ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

თანამედროვე იტალიური ხელოვნება აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე

თანამედროვე იტალიურ ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას “აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან”, რომელიც ღია იქნება მნახველისთვის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8).

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც “აბრეშუმის გზის” გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა (გავიხსენოთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა “Evidence. A New State of Art”, რომელიც 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. აქვე ვახსენოთ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამაც ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის).

გამოფენილი 38 ნამუშევარი (8 მათგანი ფარნეზინას კოლექციაშია დაცული) წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს და განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით (ფერწერით, ფოტოგრაფიითა თუ ინსტალაციით) შექმნილ ნამუშევრებს. ექსპოზიციის სამი ძირითადი თემა მოგზაურობას, სიახლესთან შეხვედრასა და აღმოჩენას უკავშირდება.

საქართველოს დედაქალაქის შემდეგ, გამოფენა გეზს აღმოსავლეთისკენ აიღებს და საბოლოოდ, 2022 წელს, ჩინეთში დასრულდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები: კარლა აკარდი, მარიზა ალბანეზე, იური ანკარანი, ფრანჩესკო არენა, ენრიკო ბაი, გაბრიელე ბაზილიკო, ბიანკო-ვალენტე, ალიგიერო ბოეტი, დიეგო ჩიბელი, ჯანი დესი, პამელა დიამანტე, ფლავიო ფაველი, ეუჯენიო ჯილიბერტი, პაოლო გრასინო, ემილიო ისგრო, მიმო იოდიჩე, ფრანჩესკო იოდიჩე, ჯენის კოუნელის, მარია ლაი, ლუიჯი მაინოლფი, დომენიკო ანტონიო მანჩინი, უმბერტო მანცო, მასბედო, საბრინა მეძაკუი, მარცია მილიორა, ნინო მილიორი, ნუნციო, ლუიჯი ონტანი, მიმო პალადინო, ჯულიო პაოლინი, პერინო&ველე, მიქელანჯელო პისტოლეტო, ტამარა რეპეტო, პიეტრო რუფო, ეტორე სპალეტი, The Cool Couple, ეუჯენიო ტიბალდი, ფაბიო ვიალე.