართა ჩვენი საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპი “იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება”. ვირქშოპისა და მასზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მთავარი თემები გახლდათ: მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული არტეფაქტები, გამოსახულებების დიგიტალიზაცია და მათი შედარებითი შესწავლა. იტალიის კვლევების საბჭოსა და უნივერსიტეტის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მოწინავე იტალიურმა კომპანიები, როგორიცაა ETT, Centrica და Cose belle d’Italia.

eventi festival innovazioni


სახელგანთქმული იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი”

2018 წლის 26 სექტემბერი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალში „შემოდგომის თბილისი”-ს მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მუსიკოსმა დომენიკო ნორდიომ, რომელიც მსმენელის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.

eventi concerto nordio


იტალიელი ქუჩის მხატვარი მილო თბილისში

2018 წლის ოქტომბერი
ფაბრიკა

ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი სტრიტ-არტისტი საქართველოს დედაქალაქს ეწვია: გამორჩეული სტილის მქონე მხატვრისთვის, “მილოს” სახელით ცნობილი იტალიელი ფრანჩესკო კამილო ჯორჯინოსთვის უზარმაზარ “ტილოდ” ამჯერად თბილისის მულტიფუნქციური არტ-სივრცის “Fabrika” ინდუსტრიული ფასადი იქცა.

eventi millo


გამოფენა “იტალია და საქართველო. მეგობრობის ისტორია”

2018 წლის 19 ოქტომბერი – 19 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული არქივი

იტალიასა და საქართველოს მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას მიეძღვნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის ამსახველი დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა. გამოფენა გაიმართა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით, იტალიის კვლევების საბჭოსთან (CNR) და იტალიის სხვადასხვა არქივებთან თანამშრომლობით.
ეს ექსპოზიცია გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა დროში, ჩანახატებისა და ხელნაწერების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მასალების, ოფიციალური ვიზიტებისა თუ სტუდენტური გაცვლების ამსახველი ფოტოსურათების, იტალიელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი პარტიზნების, ცნობილი მსახიობებისა და მომღერლების ფოტოების მეშვეობით.

eventi mostra amicia georgia italia


თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისის ტრიენალე”

2018 წლის ოქტომბერი – ნოემბერი

თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალის “თბილისის ტრიენალე” ფარგლებში გაიმართა ვორქშოპი თემაზე “მშენებლობა ნუბიური კომპასით”, რომელსაც გაუძღვა იტალიელი არქიტექტორი ლუიჯი დი პიეტრო, ფაბრიციო კაროლას სტუდიის ხელმძღვანელი. ამ საგანმანათლებლო ვორქშოპის მეშვეობით, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, 15 სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა, ფაბრიციო კაროლას ტექნიკას გაცნობოდნენ.

eventi triennale


თბილისის არქიტექტურული ბიენალე 2018

2018 წლის 26 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

არაფორმალური არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, ქალაქის იერსახის ტრასფორმაციული პროცესები და სხვა საინტერესო თემები განიხილებოდა თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე. ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა თემას ,,მხოლოდ შენობები არ კმარა”, მონაწილეობა მიიღო ქ. ვენეციის არქიტექტურული ბიუროს “Babau Bureau” დამფუძნებელმა სტეფანო ტორნიერიმ.

eventi biennale

“სიტყვის კაცი”, ლუიჯი მანტოვანი. ცხოვრება ლექსიკონებსა და გრამატიკას შორის

2018 წლის 29 ოქტომბერი
კინოს სახლი

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეული მიეძღვნა თემას “იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის”. კვირეულის ფარგლებში ჩვენი საელჩოს ორგანიზებით უამრავი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის ლელა ბერიძის მიერ გადაღებული ფილმის “სიტყვის კაცი” ჩვენება, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა. ფილმი მოგვითხრობს დონ ლუიჯი მანტოვანიზე, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქართული ენისა და კულტურის შესწავლასა და კვლევას მიუძღვნა.

eventi luigi mantovani


ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”

2018 წლის 1 – 5 ნოემბერი

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”, რომელმაც წელს მაყურებელს “სარდინიული კულტურის დღეები საქართველოში” შესთავაზა, განხორციელდა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს, იტალიის საელჩოს, სარდინიის ნაციონალური თეატრის, ქ. კალიარის მერიის, სარდინიის ფონდისა და სარდინიის ავტონომიური რეგიონის ხელშეწყობით. პროგრამაში იყო: სარდინიის ეროვნული თეატრის დირექტორის მასიმო მანჩინისა და დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის “Tramedautore”-ს სამხატვრო ხელმძღვანელის მიკელე პანელას სემინარი “პასუხი მომავალს”; შექსპირის პიესა “მაკბეტი” ალესანდრო სერას ინტერპრეტაციით სარდინიულ ენაზე; “დონატელოს დავითით” დაჯილდოებული ფილმის “სიზმრების ქსოვილი” (რეჟ. ჯანფრანკო კაბიდუ) ჩვენება; სარდინიული ხალხური მუსიკის გუნდის “Tenore Murales” კონცერტი და შეხვედრა პოეტთან, მწერალთან, დრამატურგსა და სცენარისტთან მარჩელო ფოისთან, რომელიც თანამედროვე სარდინიული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულ ფიგურად არის აღიარებული.

eventi gift


იტალიური სამზარეულოს მესამე მსოფლიო კვირეული

2018 წლის 19 – 25 ნოემბერი

იტალიური სამზარეულოს მესამე მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავად ჩვენმა საელჩომ ძალიან საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა: შეხვედრები მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ მზარეულებთან მარკო კოლეონისთან და უმბერტო კავინასთან, დეგუსტაციები და ვახშმები, ახალი იტალიური რესტორნების გახსნა და კომერციული სახის ღონისძიებები. ჩატარდა კულტურული ღონისძიებებიც: იტალიური მოდის ჩვენება და დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინის გარდაცვალების 150 წლისთავთან დაკავშირებული კონცერტი. საქართველოში იტალიური სასურსათო ნაწარმის (Made in Italy) პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) თბილისის წარმომადგენლობის მიერ ჩაფიქრებული კამპანია “იტალიური გემო გამორჩეულია”, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი რესტორნები, მაღაზიათა ქსელები და სასურსათო სფეროში მომუშავე კომპანიები.

eventi settimana della cucina


იტალიური ბაროკო თბილისში: არა მხოლოდ მხატვრობა, არამედ მუსიკაც

2018 წლის 22 – 25 ნოემბერი
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

უკვე ტრადიციად იქცა “თბილისის ბაროკო ფესტივალზე” იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა: ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მსმენელის წინაშე ორი კონცერტით წარსდგა იტალიური ანსამბლი Zefiro და ბაროკოს ბრწყინვალე ეპოქის მუსიკალური ნაწარმოებები ავთენტური ჩასაბერი საკრავებით შეასრულა.

eventi festival musica barocca


იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

2018 წლის 1 დეკემბერი
რადისონ ბლუ ივერია

იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. იტალიურმა სტენდმა, სპონსორების, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი. გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.

eventi bazar di natale


იტალია, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი

2018 წლის 3 – 9 დეკემბერი
კინოთეატრი “ამირანი”

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში “ქვეყანა ფოკუსში – იტალია”, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, იტალია წარმოდგენილი იყო რვა ფილმით (თითქმის ყველა ფილმი გადაღებულია 2018 წელს) და ერთი საკონკურსო ფილმით: “ბიჭები ტირიან”, “ჩემი ქალიშვილი”, “ბედნიერი ლაზარე”, “კაპრი-რევოლუცია”, “იმედის მანკიერება”, “სუსპირია”, “გახსოვს?” “ქალის სახელი”, “ეიფორია”.

eventi festival del cinema


დიდი იტალიელი რეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის გახსენება

2018 წლის 19 დეკემბერი
ახალი ქიმერიონი

იტალიის საელჩომ, “სკოლა – Skola Creative Community Space“-სთან თანამშრომლობით, გამართა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, სცენარისტისა და კინოპროდიუსერის, ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის “სიკვდილი ცელით” ჩვენება.

bertolucci poster copia


იტალიელი საოპერო მომღერალი საერთაშორისო ფესტივალზე “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”

2018 წლის 21 დეკემბერი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

მრავალფეროვანი ღონისძიებებით, სიურპრიზებითა და უამრავი ემოციით აღსავსე წელიწადი დასრულდა 21-ე საერთაშორისო ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” ფარგლებში გამართული კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა ნიჭიერმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა ალიჩე კვინტავალამ მიიღო. კონცერტზე შესრულდა არიები ვერდის, დონიცეტისა და პუჩინის ოპერებიდან.

eventi alice quintavalla